ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 26
ეგვიპტეში არადემოკრატიული პროცესები ქაოსს ქმნიან

ზოგადად აშშ-ს და დასავლეთის პოზიცია ეგვიპტის მიმართ სტაბილურობაზეა ორიენტირებული და ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ ენვერ სადათის დროს, როცა კაირომ პირი დასავლეთისკენ მიაბრუნა. ეგვიპტეში მუდმივი სტაბილურობის სურვილი კი დასავლეთს აიძულებს არ ან, ვერ დაინახოს აქ ავტორიტარიზმის აღზევება და ადამიანის უფლებების ხშირი და მასიური დარღვევები. სწორედ ამის ნათელი დასტურია თუნდაც ის, რომ 2013 წლის ივლისში სამხედროებმა მორიგი გადატრიალება მოაწყვეს დემოკრატიულ არჩევნებზე ხმის უმრავლესობით ამორჩეული პრეზიდენტ მუჰამედ მურსის წინააღმდეგ და მისი ხელისუფლება დაამხეს.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სამხედრო გადატრიალებების მოწინააღმდეგე დასავლეთმა თვალი დაუხუჭა გენერალ სისის ამბოხებას და ხელისუფლებაში ძალადობით მოსვლას, უფრო მეტიც, მას ყველანაირი დახმარება და მხარდაჭერაც აღმოუჩინეს. ამით გათამამებულმა სისიმ მურსის მუსლიმანი ძმები ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა რა, მის საფუძველზე ათასობით მურსის მხარდამჭერი გაანადგურა და ათასობით კი დააპატიმრა. გარდა ამისა, სისიმ მურსის დროს დაწყებული დემოკრატიული პროცესებიც შეაჩერა და ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი გამეფდა, რომელიც დღესაც გრძელდება. მოკლედ, გენერალ სისის ხელისუფლება 2011 წელს დამხობილ მუბარაქის მმართველობაზე უფრო არადემოკრატიული და ავტორიტარულია, მაგრამ, დასავლეთს ასე აწყობს და ამიტომ ხმას არ იღებენ მის ზეწოლებზე, მათ შორის არასამთავრობოებზეც კი.
ეს კი ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის სტაბილურობაზე და ამიტომ ექსპერტების აზრით მომავალში გამორიცხული არ არის დაძაბულობების და შეტაკებების ახლიდან დაწყება. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ სისის ზეწოლები ლიბერალურ ოპოზიციასაც კი დევნის და ისინი იძულებულნი არიან ან იატაკქვეშეთში გადავიდნენ, ანდა, მარგინალიზაცია დაიწყონ. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ მურსის დამხობის შემდეგ ტერორისტული თავდასხმები რადიკალურად გაიზარდა სინას ნახევარკუნძულზე, რომლის ავტორები ელ ქაიდესგან გამოყოფილი და ისლამურ სახელმწიფოსთან მიერთებული ენსარ ელ-მაქდისის წევრები არიან. ზოგიერთების აზრით სწორედ ამ უკანასკნელებმა ჩამოაგდეს რამდენიმე თვის წინ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი.
ყოველი ტერორისტული თავდასხმების გაზრდის შემდეგ სისი ზეწოლებს კიდევ უფრო აძლიერებს და თავის მხარდამჭერ არასამთავრობოებსაც კი არ ინდობს რა, კრძალავს ან არ ზღუდავს ყველანაირ მშვიდობიან მიტინგებს და დემონსტრაციებს. უფრო მეტიც, ეგვიპტელ არასამთავრობოებს ეკრძალებათ უცხოეთიდან შემოწირულობების ან საჩუქრების მიღება და იგი დანაშაულადაც კი ითვლება
სისის მხრიდან ოპოზიციის მიმართ წარმოებული ზეწოლის პოლიტიკას სხვანაირად მეოთხე თაობის ბრძოლასაც ეძახიან, რაც ასე იშიფრება: ხელისუფლების ოფიციალური შეხედულების გარდა სხვანაირი აზროვნება ეგვიპტეში ამჟამად მიუღებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვანაირი შეხედულება ხელისუფლებაზე თავდასხმად აღიქმება. ისე კი დღევანდელი ეგვიპტის ადმინისტრაცია ეყრდნობა სამ ძირითად პრინციპებს და ესენია: ოპოზიციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებიდან მილიარდობით დოლარის ფულადი ნაკადის ეგვიპტეში შემოდინების უზრუნველყოფა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, რათა ეგვიპტის მოქალაქეებში დადებითი ემოცია აღუძრას ქვეყნის მომავალისადმი.
მაგრამ, ჯერჯერობით ამ სამივე პრინციპში მოიკოჭლებს სისის ხელისუფლება. ანტიტერორისტულ ბრძოლაში ვერ მოიპოვა გამარჯვება, პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს სისი, სპარსეთის ყურის ფინანსები კი საუდის არაბეთისადმი წითელ ზღვაში 2 კუნძულის 20 მილიარდ დოლარად მიყიდვით მიიზიდა, რასაც პროტესტით შეხვდნენ მოსახლეობაში და ასამდე კაცის დაპატიმრებით სისიმ ამ გამოსვლის ჩახშობაც შესძლო. რაც შეეხება ეკონომიკურ რეფორმებს, აქ სისიმ მართლაც მიაღწია ოდნავ წარმატებას, რადგან მან შესძლო ინფლაციის კონტროლ ქვეშ აყვანა და უმუშევრობის შემცირება. თუმცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღატაკის ზღვარზე ცხოვრობს და მათი ყოველდღიური შემოსავალი მხოლოდ 2 დოლარია. მოკლედ, ეგვიპტეში თუ დემოკრატიის მხრივ რაიმე დადებითი ძვრები არ მოხდება, ახალი დაძაბულობები გარდაუვალი იქნება