„ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ 01/2017

„ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ 01/2017

181223
„ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ 01/2017

ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ 01/2015

მოგესალმებით. გადავწყვიტეთ თქვენთვის სრულიად ახალი ფორმატის გადაცემა გაგვეკეთებინა. „ლიტერატურა ჩაის თანხლებით“, ასე ჰქვია ახალ გადაცემას. ჩვენ ვიმოგზაურებთ ხელოვნების ლაბირინთებში, მათ შორის ლიტერატურა კი მთავარ ადგილს დაიჭერს. ვისაუბრებთ ქართველი და თურქი, ჩვენი თუ წინა საუკუნეების, მწერლების შესახებ, შევეცდებით მათ შორის კავშირებისა და პარალელების პოვნას, ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა ადგილი უჭირავს ამ ორი ერის მწერლებს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს შორის.

ჩვენი პირველი გადაცემა ქართველი თანამედროვე მწერლის, დათო ტურაშვილის, რომან „ჯინსების თაობა’’-ს ეძღვნება. რომანი თურქულადაც ითარგმნა ფარნა-ბექა ჩილაშვილის (Fahrettin Çiloğlu) მიერ. ამიტომაც ეს ნაწარმოები ორმაგად საინტერესო არის ჩვენთვის. ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორი გამოხატულება ჰქონდა კომუნიზმს 80-იანი წლების საქართველოში და რა რეაქციით შეხვდა ამ რეჟიმს ქართული ახალი თაობა. საინტერესოა, როგორი მდგომარეობა იყო ამ პერიოდის თურქეთში. როგორ იყო განწყობილი თურქი ახალგაზრდა თაობა კომუნისტური იდეოლოგიისადმი.

დათო ტურაშვილის ეს რომანი გამოსვლისთანავე (2001) „ბესტსელერად“ იქცა.
რომანს წინ უძღვის ანტონიო მაკადოს ბოლო სიტყვები: „ის ცისფერი დღეები და ბავშვობის მზე...“. შეიძლება ითქვას, 80-იანი წლების საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დასამხობად და ქვეყანაში ახალი პერიოდის დასაწყებად სიტუაცია მომწიფებული იყო. სიახლე კი, რა თქმა უნდა, ახალ თაობას უნდა მოეტანა. რომანის თემად დათო ტურაშვილმა სწორედ ის ამბავი შეარჩია, რომელიც 1983 წლის საქართველოში მოხდა და დღემდე საკამათო საკითხია; შერაცხონ ამ ამბის მონაწილენი გმირებად თუ უბრალოდ თვითმფრინავის გამტაცებლების სახელი დარჩეთ.

„ჯინსების თაობა“, ამ სახელით შემორჩნენ თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდები საქართველოს უახლეს ისტორიას.

საქართველოში კომუნისტური რეჟიმიდან გამომდინარე საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებით ევროპასა და ამერიკაში გამგზავრებას, ის რკინის ფარდა უშლიდა ხელს, რომელიც მხოლოდ ამ რეჟიმის დამხობის შემდეგ შეიძლებოდა, რომ გაუქმებულიყო. ამ ფარდის ახდა ცნობილი ქართული ინტელიგენციის შვილებმა გადაწყვიტეს და 1983 წლის 18 ნოემბერს ტ-134 დასახელების მგზავრებით სავსე თვითმფრინავი თურქეთის მიმართულებით გაიტაცეს, რა თქმა უნდა, მათი მიზანი უმსხვერპლოდ, ადამიანთა დაღუპვის გარეშე ამერიკაში მოხვედრა იყო. 7 კაცისაგან შემდგარი ახალგაზრდა ჯგუფის განზრახვა იმდროინდელი საქართველოს მთავრობის განკარგულებით ჩაიშალა და თვითმფრინავის გამტაცებლები ტერორისტებად მონათლეს. ჯგუფის წევრები დახვრიტეს, მათ შორის ერთი ბერი იყო. მათი დაკრძალვის ადგილიც კი უცნობი დარჩა. მხოლოდ 15 წლის შემდეგ მშობლებმა შვილების საფლავს მიაგნეს და მათი ამოცნობა ჯინსებით შეძლეს.

საინტერესოა რომანის სათაური “ ჯინსების თაობა“. ჯინსები სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს და თავისუფლების, კომუნისტების მიერ ყოველივე აკრძალულის წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველია.

