24 თებერვალი ისტორიაში

24 თებერვალი ისტორიაში

229351
24 თებერვალი ისტორიაში

24 თებერვალი ისტორიაში

1793 წლის 24 თებერვალს ოსმანეთის სულთანმა სელიმ მესამემ სპეციალური ფირმანი გამოსცა, რომლითაც ამ იმპერიაში რეგულარული არმიის Nizam-ı Cedid-ის შექმნა დაიწყო. ოსმანეთს ასეთი ნაბიჯის გადადგმა აიძულა რუსეთთან დამარცხებამ, რადგან ამ დამარცხებაში თურქებმა მანამდე იმპერიაში მოქმედი შეიარაღებული ფორმირება იანიჩარები დაადანაშაულეს და მიხვდნენ, რომ დადგა დრო ისეთი რეგულარული და მობილიზებული არმიის შექმნისა, როგორებიც უკვე მოქმედებდნენ ევროპის ქვეყნებში და რუსეთში. არმიის გარდა სელიმმა რეფორმების დაწყება სხვა სფეროებშიც სცადა, მაგრამ მისი ყველა ეს მცდელობა იმჟამად კრახით და წარუმატებლად დასრულდა. 1807 წელს კი იანიჩარები კიდევ ერთხელ აჯანყდნენ და დაუპირისპირდნენ რა სულთანს, ამით ოსმანეთში ბოლო წერტილი დაესვა რეგულარული არმიის შექმნას

1910 წლის 24 თებერვალს 68 წლის ასაკში სტამბოლში გარდაიცვალა ცნობილი თურქი მხატვარი ოსმან ჰამდი ბეი. სწორედ ჰამდი ბეი ითვლება ოსმანეთში, კონკრეტულად კი სტამბოლში როგორც პირველი სამხატვრო აკადემიის, ასევე პირველი არქეოლოგიური მუზეუმის ფუძემდებლად. მან მართალია პარიზის იურიდიული უნივერსიტეტი დაასრულა, მაგრამ, მხატვრობა აირჩია და ამ გზამ იგი 1881 წელს ოსმანეთის იმპერიის მუზეუმის ხელმძღვანელობამდე მიიყვანა. ჰამდი ბეი პირველ თურქ არქეოლოგადაც ითვლება და მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ნემრუდის მთისა და ლაგინას არქეოლოგიურ გათხრებში, რომლის დროსაც აღმოჩენილ იქნა მსოფლიო არქეოლოგიის ერთ ერთი უდიდესი შედევრი ალექსანდრე მაკედონელის სარკოფაგი. ჰამდი ბეის ნახატებს შორის კი ყველაზე პოპულარულებს “კუს მომთვინიერებელი“ და “თეთრი ცხენი ბრძოლისას“ წარმოადგენენ, რომელთა ღირებულებებიც ათობით მილიონი დოლარით განისაზღვრება.

1918 წლის 24 თებერვალს შავიზღვისპირა ქალაქი ტრაპიზონი გაანთავისუფლეს მტრის ოკუპაციისაგან. ეს ქალაქი პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, კონკრეტულად კი 1916 წელს აიღეს რუსეთ-სომხეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, რომელთაც იმ დროს წინააღმდეგობას მხოლოდ ადგილობრივი ძალები უწევდნენ, რადგან ოსმალური არმია იმ დროს ფაქტიურად აღარ არსებობდა. ადგილობრივი ძალების 2 წლიანმა გმირულმა წინააღმდეგობამ დადებითი ნაყოფი გამოიღო და რუსეთ-სომხეთის ფორმირებებმა 1918 წლის 24 თებერვალს ტრაპიზონი დატოვეს და გაქცევით უშველეს თავს.

1954 წლის 24 თებერვალს პირველად ისტორიაში შავი ზღვიდან წამოსულმა ყინულის ლოდებმა ისე ჩახერგეს ბოსფორის სრუტე, რომ საზღვაო მიმოსვლა შეწყდა. ყინულის ლოდები კი შავ ზღვაში მდინარე დუნაიმ ჩაიტანა და საერთოდ 1954 წელი ერთ ერთ ყველაზე ცივ ზამთრად ითვლება თურქეთისა და ბალკანეთის ქვეყნებისათვის. მას შემდეგ ასეთი რამ ბოსფორის სრუტეში აღარასოდეს განმეორებულა.



მსგავსი ინფორმაციები