ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 28

თოკატის ღირსშესანიშნაობები და ჯანდაცვის ცენტრები

125972
ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 28

დღეს ოცდამეშვიდედ ვხვდებით ერთმანეთს ამ ციკლურ პროგრამაში, რომელშიც გაცნობთ ანატოლიის ყველაზე განთქმულ ჯანდაცვის და ტურიზმის ცენტრებს რა, მის ფარგლებში მრავალი სამკურნალო ცენტრი გაგაცანით, რომლებშიც მკურნალობა მინერალური და თერმული წყლებით ხდება. დღეს კი ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში მდებარე თოკატის რეგიონს ვეწვევით, რომელიც შავიზღვისპირეთში მდებარეობს და მის ისტორიულ, ბუნებრივ და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებს და კიდევ თერმულ ცენტრებს გაგაცნობთ რა, ამ მიზნით ოზლემ იალჩინის მხრიდან მომზადებულ მასალას შემოგთავაზებთ, რომელშიც იგი წერს:

თოკატს 6 ათას წლიანი ისტორია გააჩნია და იგი მასპინძელი ყოფილა სხვადასხვა ცივილიზაციისა და კულტურისა. ზოგიერთი წყაროებით რომის იმპერატორმა ცეზარმა თავისი ისტორიული და ფრთიანი ფრაზა-“მივედი, ვნახე, დავამარცხე“ არა ბრიტანეთის დაპყრობისას, არამედ სწორედ თოკატის აღებისას წარმოთქვა და მას ასეთი ისტორია გააჩნია: ჩ.წ.-მდე 47 წელს რომის არმია ცეზარის მეთაურობით თოკატის მახლობელ ზილეს რაიონში ბასფაროსის მეფე ფარნაკე მეორის ჯარების პირისპირ აღმოჩნდება და 5 საათიანი ბრძოლის შემდეგ დაამარცხებს რა მტერს, ამ სამსიტყვიანი ფრაზით გაუგზავნის რომს მორიგი გამარჯვების შესახებ წერილს.

მოკლედ, რომამდე და რომის შემდეგაც მრავალ კულტურას და ცივილიზაციას უმასპინძლა თოკატმა და მას 6 ათასწლოვანი ისტორია გააჩნია. ხსენებული კულტურებიდან მრავალი ნაკვალევია შემორჩენილი დღემდე. უნდა ითქვას, რომ თოკატი რეგიონის მნიშვნელოვან სავაჭრო და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა და მისი ტერიტორის შესული ყოფილა 14 სხვადასხვა სახელმწიფოს და მრავალი სამთავროს შემადგენლობაში, მათ შორის ხეთების, ფრიგიის, რომის, ბიზანტიის, დანიშმენდილერის, ილჰანების, ოსმანების და ა.შ. მოკლედ, სხვადასხვა კულტურებიდან იმდენი ისტორიული თუ არქიტექტურულ-კულტურული ძეგლებია შემორჩენილი, რომ ზოგიერთები თოკატს ღია ცისქვეშა მუზეუმსაც კი უწოდებენ. ასე მაგალითად, მაშატის ნაქალაქარს 3 ათას წლიანი ისტორია გააჩნია, რომის ეპოქიდანაა შემორჩენილი ანტიკური ქალაქი სებასტოპოლი, თვით ქალაქის ციხე-გალავანი, ალი ფაშას და ბეჰზატის სახელობის უნიკალური მეჩეთები კი ოსმანეთის ეპოქიდანაა შემორჩენილი

თოკატის მრავალ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს შორის კი გამოირჩევა პაზარის რაიონში მდებარე “ბალლიჯას გამოქვაბული”, რომელიც მკვლევართა აზრით 3,5 მილიონი წლის წინ არის წარმოქმნილი. ამ გამოქვაბულს 7 სართული და 9 დარბაზი გააჩნია, რომლებიც დამშვენებულია საოცარი სილამაზის სტალაქტიტებით და სტალაგმიტებით. ადგილობრივ მოსახლეობას ხსენებულ გამოქვაბულში არსებული დარბაზებისათვის თავიანთი თავისებურებების გათვალისწინებით შეურჩევიათ სახელები. ასე მაგალითად, ხახვის დარბაზი, პეპლების დარბაზი, ნაყინის დარბაზი, ღამურების სალონი, სოკოს სალონი და ა.შ. სხვათა შორის ბალლიჯას გამოქვაბულის ჰაერში ჟანგბადის შემცველობა 4 ჯერ უფრო მეტია ჩვეულებრივზე და ამიტომ კარგად მოდის ასთმით დაავადებულებზე

ამ ისტორიული წიაღსვლის შემდეგ ახლა თოკატის მინერალურ და თერმულ წყლებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, რითაც ძალზედ მდიდარია ეს ოლქი და მათგან ყველაზე განთქმულები არიან სულუსარაის და რეშადიეს კაპლიჯები. სულუსარაი არტოვას რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და მისი თერმული წყარო სათავეს იღებს ზემოთხსენებული ანტიკურ ქალაქ სებასტოპოლის მახლობლად მდებარე ნიკეპოლისის ნანგრევებიდან. სებასტოპოლი ლათინურად დიდ ქალაქს ნიშნავს და ელინისტური და რომაული ეპოქების ყველაზე მნიშვნელოვან დასახლებას წარმოადგენდა, რასაც ამტკიცებენ არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ძეგლები. წერილობითი და არქეოლოგიური წყაროებით რომისა და ბიზანტიის ეპოქებში უკვე სამკურნალო მიზნებისათვის იყენებდნენ აქაურ თერმულ წყლებს, რომლის ტემპერატურა + 55 გრადუსია და რომელიც მდიდარია მარილებით და გოგირდით. დღეს ამ წყლებით მკურნალობენ რევმატიზმს, ნევრალგიას და კანის სხვადასხვა დაავადებებს
რეშადიეს კაპლიჯა ამავე სახელწოდების რაიონში მდებარეობს და იგი 90 კმ-ით არის დაშორებული საოლქო ცენტრ თოკატიდან. კაპლიჯა მთლინად მწვანეშია ჩაფლული და აქ ყველაზე მრავლად უიშვიათესი წითელი ფიჭვის, შოტლანდიური ფიჭვის და წიფლის ხეები სჭარბობენ. აქვეა მდინარე ქელქითიც, რომელიც ულამაზეს ხეობაში გაივლის. რეშადიეს თერმული წყლის ტემპერატურა + 48-52 გრადუსს შორის მერყეობს და მკურნალობს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა რევმატიზმი, რბილი ქსოვილების და სტრესული დარღვევები. ამ წყლებში გადიან ფიზიკურ თერაპიას და ჯანმრთელდებიან ორთოპედიული და სპორტული დაზიანებების შემდეგ, წერს ოზლემ იალჩინი


საკვანძო სიტყვები: #თოკატი , #თერმული წყლები

მსგავსი ინფორმაციები