80-იანი წლების თურქეთში ახალგაზრდულ მოაზროვნე წრეებში სრულიად სხვა სიტუაციას ვხედავთ. კომუნიზმი და ზოგადად, ეს იდეოლოგიური მოძღვრება, თურქეთში თავისუფლებისა და თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალებად იქცა. თუკი ჩვენთან იდეოლოგია რეჟიმად და მმართველობის მახინჯ ფორმად იქცა, თურქეთში პირიქით, იდეოლოგია იოდეოლოგიად დარჩა და მას მმართველობის სახე არ მიუღია. ამიტომაც სოციალიზმის ძირეული სახე თურქი ახალგაზრდობისთვის მიმზიდველი და სრულიად განსხვავებული ხედვის საფუძველი გახდა. თურქული ლიტერატურული სამყაროს კორიფეებიდან, ნაზიმ ჰიქმეთის (ნაზიმ ჰიქმეთი-მწერალი, საზოგადო მოღვაწე, რომელმაც ცხოვრების ნახევარი ციხეში მხოლოდ იმიტომ გაატარა, რომ კომუნისტური იდეოლოგიის მეხოტბე იყო. მისი საფლავი დღემდე მოსკოვშია) მაგალითიც კმარა იმის გამოსახატად თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ სოციალიზმის მხარდამჭერებისადმი. მათ სჯიდნენ, აპატიმრებდნენ, უკრძალავდნენ წერას. ნაზიმ ჰიქმეთი კი თავისუფალი აზრის ერთადერთ გამოხატვის საშუალებად ამ იდეოლოგიას მიიჩნევდა.
უცნაურია, ორი მეზობელი ქვეყნის ერთი იდეოლოგიისადმი ასეთი რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება. მაგრამ ეს ფაქტია და ამ ფაქტმა გამოხატულება ლიტერატურაშიც ჰპოვა. ნაზიმ ჰიქმეთის ავტობიოგრაფიულ 3 ტომეულ რომანში „ცხოვრება მშვენიერია, ძმაო“, მწერალი მოგვითხრობს თავს გადახდენილ ამბებს, ციხეში გატარებულ დღეებს. რომანში დიდი ადგილი ეთმობა მწერლის რუსეთში მოგზაურობის ამბების აღწერასაც. ნაზიმ ჰიქმეთი საოცრად დახვეწილი ლიტარატურული ენით გვიყვება იმ ტანჯვის შესახებ, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისი სოციალისტური ხედვის გამო ხვდა წილად.
თუმცა ნაზიმ ჰიქმეთის მთავარი მამოძრავებელი მიზანი, თუნდაც ის რომელიმე იდეოლოგიით ყოფილიყო ნასაზრდოები, მისი ლექსის ამ ოთხ სტრიქონშიც გამოიხატება:

„მე თუ არ დავიწვი,
შენ თუ არ დაიწვი,
ჩვენ თუ არ დავიწვით,
ბნელს ვინ გაანათებს...“

შეიძლება ითქვს, რომ ქართული და თურქული ახალგაზრდა თაობების დამოკიდებულება თავისუფლებისადმი მსგავსია, თავისუფლება ორივე მხრისათვის პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, მხოლოდ გამოხატვის საშუალებები (იქნება ეს იდეოლოგია თუ სხვა რამ) განსხვავდება. მაგრამ მსხვერპლი თავისუფლებას ყოველთვის ახლავს, დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემად არჩეული ქართული და თურქული რომანები სწორედ ამის მაგალითია. ორივე მხარეს იწირებიან ადამიანები, რათა სხვას თავისუფლების გზა დაანახონ.

ალბათ საინტერესოა თქვენთვის, თუ რა სახის ლიტერატურა იქცა თურქეთში „ბესტსელერად“ იმ პერიოდში, როცა საქართველოში წიგნის მაღაზიის თაროებზე „ჯინსების თაობა“ გამოჩნდა.
ეს რომანებია:

აჰმეთ ალთანი-სიყვარული აჯანყების დღეებში
ვედათ თურქალი-კომუნისტი
ოია ბაიდარი-ცხელი ფერფლი დარჩა
ლათიფე თექინი-ტყეში სიკვდილი არ ყოფილა

იმ პერიოდის ყველაზე გაყიდვად წიგნად კი აიფერ თუნჩის „თუ წინააღმდეგი არა ხართ, დედაჩემი თქვენთან მოვა“ სახელწოდების რომანი იქცა. წიგნი მწერლის 70-იანი წლების ბავშვობის მოგონებებზეა და შთაბეჭდილებების დღიურს მოგვაგონებს. რომანის პოპულარულობა, როგორც ჩანს, მისმა ნოსტალგიურმა ელფერმა და ბავშვობის მოგონებების თხრობამ განსაზღვრა.

ოია ბაიდარის რომანი „ცხელი ფერფლი დარჩა“ მოგვითხრობს ერთი სიყვარულის ისტორიას. რევოლუციის შედეგად დაღუპული ადამიანების სასიყვარულო ამბები რომანში მნიშვნელოვან ადგილს იჭერს. მკითხველზე მწერლის ოსტატური ენით მოთხრობილი ეს ამბები ძლიერად მოქმედებს. ახალგაზრდული შემართება და იდეისთვის ბრძოლა სიცოცხლის ფასადაც კი შეიძლება ერთი თაობისთვის იყოს დამახასიათებელი, მეორე თაობა კი ამ მოვლენას უკვე სხვა თვალით უყურებს და ზოგჯერ მათი დამოკიდებულება გმირობისადმიც კი იცვლება. რომანში ეს საკითხი წინა პლანზეა წამოწეული. შეგვიძლია იგივე ვთქვათ „ჯინსების თაობაზეც“, ახალგაზრდების შეუპოვარი შინაგანი ბრძოლა, რაც შემდეგში მოქმედებადაც კი იქცა, დღევანდელი თაობისათვის შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს: იყო თუ არა მათი საქციელი გმირობა. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ წიგნის პოპულარობას მოთხოვნილება განსაზღვრავს, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელ ქართულ თაობას მოსწონს წინა თაობის ბრძოლა თავისუფლებისათვის და „ჯინსების თაობის“ ახალგაზრდების საქციელი მათთვის გმირობის ტოლფასია. თურქეთში კი ნაზიმ ჰიქმეთი დღმედე რჩება მსოფლიო დონის დიდ პოეტად და მისი შეუპოვარი სული დღემდე მაგალითია თურქი ახალგაზრდებისათვის.

გადაცემა მოამზადა ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის თანამედროვე თურქული ლიტერატურის ფაკულტეტის მაგისტრანტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა.



მსგავსი ინფორმაციები