„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (12) - ფურუღ ფერუჰზადი - ირანელი ქალი პოეტი

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ ფურუღ ფერუჰზადი - ირანელი ქალი პოეტი

519343
„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (12) - ფურუღ ფერუჰზადი - ირანელი ქალი პოეტი

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“

ფურუღ ფერუჰზადი - ირანელი ქალი პოეტი

მოგესალებით. მსოფლიოში ქალი პოეტები თითზე ჩამოსათვლელია. ალბათ ეს იმან გამოიწვია, რომ ქალს ბევრი ვალდებულება აკისრია ცხოვრებაში, ამიტომაც შემოქმედებისთვის, თუ რა თქმა უნდა მას ხელისშემწყობი არ ჰყავს, იშვიათად იცლის. მაგრამ არიან ისეთი ქალებიც, რომლებშიც შემოქმედებად გადმოღვრის სურვილი მძლავრობს და სწორედ მათგან იბადება ახალი, განსხვავებული ხედვა. ისინი ლექსებად იფანტებიან და ამით  სხვა ქალებისთვის მაგალითი ხდებიან. დღევანდელ გადაცემაში სასაუბრო თემად სწორედ ასეთი ქალი პოეტი შევარჩიე - ფურუღ ფერუჰზადი.

ფურუღ ფერუჰზადი 1935 წელს ირანში, თეირანში დაიბადა. მისი დაბადება ირანში რიზა შაჰის მმართველობის პერიოდს დაემთხვა. რიზა შაჰმა ქვეყანაში ორგვარი პოლიტიკა გაატარა: ერთის მხრივ მან ოპოზიციურად განწყობილი ინტელიგენცია ციხეში გამოამწყვდია, ხოლო მეორეს მხრივ დასავლური ცხოვრების წესი დაამკვიდრა და ქალთა უფლებები წინა პლანზე წამოსწია, ქალებს უფლება მისცა, რომ ჩადრის გარეშე ევლოთ. ფურუღის შემოქმედებაზე ასეთმა რადიკალურმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა დიდი გავლენა მოახდინა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირანელი მწერლები ნიმა და ჰიდაიეთი და მათთან ერთად ფურუღი ის თანამედროვე შემოქმედები არიან, რომლებიც ალბათ სხვა მწერლებისგან განსხვავებით იღბლიანნი აღმოჩნდნენ. რადგანაც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებმა, ძველი სპარსული კულტურისა და დასავლური სამყაროს ურთიერთშერწყმამ მათ შემოქმედებაში ახალი ხედვა შეიტანა. თუმცა ახლა საუბარი ფურუღის პოეზიით მინდა წარვმართო. ფერუჰზადი პირველი ქალი პოეტი იყო ირანში, რომელმაც ლექსში მამაკაცს სიყვარული აუხსნა და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე დაიწყო საუბარი. მასში ყველაფერი ახალი იყო, ლექსის ფორმა და შინაარსი. ფურუღის ერთმა ლექსმა სახელწოდებით „ცოდვა“ უარყოფითი ემოცია გამოიწვია საზოგადოებაში. თუმცა აქ შეცდომა იყო დაშვებული, ლექსი ისეთ ჟურნალში გამოქვეყნდა, რომელსაც ირანის საზოგადოების დაბალი ფენა კითხულობდა და ხალხის ამ ფენას ქალთა უფლებებზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე ღიად საუბარი არ სიამოვნებდა. ლექსში საუბარია ცოდვაზე, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ქმართან თანაცხოვრებაში მყოფი ქალი სხვას უზიარებს თავის სარეცელს. ამ ცოდვას ფურუღი ტკბილს უწოდებს და თითქოს ირონიულიც კი არის ამ შეფასებისას. სწორედ ასეთმა ირანულმა საზოგადოებამ გაწირა ფურუღი როგორც ქალი პიროვნება, თორემ ქალი პოეტი შემდგომში დრომ თავიდან დაბადა. ფურუღი თითქმის ბავშვი იყო, როცა გათხოვდა და ვაჟიშვილის გაჩენის შემდეგ ქმარს გაშორდა, მას შემდეგ კი თავისი შვილი აღარ უნახავს. რადგანაც ირანის სახელმწიფოს კანონების მიხედვით შვილი მამასთან რჩება. ფურუღს ვერც საკუთარ ოჯახში გაუგეს. მისი ოჯახიც იმ ჩაკეტილი საზოგადოების ნაწილი იყო, რომელიც მიიჩნევს, რომ ქალი როგორც პიროვნება არ უნდა განვითარდეს. გერმანიაში ცხოვრების პერიოდში, სადაც ფურუღი ძმასთან ერთად ცხოვრობდა და მთარგმნელობით მუშაობას ეწეოდა, მამისადმი გაგზავნილ წერილში წერს: „მე ახლა თავისუფალი ვარ, თქვენ ყოველთვის გეშინოდათ, რომ  ჩემთვის თავისუფლება მოგეცათ, მე შეცდომები დავუშვი, მაგრამ ეს ჩემი შეცდომებია, რომლებმაც თავისუფლებამდე მიმიყვანეს. მე მინდა დიდი პოეტი ვიყო და ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, რომ ჩემი ლექსების წაკითხვის შემდეგ ადამიანებმა სიხარული, თავისუფლება შეიგრძნონ. მე ჩემი თავი ვიპოვე...“

