ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 22

ქუთაჰიის თერმული კურორტები

81604
ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 22

ქუთაჰიის თერმული კურორტები

როგორც ამ ციკლური პროგრამის წინა ნომერშიც გითხარით, მცირე აზია, ე.ი. ანატოლია ისტორიის ყველა ეტაპზე მდიდარი იყო როგორც მინერალური და თერმული წყლებით, ასევე ბალნეოლოგიური ტალახებითაც და საერთოდ, გეოთერმული წყაროების მხრივ თურქეთი რეგიონის ერთ ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოს წარმოადგენს, სადაც ხსენებული მინერალებით თუ ტალახებით მკურნალობა უძველესი დროიდან მოდის. ამავე თემაზე გავაგრძელებთ საუბარს დღესაც და გაგაცნობთ თურქეთის ყველაზე განთქმულ ჯანდაცვის კურორტებს. წინა პროგრამაში გესაუბრეთ ბოლუს გეოთერმულ წყლებზე და კურორტებზე, დღეს კი ჯანდაცვის ტურიზმის კიდევ ერთ განთქმულ კურორტს, ქუთაჰიას გაგაცნობთ და ამ მიზნით ოზლემ იალჩინის მხრიდან მომზადებულ მასალას შემოგთავაზებთ

ქუთაჰია ანატოლიის დასავლეთში მდებარეობს და მას 7 ათას წლიანი ისტორია აქვს. მართალია თურქეთში როცა ქუთაჰიაზეა საუბარი უმალ მისი განთქმული ფაიფური ასოცირდება წარმოდგენაში, მაგრამ, იგი თერმული და მინერალური წყლებითაც არის განთქმული. ქუთაჰია სტრატეგიულად მნიშნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს, სადაც იკვეთება მარმარისი, ეგეოსის და ცენტრალური ანატოლიის რეგიონების დამაკავშირებელი გზები, მას გააჩნია უმაღლესი ხარისხის ქვიშა და ლამი, რაც თიხისა და ფაიფურის მთავარ ნედლეულს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე ხელოსნობის ეს დარგები უძველესი დროიდან მოყოლებული უმაღლეს დონეზეა განვითარებული აქ უძველესი დროიდან. ბოლო რამდენიმე ათწლეულში აქ ჯანდაცვის ტურიზმმაც ჰპოვა განვითარება, რასაც ხელი შეუწყო თერმული და მინერალური წყლების სიმრავლემ და ხარისხმა. ასე რომ, თურქეთის მინისტრთა საბჭოს მხრიდან გამოტანილი დადგენილებით 65 თერმული ტურიზმის ცენტრიდან 8 სწორედ ქუთაჰიაში მდებარეობს, რომლებშიც მკურნალობენ რევმატიზმს, თირკმელებს, ნერვულ სისტემას, კანის და ქალის დაავადებებს

როგორც ზემოთაც გითხარით მრავალი ჯანდაცვის კურორტი გააჩნია ქუთაჰიას, მაგრამ ყველა მათგანზე ცოტაოდენი საუბარიც კი დიდ დროს წაგვართმევს და ამიტომ მხოლოდ ყველაზე განთქმულებს გაგაცნობთ. დავიწყებთ ქუთაჰიის მახლობლად მდებარე სოფელ იონჯას თერმული კურორტიდან, რომელიც საოლქო ცენტრ ქუთაჰიიდან 16 კმ-ით არის დაშორებული. იგი 5 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული და მისი წყლის ტემპერატურა პლიუს 42 ცელსიუსია, დიდი ოდენობით შეიცავს კალციუმს, მაგნეზიუმს და გოგირდს, ამიტომაც კარგად მოდის ზოგიერთ დაავადებებზე, მათ შორის რევმატიზმის, ართრიტის, ანთებითი დაავადების მკურნალობაზე. აქაური მინერალური წყლების მკურნალობის თვისებებზე ერთი ლეგენდაც არსებობს და მისი მიხედვით მე-13 საუკუნის სელჩუკთა მეფეს ალაედდინ ქეიქუბად მეორის ქალიშვილ გულუმსერ ხათუნს რაღაც სნეულება შეჰყრია, მაგრამ, ვერავის ვერ მოურჩენია იგი და თურმე დღითიდღე დნებოდა ეს ულამაზესი გოგო. ერთ დღეს მონადირეებს დაუნახიათ, მუნიანი მელა იონჯალის ჭაობნარში შესულა და გაუცურია რა, შემდეგ განკურნებული გამოსულა იქიდან. იმწამსვე შიკრიკებს ამბავი მიუტანიათ მეფესთან და მონადირეების ნანახი მისთვის მოუყოლიათ. ისედაც გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ალაედდინ ქეიქუბადს ბევრი აღარ უფიქრია და თავისი ავადმყოფი ქალიშვილი წაუყვანიათ და რამდენიმე დღე ზედიზედ ხსენებული ჭაობის თბილ წყალში განუბანიათ. მალე გულუმსერ ხათუნი გამოჯანსაღებულა. ამის კვალობაზე ქეიქუბადს უბრძანებია და ამ ადგილებში დიდი აუზი, აბანო და ერთი პატარა მეჩეთი გაუშენებიათ, რათა სხვებსაც ემკურნალათ ამ წყლით. სხვათაშორის ქეიქუბადის დროინდელი აუზი, აბანო და მეჩეთი დღემდე შემორჩნენ და აგრძელებენ მოქმედებას

იონჯას თერმული კორორტის შემდეგ ქუთაჰიაში ყველაზე განთქმულია ილიჯას კაპლიჯაც, რომელიც ქუთაჰიიდან 21 კმ-თაა დაშორებული. მთლიანად ნაძვებით არის გარშემორტყმული ეს კურორტი, რომლის წყლის ტემპერატურა 25 და 43 გრადუსს შორის მერყეობს და მათით მკურნალობენ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა რევმატიზმი, კანის და ნერვული აშლილობის, გინეკოლოგიური დაავადებების, ღვიძლის, თირკმლის და ნაღვლის ბუშტის. გარდა ამისა აქაური თერმული წყლები ციებას, უძილობას და ლუმბარგოსაც შველიან

და ბოლოს რამდენიმე სიტყვა გვინდა ვთქვათ ეინალის კაპლიჯას შესახებაც, რომელიც მდებარეობს ქუთაჰიის ოლქის სიმავის რაიონში. სხვათაშორის ეინალის შესახებ თავის საჰაიათნამეში წერს მე-17 საუკუნის ცნობილი თურქი მოგზაური ევლია ჩელები და აღნიშნავს რომ, მრავალი კაპლიჯა უნახია ანატოლიაში, მაგრამ, ამისთანა სარგებლიანი არსად შეხვედრია. აქაური წყლების ტემპერატურა 70-90 გრადუს ცელსიუსში მერყეობს და მკურნალობენ რევმატულ დაავადებებს, რევმატოიდული ართრიტს, ქრონიკულ წელის ტკივილს, სახსრების და რბილი ქსოვილების დარღვევებს, ორთოპედიულ დაავადებებს, კანის დაავადებებს და გინეკოლოგიური დაავადებებს, წერს ოზლემ იალჩინი.


საკვანძო სიტყვები: #ქუთაჰია , #კურორტი , #თერმული

მსგავსი ინფორმაციები