„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (24) - აჰმედ ჰამდი თანფინარი

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ - აჰმედ ჰამდი თანფინარი

629784
„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (24) - აჰმედ ჰამდი თანფინარი

„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“

აჰმედ ჰამდი თანფინარი

მოგესალმებით. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ XX საუკუნის თურქული ლიტერატურის ბრწყინვალე რომანისტ, პუბლიცისტ, პოეტსა და საზოგადო მოღვაწეზე – აჰმედ ჰამდი თანფინარზე. ჯერ კიდევ მწერლის სიცოცხლეში თურქულ ლიტერატურულ წრეებში მის დახვეწილ, სპარსულითა და არაბული ლექსიკით გამდიდრებული თურქული ენით დაწერილ რომანებსა და სტატიებს ვერ იგებდნენ და დასცინოდნენ კიდეც მას, ასეც ამბობდნენ, რომ თანფინარს მომავალი თაობა არ წაიკითხავდა. თუმცა ასე არ მოხდა. მინდა ვთქვა რომ ჩემთვის, როგორც ქართველი თურქოლოგისთვის აჰმედ ჰამდი თანფინარის „თანამედროვე თურქული ლიტერატურის ისტორია“ სამაგიდო წიგნია, მე ამ წიგნს ვაღიარებ იმიტომ რომ ის მდიდარი ლექსიკითა და ლიტერატურის ისტორიის შემდგენელთათვის არაჩვეულებრივი ნიმუშია. ფაქტობრივად თურქეთში აჰმედ ჰამდი თანფინარის შემდეგ მსგავსი ლიტერატურის ისტორია ქრონოლოგიური, შინაარსობრივი და ლექსიკური  დახვეწილობის მხრივ დღემდე არავის შეუქმნია, ალბათ კიდევ დიდხანს ვერც გაბედავს ვინმე, რომ თანფინარის შემდეგ მსგავსი წიგნი დაწეროს.

აჰმედ ჰამდი თანფინარი სტამბოლში 1901 წელს დაიბადა. მამამისი ჰუსეინ ფიქრი ეფენდი წარმოშობით ქართველი გახლდათ. 1919 წელს აჰმედ ჰამდი სტამბოლის უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და ცნობილი თურქი პოეტის იაჰია ქემალის სტუდენტი გახდა. თანფინარმა ამ პერიოდში დაიწყო ლექსების გამოქვეყნებაც. პარალელურად ფრანგული ენიდან თარგმანებსაც აკეთებდა. ნელ–ნელა სხვადასხვა თურქი მწერლის შემოქმედებაზე სტატიების წერაც დაიწყო. სწორედ 1940–იან წლებში დაევალა, რომ თანამედროვე თურქული ლიტერატურის ისტორიის წიგნი მოემზადებინა. ამ საქმიანობას რომანების წერასაც უთავსებდა. 1949 წელს დაიბეჭდა მისი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი რომანი „სიმშვიდე“. ამ რომანის მნიშვნელობაზე და მისი შინაარსის განსაკუთრებულობაზეც მოგახსენებთ. აჰმედ ჰამდი თანფინარი 1962 წელს გარდაიცვალა და მის მიერ სიცოცხლეში გამოუქვეყნებელი ლექსები, კრიტიკული წერილები დღემდე გამოიცემა და თანფინარის შემოქმედება ერთ–ერთ პრესტიჟულ საკითხავ წიგნებად მიიჩნევა.

 აჰმედ ჰამდი თანფინარის Magnum Opus–ი ანუ მწერლის მთავარი რომანია „სიმშვიდე“. უპირველესად მინდა ვთქვა, რომ ეს არის ამბავი სტამბოლელი არისტოკრატული წარმოშობის ახალგაზრდა ბიჭზე, რომელიც აღმოსავლეთ–დასავლეთ ცივილიზაციების დაპირისპირების შვილია, ასე რომ ვთქვათ. ფაქტობრივად თანფინარი ამ რომანით შეეხო ისეთ თემას, რომელიც 70–იანი  წლების თურქეთში ორჰან ფამუქმა აიღო ხელში თავის პირველ რომანში „ჯევდეთ ბეი და ვაჟიშვილები“ და რომელმაც ასეთი წარმატება მოუტანა ფამუქს. იმის თქმა მინდა, რომ თურქეთში იცვლება თაობები, ხელისუფლება, მაგრამ უცვლელი რჩება მწერლების ერთ–ერთი საკვლევი ძირითადი თემა –  აღმოსავლეთისა და დასავლეთის ანუ ევროპული და აზიური ცხოვრების წესის დაპირისპირება. აჰმედ ჰამდი თანფინარის ამ რომანში  მთავარი პერსონაჟის მუმთაზის შინაგანი ცვლილებები, სხვადასხვა მოვლენებისადმი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულებებია წარმოჩენილი, რაც აქამდე იშვიათობა იყო თურქულ პროზაში. თავად თანფინარი ამბობდა, რომ რომანის მთავარი პერსონაჟის უკან ყოველთვის მწერალი იმალება. თანფინარს მუმთაზის პერსონაჟს ადვილად იცნობთ. რომანში მწერალს მუსიკა, ფილოსოფია, ღმერთი და ადამიანი მთავარი გმირის ცხოვრების დეტალებში აქვს განფენილი. თანფინართან სტენდალისა და დოსტოევსკის გავლენები იგრძნობა. ისევე როგორც სტენდალთან, ამ რომანშიც თითქოს მწერალი პერსონაჟების შინაგან დიალოგებსაც უგდებს ყურს და მკითხველსაც უზიარებს, ხოლო დოსტოევსკის რომანების პერსონაჟების სულის მოძრაობებს, მათ გადაწყვეტილების მიღებამდე შინაგანად გამართულ ბრძოლებს თანფინართანაც ნათლად ვხედავთ. თანფინარი რომანის „სიმშვიდე“ შესახებ წერს: „აქ მთავარი პერსონაჟები სტამბოლი და მუსიკაა“. მართლაც ამ რომანის კითხვისას წინადადებებს შორის ისეთი ჰარმონიული რითმი იგრძნობა, რომ მუსიკის მთლიანი შეგრძნება იბადება, ამასთანავე სტამბოლის არქიტექტურის რიტმული აღწერაც მწერლის ოსტატურ თხრობაზე მიუთითებს.

რომანს „სიმშვიდე“ პარადოქსული სახელწოდება აქვს, მასში მოვლენები 1939 წელს ვითარდება. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისს თურქეთშიც მკვეთრად გრძნობენ, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ამ ომში არ ჩაბმულა. რომანში ამ ამბებთან დაკავშირებულ ღელვას მკითხველიც განიცდის. ალბათ ასეთი პარადოქსული სახელწოდებით აჰმედ ჰამდი თანფინარს რომანში ომის მომასწავებელი ატმოსფეროს გაფანტვა და ჰარმონიული რიტმის შენარჩუნება სურდა. ამიტომაც შექმნა მან ისეთი მთავარი პერსონაჟი, რომელიც გარეგნულად არისტოკრატია, მშვიდია და მოწესრიგებული, თუმცა შინაგანად დაძაბულია, ევროპულ და აზიურ ცნობიერებას შორის არის „გაჭედილი“ და თავს ვერ აღწევს ამ შინაგან ბრძოლას. აჰმედ ჰამდი თანფინარმა ამ რომანით ფაქტობრივად თანამედროვე თურქულ ლიტერატურაში ე.წ. ფსიქოლოგიურ რომანს დაუდო საფუძველი.



მსგავსი ინფორმაციები