ფურუღმა 32 წელი იცხოვრა, ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა, თუმცა მან მოასწრო იმაზე მეტი, ვიდრე ამას რომელიმე ქალი შეძლებდა. „ჩიტები ფრენენ, შენ კი მათი ფრენა გახსოვდეს“, ეს ფურუღის პოეტური ხედვაა, რომელიც ასე პოზიტიურად არის გამოხატული მის ლექსებში. ან კიდევ „როცა სიყვარულია, სიტყვა დრო სისულელედ ითვლება“, ეს იმ ქალის სიტყვებია, რომელმაც ალბათ ყველაზე მეტად და უსამართლოდ მიიღო უსიყვარულობა ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან. თუმცა ამან ფურუღის დიდ პიროვნებას ვერაფერი დააკლო, პირიქით მან ბრძოლა ისწავლა. ფურუღი პირველი ქალი იყო ირანში, რომელმაც ეთნოგრაფიული დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო. ამ პერიოდში მისი ლექსების კრებულებიც ზედიზედ გამოდიოდა, თუმცა მისი ესმოდა ძალიან ცოტას. მისთვის ხელოვნების აღქმაც კი პოეტურია: „ხელოვნება ყველაზე დიდი სიყვარულია და თუ ადამიანი მას თავის თავს მიუძღვნის, ხელოვნებაც მას მთელ თავის არსს უსახსოვრებს.“

ერთი შეხედვით უცნაური და დამაფიქრებელია ფურუღის დამოკიდებულება რელიგიისადმი. ის თავის სულიერ მეგობართან ასევე ცნობილ მწერალ იბრაჰიმ გოლესტანთან გაგზავნილ წერილში ამბობს: „ეროვნულ გალერეაში ლეონარდოს ერთი ნახატი ვნახე. აქამდე არ მქონდა ნანახი. თუმცა ლონდონში მანამდეც ვყოფილვარ. ყველაფერი ღია ცისფერში აქვს გადაწყვეტილი. მის წინაშე დაჩოქება და ლოცვა მომინდა. აი, ეს არის რელიგია სწორედ. მე სიყვარულისა და ასეთი ქმნილების წინაშე ვხდები მორწმუნე.“

მიუხედავად იმისა, რომ ფურუღმა ყველაზე მეტი ტკივილი თავისიანებისგან და იმ საზოგადოებისგან განიცადა, რომელშიც მან იცხოვრა, ის თავის ხალხზე მაინც ასე წერს: „მე ჩემი თეირანი მიყვარს, თავისი მწველი მზითა და მძიმე მწუხრით, თავისი მიწით, ქუჩებითა და საბრალო, ბედნიერება განუცდელი, სულით მოვაჭრე, დაჭაობებული ხალხით“. ფურუღის პოეზია ახლოა მოდერნისტულ მხატვრობასთანაც, მისი პოეტური ზოგჯერ აბსტრაქტული სახეები და ხანდახან  ქალური გრძნობები იმდენად ცოცხალია, რომ მისი პოეზია შედის ადამიანის სულში. და სწორედ, პოეზია ალბათ ასეთი უნდა იყოს, ძალიან შორეული და ამავე დროს ძალიან ახლობელი. თუმცა ფერუჰზადის პოეზია მაინც ძველ სპარსულ ძირებზე არის ამოზრდილი. ის თავადაც ამბობს: „ნეტა ჰაფიზივით მეც შემეძლოს ისეთი ლექსების წერა, რომ მომავალშიც ადამიანების ყველა განცდასთან ჩემი ლექსებით კავშირი დამემყარებინა.“ ამერიკელი პოეტი ქალის სილვია პლაზის, ქართველი ანა კალანდაძის, რუსი ანა ახმატოვასა და მარინა ცვეტაევას, თურქი გულთენ აქინის და ირანელი ფურუღის პოეზია, ამჟამად ამ ქალების სახეები ამომიტივტივდა მხოლოდ, თუმცა ისინი ისეთი ცოტანი არიან, მაგრამ მათი პოეზია ყოფნის მსოფლიოს მთელ საქალეთს და ზოგადად მათ ვისაც სულის პოეზიის მოსმენა უნდათ. ამიტომაც მათ არ გააჩნიათ ეროვნება, ისინი ადამიანის სულის სიმებს ეხებიან.



მსგავსი ინფორმაციები