„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (15) - ლეილა ერბილი, აჰმედ არიფი და წერილების ლიტერატურა

„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (15) - ლეილა ერბილი, აჰმედ არიფი და წერილების ლიტერატურა

582598
„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (15) - ლეილა ერბილი, აჰმედ არიფი და  წერილების ლიტერატურა

„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“  - ლეილა ერბილი, აჰმედ არიფი და  წერილების ლიტერატურა

მოგესალმებით. მსოფლიო ლიტერატურული არქივებიდან სააშკარაოზე დღემდე იფინება ცნობილი მწერლების მიერ გაგზავნილი წერილები საყვარელი ადამიანებისა თუ ოფიციალური სახის ადრესატებისადმი. წერილები არაჩვეულებრივი წყაროა ლიტერატურათმცოდნეებისთვის დააზუსტონ ამა თუ იმ მწერლის ბიოგრაფიული ეპიზოდები. შეიძლება ითქვას, ეპისტოლარული ჟანრი ლიტერატურაში სამართლიანად იმკვიდრებს თავს, როგორც ერთ-ერთი ლიტერატურული მიმდინარეობა. საკმარისია გავიხსენოთ კაფკას წერილები მილენასადმი, ან კიდევ ვან გოგის წერილები თავისი ძმის თეოსადმი, ილიასა და გალაქტიონის მშვენიერი წერილები მეუღლეებისადმი და ა.შ. ეს წერილები დღეს უკვე ღირებულ და პოპულარულ საკითხავ ლიტერატურად მიიჩნევა, რადგანაც მათში ამ ადამიანების პიროვნების შესახებ მეტ ინფორმაციას ვიღებთ და ამასთანავე, ჩვენთვის, მკითხველებისთვის უფრო მეტად ახლობელიც კი ხდება წერილის ავტორიც და ადრესატიც.

დღევანდელ გადაცემაში კი წერილის კონკრეტულ ავტორსა და მის ადრესატზე მინდა ვისაუბრო. ცნობილი თურქი ქალი მწერლის ლეილა ერბილისა და ასევე ცნობილი თურქი პოეტი კაცის აჰმედ არიფის წერილობითი ურთიერთობა, თურქული ლიტერატურის ეპისტოლარული ჟანრის შედევრად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თურქეთში წიგნის სახით უკვე მე–19 –ედ გამოიცა აჰმედ არიფის მიერ ლეილა ერბილისადმი გაგზავნილი წერილები და წიგნს ასეთი სახელწოდება შეურჩიეს: „ლეილიმ, ლეილიმ“. თავად ლეილა ერბილი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი ქალი, საერთაშორისო მწერალთა კავშირის PEN- ის წევრი და ნობელის პრემიის ლაურეატი გახლდათ. მწერლობის გზაზე შემდგარმა ლეილა ერბილმა თურქულ ლიტერატურაში დამკვიდრებულ ხაზს გადაუხვია და მასში თავისი ინდივიდუალური მწერლური მანერა შეიტანა. მის ნოველებში, ძირითადად, ოჯახის, სექსუალური ურთიერთობებისა და ადათ-წესების შესახებ საკმაოდ ირონიულ, მკაცრ, კრიტიკულ და არატრადიციულ დამოკიდებულებას ვხედავთ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ლეილა ერბილის ინდივიდუალური აზროვნების ფორმის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ფროიდისა და მარქსის თეორიების გავლენებს მიუძღვის. მისი ნოველები სხვადასხვა ენაზე არის თარგმნილი. „თურქეთში პიროვნება და საზოგადოება“, ამ სახელწოდების თემის საკვლევად, ბერლინის უნივერსიტეტში სწორედ ლეილა ერბილის ცნობილი რომანი „უცნაური ქალი“ აირჩიეს. ლეილა ერბილის რითმული პროზა ფსიქოანალიზის საფუძვლებს ემყარება და ადამიანის აზროვნების სიღრმეში დაფარულს წინა პლანზე წევს.

რაც შეეხება აჰმედ არიფს, მისი ლიტერატურული მოღვაწეობა ასევე წარუშლელ კვალად დარჩა მე-20 საუკუნის თურქულ პოეზიას. პოეტს ნაზიმ ჰიქმეთის მსგავსად ციხეებში მოუწია პოეზიის საზღაურის გადახდა. მას აპატიმრებდნენ ლექსებისა და იდეოლოგიის გამო, ის იკრძალებოდა როგორც პოეტი, თუმცა 1968 წელს მისი პოეტური კრებულის, სახელწოდებით „შენს მონატრებაში ბორკილები გავცვითე“, გამოსვლის შემდეგ ის ხალხისთვის საყვარელ პოეტად იქცა. თურქეთის აღმოსავლეთში გაზრდილი აჰმედ არიფი თავის თავში რამდენიმე ეროვნული უმცირესობის კულტურულ თავისებურებებს ატარებდა. ის თავისუფლად საუბრობდა არაბულ, ქურთულ ენებზე და ზაზაურ დიალექტზე. ამიტომაც არიფის პოეზია მრავალფეროვანია, მისი ლექსის ტაეპები სიტყვის სისავსეს იტევს და მწიფე ხილივით მოსაწყვეტად ანუ ხალხამდე მისატანად მზადყოფნაშია.

