„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (14) - ფოლკლორის როლი

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ - ფოლკლორის როლი

578154
„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (14) - ფოლკლორის როლი

„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ 

ფოლკლორის როლი

მოგესალმებით. ქართულ ენაზე სულ მალე გამოვა თანამედროვე თურქი პოეტების ანთოლოგია. მახარებს ის ფაქტი, რომ თქვენს მონა-მორჩილს ამ საქმეში სულ პატარა წვლილი მექნება შეტანილი. ახლახანს მოვრჩი ცნობილი თურქი პოეტის ჯემალ სურეიას რამდენიმე ლექსის ბწკარედის ქართულად თარგმნას. შემდეგი ეტაპი ანუ ბწკარედის გარითმვა კი ახალგაზრდა ქართველ პოეტებს უნდა გადავაბარო, რადგანაც მიმაჩნია, რომ მათ საბოლოო სახე მაინც პოეტებმა უნდა მისცეს.

სრულიად ვეთანხმები იმ აზრს, რომ თარგმანი მაშინ არის კარგი, როცა მთარგმნელი უმეგობრდება მწერალს სულიერად და მის სათქმელს საკუთრად აქცევს. როგორც გვატემალელი მწერალი მიგელ ანხელ ასტურიასი ამბობს, ლექსის თარგმნა ლატარიას ჰგავს. ან გაამართლებას ან არა. ალბათ ლექსის თარგმანის გამართლება იმაში მდგომარეობს, როცა ხალხი დედაენაზე თარგმნილ უცხო ლექსს ისე იზეპირებს, როგორც თავისას.

ერთი სიტყვით, ჯემალ სურეიას პოეზია იმდენად ახლოს ვიგრძენი, რომ თითქოს მოვალედ გავიხადე თავი ამ პოეტის წინაშე და სხვა რისი გაკეთება შემეძლო, თუ არა მისი პოეზიის ქართული საზოგადოებისთვის გაცნობა. ჯემალ სურეია, შეიძლება ითქვას, თურქული ეროტიული პოეზიის ნოვატორია. თუმცა მისი ეროტიზმი თვალში საცემი არ არის და არც გამაღიზიანებელია. ჯემალ სურეიასეული ლირიკული მეტაფორები  ჩარლზ ბუკოვსკის პოეტურ სახეებს მაგონებს. ალბათ შიგნით დაბუდებული „ჩიტია“ ორივე პოეტისთვის თავისუფლებისა და შემოქმედების სიმბოლო. ბუკოვსკი ლექსში „ლურჯი ჩიტი“  პოეტურად აღწერს, ქმნადობის, შემოქმედების პოეტურ სახეს.

„ჩემს გულში ლურჯი ჩიტი ბინადრობს,

რომელსაც თავის დაღწევა სურს,

მაგრამ მე ზედმეტად ჯიუტი ვარ,

რომ გავათავისუფლო ის.

მე ვეუბნები, დარჩი მანდ,

არავის მივცემ ნებას რომ შეგამჩნიოს.“

ჯემალ სურეიასთან კი „ჩიტია“ სწორედ ეროტიულობის გამომხატველი, სურეია თითქოს მოლბერტს იყენებს ლექსის წერისას და პალიტრაში გადმოსცემს სათქმელს.

„წითელი ჩიტია ჩემი სუნთქვა,

ხორბლისფერ ცაზეა შენი თმები,

მე მკერდში გიკრავ და

უსასრულოდ გრძელდება ფეხები შენი.

წითელი ცხენი ხდება ჩემი სუნთქვა,

მხურვალე სახე, ახლა კი ვხვდები, ჩვენ ვართ ობლები,

და ღამეები ასე მოკლეა ჩვენი,

ეს ჭენებაა სხეულების, შეხლა და ვნება."

ეს არის ჯემალ სურეიას მთელი ეროტიზმი, რომელიც სულ მახსენებს ერთი მხატვრის ნათქვამს, რომ ქალი ყველაზე მიმზიდველი მაშინ არის, როცა ის სარეცხს ჰფენს, მის დაკაპიწებულ მკლავებში იმალება მთელი მისი ქალურობა. ალბათ, სწორედ ეს არის პოეტურობა, როცა ყოველდღიურობაში ხედავს ადამიანი მხოლოდ მისთვის გამორჩეულს და სწორედ აქედან იწყება, ჩემი აზრით სოკრატესეული „nosce te ipsum” (შეიცან თავი შენი).  მოკლედ, სურეიას პოეზიაზე ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მინდა ვთქვა რომ ჯემალ სურეიას დიდი პოეტური კრებულის, სახელწოდებით „ქუდი სავსე მაქვს ყვავილებით“, გარდა აქვს პროზაული ჩანაწერები პოეზიის, თარგმანის დანიშნულებაზე. მაგრამ ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად მიიპყრო მისმა ერთმა ლირიულ-კრიტიკულმა სტატიამ, სახელწოდებით „ფოლკლორი ლექსის მტერია“. თარგმანის სახით სტატიიდან მოგიყვანთ რამდენიმე აბზაცს: „ფოლკლორს არ შესწევს იმის ძალა, რომ დღევანდელ ფრთაშესხმულ პოეზიას ისეთი ძლიერი ქარი მოუბეროს, რომ მან ფრენა შეძლოს. ხალხის შექმნილმა ფრაზეოლოგიზმებმა თავისი საქმე უკვე გააკეთა, ამიტომაც მისგან ახალს არაფერს უნდა ელოდოთ. ლექსში მთავარი ამბის მოყოლა კი არ არის, არამედ სიტყვებს შორის სიცარიელის პოეტურად ამოვსებაა. ამიტომაც რთულია უკვე გამოყენებულ იდიომებს შორის რაიმე ახლის შეტანა.

ფოლკლორს ანონიმური სახე აქვს, ის ავტორს მალავს. დღევანდელი პოეზია კი ინდივიდუალურობით იწონებს თავს. მკითხველსაც ეს უნდა, ის საგნები თუ განცდები, რაზეც ლექსშია საუბარი, უნდა რომ მხოლოდ ერთ პოეტს ეკუთვნოდეს და არა რამდენიმეს. ჩვენ, ახალი პოეტები სიტყვებს ახალ დატვირთვას, განსხვავებულ წარმოსახვით მნიშვნელობას ვძენთ.“

ჯემალ სურეიას სტატიაში კიდევ ბევრი რამ არის ნათქვამი იმ თანამედროვე თურქ პოეტებზე, რომლებიც ფოლკლორს მიმართავენ და ამით ამდიდრებენ თავიანთ პოეზიას, ისინი პოეტს არც თუ ისე სასიკეთოდ ჰყავს მოხსენებული. მისი აზრით, ფოლკლორი პოეტს ერთ ადგილზე აჩერებს და თვითგანვითარებაში უშლის ხელს. სტატიის კითხვისას ვახუშტი კოტეტიშვილის პოეზია მომაგონდა. მიუხედავად იმისა, რომ სურეიას დაბეჯითებით აქვს ჩამოყალიბებული ფოლკლორის მავნე გავლენა ინდივიდუალურ პოეზიაზე, მაინც გამიჩნდა დანაკლისის შეგრძნება. როგორ, განა ფოლკლორი უფრო დიდი მამოძრავებელი ძარღვი არ არის პოეტისთვის, თუ ის პროფესიონალად მიიჩნევს თავს? ვფიქრობ ჩემთვის. მაგრამ ალბათ სურეიას მხედველობაში ჰქონდა ის, რომ არიან პოეტები, რომლებიც ბოლომდე ფოლკლორის ერთგულნი რჩებიან და იმის იქეთ ვეღარ მიდიან. ამაში კი შემიძლია დავეთანხმო მას. ვახუშტის, ფოლკლორზე ამოზრდილი პოეზია პირადად ჩემთვის ახალი სიტყვაა, რომელიც ქართულ კლასიკურ პოეზიაში მარგალიტივით ჩანს. არც მისი „მოუკრეფავნი“ა  ხელიდან გასაშვები მასალა, თუ სკაბრეზულ ფოლკლორს ისე შევხედავთ, როგორც ლიტერატურულ მონაპოვარს. ასეა თუ ისე, ვფიქრობ, ფოლკლორი ხელის შემშლელი არ უნდა იყოს კარგი პოეტისთვის, პირიქით მას შეუძლია ისე ოსტატურად გამოიყენოს ხალხური თქმები, რომ დავიწყებული ავტორიც თავიდან გააცოცხლოს და დღევანდელობას აზიაროს.



მსგავსი ინფორმაციები