თურქული კულტურის ისტორიიდან 18

მევლანა, ჯელალედდინ რუმი

485221
თურქული კულტურის ისტორიიდან 18

                მე-13 საუკუნის ერთ ერთი ყველაზე გამოჩენილი თურქი პოეტი, მოაზროვნე და მეცნიერი მევლანა, იგივე ჯელალედდინ რუმი 1207 წელს ხორასანის ქალაქ ბელჰში დაიბადა. ამ დროს ეს რეგიონი ჰარეზმშაჰების ტერიტორიებში შედიოდა და მონღოლების ოკუპაციის ქვეშ იყო. მევლანას მამა ბაჰაედდინ ველედი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა, ამიტომ დასტოვა ბელჰი და ანტოლიისკენ გამოემგზავრა. ზოგიერთი ცნობებით მევლანას წინაპრები მუსლიმანების პირველი ხალიფის, ებუბექირის შთამომავლებს წარმოადგენენ. მევლანა ძველ არაბულად მეგობარს ნიშნავს და სწორედ ეს სახელი დაირქვა ზედმეტსახელად ჯელალედდინ რუმმა. ახლა მევლანას შესახებ  მომზადებულ პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც მოგვაწოდა ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელმა, დოცენტმა გურაი ქირპიკმა და იგი წერს…

                ანატოლიური სუფიზმის ერთ ერთ უდიდეს წარმომადგენლად ითვლება მე-13 საუკუნის დიდი თურქი პოეტი და მოაზროვნე, ჯელალედინ რუმი, იგივე მევლანა, რომელიც ამავე დროს ისლამური სამყაროს უდიდეს სუფისტ მეცნიერადაც ითვლება. დაწყებითი განათლება მან მიიღო იმ დროის ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერად აღიარებულ მამამის ბაჰაედდინ ველედისგან, რომელსაც იმ დროს მეცნიერებათა სულთანს ეძახოდნენ. მევლანა იმ დროის უმაღლეს სასაწავლებლად აღიარებულ მედრესეში სწავლის პარალელურად იმ დროის ცნობილი პედაგოგებისგან მისტიციზმის გაკვეთილებს იღებდა მედრესეს ფარგლებს გარეთაც. იგი ავტორია ხუთი მეცნიერული ნაშრომისა და მათგან ყველაზე მოცულობით და ღრმა შინაარსიან ნაწარმოებს წარმოადგენს მისი “მესნევის“ სახელწოდების პოეტური თხზულება, რომელიც შემდგომში პოეტურ ჟანრად გადაიქცა     

               მევლანას უკეთ გაგებისათვის საჭიროა თვალი გადავხედოთ სუფიზმის ფილოსოფიას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი აზროვნება სრულად ვერ იქნება აღქმული და გაგებული. მევლანას ნაწარმოებებისა და აზროვნების მთავარ თემას ალლაჰისადმი, ე.ი. ღმერთისადმი და მისი შექმნილებისადმი უდიდესი სიყვარული წარმოადგენს, ამიტომაც მისი აზროვნების მთავარ ცენტრსაც ღმერთის არსებობა წარმოადგენს და ყველა და ყველაფერი მთლიანად მის გარშემო ტრიალებს. რაც შეეხება მის ფილოსოფიას, აქ კი მთავარი ადგილი ღვთის მიერ შექმნილ ადამიანს ეთმობა და იგი თავისი მესიჯებით ცდილობს ადამიანები დააშოროს ამქვეყნიურ სურვილებს, ხოლო მის მაგივრად დაეხმაროს მათ და შთააგონოს ღვთაებისადმი სიყვარული