აჰმედ არიფის ლეილა ერბილისადმი გაგზავნილი წერილების ისტორია ასეთია. აჰმედ არიფს ლეილა ერბილისადმი ნამდვილი გრძნობა აკავშირებდა, მას უყვარდა ნოველისტი და პოეტი ქალბატონი, თუმცა ლეილასაგან საპასუხო გრძნობას ვერ იღებდა. ლეილა ერბილი გათხოვილი იყო, თუმცა აჰმედს ეს არ აბრკოლებდა, რომ მისთვის წერილები მიეწერა. აჰმედ არიფი მასთან გაგზავნილ წერილებში საუბრობდა ყველაფერზე, ლეილას უთანხმებდა თავისი ლექსების სათაურებს. წერილებიდან აჰმედის საკმაოდ დახვეწილი გემოვნება და მისი მსოფლიო ხელოვნებისა და ლიტერატურის ღრმა ცოდნა ჩანს. თუმცა ამასთანავე აშკარად იკვეთება მისი პიროვნული თვისება – თავმდაბლობა, წერილებში რაიმეს ახსნისას, ბოლოში ბოდიშს იხდის, რომ მისი ცოდნა ამა თუ იმ საკითხისადმი გადაჭარბებით გამოამჟღავნა. აჰმედ არიფს ლეილას გათხოვილი ქალის სტატუსი არ აშინებდა, ის საპასუხო გრძნობას სთხოვდა მას, თუმცა იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. 

წიგნში შესული წერილები აჰმედ არიფის მიერ ლეილა ერბილისადმი 1954–59 წლებშია გაგზავნილი. ამ წლების მანძილზე აჰმედ არიფი ციხეში იხდიდა სასჯელს. ამიტომაც მისთვის ეს წერილები მზის სხივივით მანუგეშებელი იყო. ერთ წერილში ასეც კი ამბობს: „იქნებ ამ ჩემი გადამეტებული სიყვარულის ახსნების გამო დამცინონ კიდეც და გამაჩუმონ, მაგრამ როგორ შეიძლება ჩემი და შენნაირი სულების გაჩუმება?... სწორედ ამ პერიოდშია დაწერილი აჰმედ არიფის ლექსის ეს ტაეპებიც:

„გადავსახლდები, მე შენს თვალებში დავიდებ ბინას,

ეს თუ ციხეა, მაშინ ამ თვალებში მოვიხდი სასჯელს...“

შეიძლებოდა ეს წერილები არავის წაეკითხა, რომ არა რედაქტორისა და ლეილა ერბილის საუბარი ლეილას გარდაცვალებამდე 5 წლით ადრე. ამ დროისათვის აჰმედ არიფი უკვე გარდაცვლილი იყო. საუბარში ლეილა ერბილს სხვათაშორის უთქვამს, რომ მას და აჰმედ არიფს მიმოწერა ჰქონდათ და ის წერილები დღემდე მასთან ინახებოდა. რედაქტორის დაჟინებული თხოვნით მწერალი ქალი დათანხმდა ფარდა აეხადა ორი შემოქმედი ადამიანის სულის ძაფებით დაკავშირებული წერილების გამოქვეყნებას და შედეგად ეს მშვენიერი წიგნი–წერილები მივიღეთ. თუმცა სამწუხაროდ არ შემონახულა ლეილა ერბილის მიერ აჰმედ არიფისადმი გაგზავნილი წერილები. ალბათ ეს იმანაც გამოიწვია, რომ აჰმედ არიფს გადასახლებისა და დაპატიმრებების დროს უნადგურებდნენ პირად არქივს. ამ წერილებმა გარდა იმისა, რომ თურქული ლიტერატურის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, ამასთანავე ის ღირებულია იმითაც, რომ ორი დიდი პოეტის ურთიერთდამოკიდებულებას აცოცხლებს ჩვენს თვალწინ და ეს იმდენად მიმზიდველია, რომ სამაგიდო წიგნის როლსაც კი ითავსებს მათი ერთგული მკითხველებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები