ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 31

სივასის თერმული წყლები

78956
ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 31

სივასის თერმული წყლები 

წინა პროგრამაში გესაუბრეთ მუგლას გეოთერმულ წყლებზე და კურორტებზე, დღეს კი ჯანდაცვის ტურიზმის სხვა განთქმულ კურორტს სივასს გაგაცნობთ და ამ მიზნით ოზლემ იალჩინის მხრიდან მომზადებულ მასალას შემოგთავაზებთ, რომელშიც იგი წერს:
ქალაქი სივასი ცენტრალურ ანატოლიაში მდებარეობს და იგი ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრსაც წარმოადგენს. ახლა ჯერ ამ ქალაქისა და ოლქის ღირსშესანიშნაობებს გაგაცნობთ, შემდეგ კი მის მინერალურ და თერმულ წყლებზეც გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს, რომ სივასი ანატოლიის ერთერთ ყველაზე უძველეს დასახლებათაგანს წარმოადგენს, სადაც ჯერ კიდევ ნეოლითის ეპოქაში, ე.ი. ჩ.წ.-მდე 8 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. თუმცა პირველი წერილობითი წყარო ამ ქალაქის შესახებ დაწერილია ჩ.წ.-მდე 2 ათასი წლის წინ, ხეთების ეპოქაში. ამის შემდეგ რეგიონი ჯერ ფრიგიელების, შემდეგ მიყოლებით სპარსელების, რომაელების, ბიზანტიელების, სელჩუკების, მონღოლების და ბოლოს ოსმანების ხელში გადავა. სივასში თურქ-სელჩუკები პირველად მე-12 საუკუნეში გამოჩნდებიან და ისინი ანატოლიის სხვა რეგიონებივით სივასსაც სამშენებლო ხარაჩოდ გადააქცევენ, ამიტომაც დღემდე მრავალი სელჩუკური ისტორიული, არქიტექტურული და ისტორიული ძეგლია შემორჩენილი, რომელთა შორის გამოირჩევიან მედრესეები, მეჩეთები, ხიდები, აბანოები და ა.შ.

სივასის ოლქში 17 რაიონი შედის და ამათგან ყველაზე განთქმულია კანგალის რაიონი, რადგან მთელს მსოფლიოში მხოლოდ ამ რაიონში ცხოვრობენ უნიკალური კანგალის ჯიშის ძაღლები და ისინი ითვლებიან მთელს მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მეცხვარის ძაღლებად. დიახ, ასეთი გენის ძაღლები დედამიწის არც კუთხეში არსად არ მოიპოვებიან. 40-დან 70 კმ-დე იწონიან ეს ძაღლები და მეცხვარეების ერთგულ მეგობრებს წარმოადგენენ რა, მგლებსაც მხოლოდ ამ ძაღლების ეშინიათ. სივასის კანგალს დიდი თავი, ფართე გულმკერდი, ძლიერი და მსხვილი კისერი და რაც მთავარია მეტად ძლიერი წინა ფეხები გააჩნია, ხოლო ამის პარალელურად ძალიან ჭკვიან და გონიერ ძაღლებს წარმოადგენენ, რადგან პატრონის ხმის ტონზე, მის გამომეტყველებაზე და ემოციებზე გრძნობენ მის აზრებს და სურვილებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სივასური კანგალები მსოფლიოს ერთერთ ყველაზე ძვირადღირებულ ძაღლებს წარმოადგენენ და ისინი სახელმწიფო დაცვაზე არიან აყვანილნი

 ახლა კი გადავიდეთ სივასის მინერალური და თერმულ წყლების გაცნობაზე. ამ ოლქის ყველაზე განთქმული ბალნეოლოგიური კურორტიც, რომელსაც “Balıklı Kaplıca” ეძახიან, სწორედ კანგალის რაიონშია და იგი 13 კმ-ით არის დაშორებული რაიონული ცენტრისგან. “Balıklı Kaplıca” ქართულად თევზებიან სპას ნიშნავს და მას ასე იმიტომ ეძახიან, რომ მასში მრავლად მოიპოვება თევზები და ამ მხრივ მას მთელს მსოფლიოშიც კი არ გააჩნია ანალოგი. აქაური თერმული წყლის ტემპერატურა პლიუს 37 გრადუსია და მასში როგორც ვთქვით სარდალიის მსგავსი თევზები ცხოვრობენ, რომლებსაც ლათინურად “garra rufa” ჰქვიათ. მათი სიგრძე 10 სმ-დეა და სწორედ ეს თევზები მკურნალობენ ფსორიაზის დაავადებას და სხვა ზოგიერთ კანის დაავადებებსაც, ამიტომაც ხალხში მკურნალ თევზებს უწოდებენ მათ. მოკლედ, ეს თევზები ზემოთხსენებულ კანგალის ძაღლზე არანაკლებ პოპულარულნი არიან და ამიტომ ყოველწლიურად 10 ათასობით ავადმყოფები თუ დამსვენებლები ჩამოდიან თურქეთიდანაც და უცხოეთიდანაც

თევზიან კაპლიჯას ანატოლიის სხვა კაპლიჯებთან შედარებით არც თუ ისე დიდ ხნის ისტორია გააჩნია. 1917 წლამდე აქაურობა თურმე ჭაობნარს წარმოადგენდა და საქონელს აძოვებდნენ რა, ერთ მწყემს თურმე ფეხზე მუწუკები ჰქონია და ამ ჭაობნარში გავლა-გამოვლის დროს მთლიანად მორჩენია მუწუკები. ამის შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას აქ პატარ-პატარა აუზები გაუშენებია, რომლებშიც ავადმყოფები ბანაობდნენ და ასე გადიოდნენ მკურნალობას. პირველი თანამედროვე და კომფორტაბელური ობიექტები კი აქ 1960-იან წლებში გაუშენებიათ. 1983 წელს ერთმა ჟურნალისტმა თევზიანი კაპლიჯას და მისი თევზების სამკურნალო თვისებების შესახებ სტატია გამოაქვეყნა და მას შემდეგ აქაურობამ დიდი პოპულარობა მოიპოვა რა, ახალ ახალი სამკურნალო, დასასვენებელი და გასართობი ობიექტები გაშენდა. კანგალის კაპლიჯას თერმული წყალი მდიდარია ბიკარბონატებით, კალციუმით და მაგნეზიუმით, ამიტომაც რევმატიზმისა და კანის დაავადებების გარდა აქ ნევროლოგიური დარღვევებს და გინეკოლოგიური დაავადებებსაც მკურნალობენ, წერს ოზლემ იალჩინი.


საკვანძო სიტყვები: #სივასი , #თერმული წყლები

მსგავსი ინფორმაციები