              მოკლედ, მევლანას ფილოსოფიაა, ნაკლები დროის დახარჯვა კვებაზე, ნაკლები დროის დახარჯვა ლაპარაკზე, საკუთარი სურვილების დამორჩილება, ადამიანებისაგან განცდილი ტანჯვა-წამებისათვის გაძლება, ბოროტებისაგან და ბოროტი ადამიანებისგან შორს დგომა, კეთილი საქმეების შესრულება და კეთილ ადამიანებთან დგომა. მისი აზრით, ადამიანების ბედნიერება დაფუძნებული უნდა იყოს თავმდაბლურ და უბრალო ცხოვრებაზე, ხოლო თვით ადამიანებს შორის ურთიერთობები მეგობრობაზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთი ცხოვრებით კი მევლანა თვით იყო მისაბაძი სხვებისათვის და მისი უბრალო ცხოვრება მის გარშემო მყოფებს ყველას აკვირვებდა ე.ი. საზოგადოების ყველა ფენას პატივისცემით ეპყრობოდა რა, არ აკეთებდა რაიმე არჩევანს თუ განსხვავებას ღარიბსა თუ მდიდარს შორის, არისტოკრატიას თუ მონას შორის და ყველას თანაბარი დისტანციით ეკიდებოდა. მევლანას სუფიზმისაკენ გზა გაუკაფა და ამ მიმართულებით წასვლას ხელი შეუწყო მისმა მოძღვარმა და უფროსმა მეგობარმა შემსი თებრიზმა, რომელიც იმ დროის ისლამური სამყაროს ცნობილ მეცნიერ-მოაზროვნეთაგანს წარმოადგენდა. სწორედ მან შესძინა მევლანას ის თვისებები, რომელთა შესახებაც ზემოთ ითქვა.  

         მევლანას ფილოსოფიით ადამიანები სანამ ამ ქვეყნად მოვლენ ისინი ფიზიკურადაც და სულიერადაც თავისუფალნი  და ბედნიერნი არიან, მაგრამ ამ სამყაროში მოსვლისთანავე ე.ი. დაბადებისთანავე ისინი თავიანთი ორგანიზმის მონა-მორჩილნი ხდებიან, ამიტომაც ადამიანები მხოლოდ მაშინ იქნებიან თავისუფალნი და ბედნიერნი, როცა მოკვდებიან და კვლავ დაუბრუნდებიან საიქიო ცხოვრებას. აქედან გამომდინარე, იგი ადამიანების ამ ქვეყნად სიკვდილს იმ ქვეყნად დაბადებას მიიჩნევდა, რადგან ადამიანი თავისი გარდაცვალებით უბრუნდება  მის შემქნელ ალლაჰს და კვლავ მას აბარებს თავის სულსაც და სხეულსაც. არ გეშინოდეთ სიკვდილისა, რამეთუ იმ ქვეყნად ცოცხლდებით და მარადისობაში გადადიხართ, ამბობდა მევლანა და სიკვდილის დღეს დაბადების ან ქორწინების დღედ მიიჩნევდა, რასაც არაბულად შები არუსს ეძახიან და მართლაც, მევლანა თავის მეგობრებს და ახლობლებს უანდერძებს, რომ მისი სიკვდილის დროს კი არ იტირონ, არამედ იდღესასწაულონ, რადგან იგი იმ ქვეყნად დაიბადება და ალლაჰის წინაშე წარსდგება.    

              მევლანას გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟი ანატოლიაში მევლევების სახელწოდების სექტას შექმნის და ოსმალეთის საიმპერატოროს დაარსების შემდეგ მევლევების მოძღვრება აუცილებელ დისციპლინად შევა მუსლიმურ სასულიერო სკოლებში, მედრესეებში. ამ სექტის წევრების აზრით, ალლაჰთან დასაახლოებლად მათ მხოლოდ ღვთიური ცეკვა, სემა, დაეხმარებათ და ამ ცეკვით მიაღწევენ ყოველგვარ ჭეშმარიტებას. მართლაც და დღესაც კი ამ ცეკვას საკაცობრიო სიყვარულისკენ მიმავალ ერთადერთ გზად მიიჩნევენ რა იუნესკომ ეს ცეკვა 2005 წელს  ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად გამოაცხადა. მევლანას ჰუმანურობის მთავარი სლოგანი იყო “ვინც გინდა იყავი, მუსლიმანი, ქრისტიანი, მორწმუნე თუ არამორწმუნე, მნიშვნელობა არ აქვს, მოდი ჩვენს საძმოში და ჩვენ ყველას მიგიღებთ, რადგან ყველა ადამიანი უფლის წინაშე თანაბარია“, აი ასე უმღეროდა მევლანა ძმობას და მეგობრობას ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში და მისი ეს აზროვნება მარადიულია, წერს ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი გურაი ქირპიკი    

 



მსგავსი ინფორმაციები