ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 17

ირანთან ეკონომიკური ურთიერთობების გაზრდის მნიშვნელობა

482256
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 17

 

ირანის ისლამური სახელმწიფოს ლიდერი ჰასან რუჰანი ჯერ სტამბოლს ეწვია, სადაც მონაწილეობა მიიღო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში, ხოლო შემდეგ აქედან ანკარაში გადავიდა და აქ გააგრძელა ოფიციალური შეხვედრები. ითო-ს სამიტი ირანისათვის მაინც და მაინც წარმატებული არ გამოდგა, რადგან, მისი დასრულების შემდეგ გავრცელებულ ოფიციალურ დეკლარაციაში ჰიზბულახისადმი გაწეული პირდაპირი და ირიბი მხარდაჭერის გამო ირანის ქმედებები  დაგმეს. ასეთი შინაარსის დადგენილების მიღებაში კი ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა საუდის არაბეთმა, რომელიც შეშფოთებულია დასავლეთის მხრიდან ირანისადმი დაწესებული ეკონომიკური სანქციების და ამის გამო რეგიონში თეირანის ზეგავლენის გაზრდის გამო.

ამ დეკლარაციაში ფაქტიურად ირანი ესადის რეჟიმისადმი მხარდაჭერის გამოც დაგმეს, თუმცა დეკლარაციაში ამის შესახებ ცალკე არ იქნა აღნიშნული, რადგან, ჰიბულახისადმი ირანის მხარდაჭერა ისედაც გულისხმობს ესადისადმი მხარდაჭერას, რის გამოც ისლამური სამყაროს დიდ ნაწილში ირანისადმი ნდობა დაიკარგა. ყოველ შემთხვევაში საბოლოო დეკლარაციაში ირანის დაგმობა არ მოეწონა ოფიციალურ თეირანს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პრაგმატულად მოაზროვნე ჰასან რუჰანიმ ანკარაში ჩასვლაზე და თურქეთის ლიდერებთან ოფიციალური  შეხვედრების გამართვაზე უარი არ თქვა.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ირან-თურქეთს შორის ყოველთვის ტკბილ მეზობლური ურთიერთობები სუფევდა, მაგრამ, 2011 წლის აქეთ, ე.ი. რაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, მას შემდეგ ანკარა-თეირანის ურთიერთობებში ცივი ომი დაიწყო, რადგან ირანმა ესადის მხარე დაიკავა და ამით ამ საქმეში რუსეთ ერაყის კოალიციის გვერდზე აღმოჩნდა, ანკარამ კი სირიის ოპოზიციის მხარე დაიკავა. მას შემდეგ თეირანს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ ერდოღანი და დავუთოღლუ, მაგრამ, შეხვედრების უმაღლეს დონეზე ჩავლის მიუხედავად, თეირანს პოზიცია ვერ შეაცვლევინეს. ამ შეხვედრების დროს თურქმა ლიდერებმა თეირანს უკმაყოფილება ვერ დაუმალეს იმის მიმართ, რომ სირიის კრიზისში ირანმა რუსეთიც ჩართო. მოკლედ, რუჰანისაც ანკარაში გულთბილი შეხვედრა მოუწყო ჯერ მისმა თურქმა კოლეგამ ერდოღანმა და შემდეგ პრემიერმა დავუთოღლუმაც და ამ შეხვედრებმა ისეთ დადებით ატმოსფეროში ჩაიარა, რომ რუჰანიმ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ თავს საკუთარ სახლში გრძნობდა

               რუსეთის სირიის კრიზისში აქტიური ჩართვის შემდეგ ირანის როლი შემცირდა და მოსკოვი უკვე არაფერს არ ეკითხებოდა რა თეირანს, მის გარეშე იღებდა ყველანაირ დადგენილებას, რითაც ფაქტიურად თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა ირანი და ეს უკანასკნელი ცოტა განაწყენდა კიდეც მოკავშირე რუსეთის მიმართ. ამ დროს თურქეთი კი მოკავშირე ამერიკას გაუნაწყენდა, რადგან, ვაშინგტონმა სირიელი ქურთების შეიარაღებული ფორმირების, PYD-ს მხარე დაიკავა და ანკარის დაჟინების მიუხედავად იგი არ სცნო ტერორისტულ ორგანიზაციად. ორი მეზობელი ქვეყნის ასეთმა მდგომარეობამ ისინი აიძულა, რომ ერთმანეთს ახლიდან დაახლოვებოდნენ. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ მართალია დასავლეთმა ემბარგო მოუხსნა ირანს, მაგრამ, ამ ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებას ჯერ კიდევ დიდი დრო უნდა, თანაც მეზობელ ქვეყნებთან კეთილი ურთიერთობების დაუმყარებლად ვერ მოხერხდება და აქედან გამომდინარე თეირანმა გადაწყვიტა თბილი ურთიერთობები აღედგინა მეზობელ და რეგიონის  ქვეყნებთან, პირველ რიგში კი თურქეთთან და პაკისტანთან.

            სამაგიეროდ ირანს ალბათ ბედი არ გაუღიმებს სხვა მეზობელ ქვეყნებთან, სირიასთან და ერაყთან. სირიასთან იმიტომ, რომ არავინ უწყის რა დრომდე დარჩება ესადის რეჟიმი ხელისუფლებაში, მეორეც, ეკონომიკური თვალსაზრისიდან გამომდინარე ჯერ ჯერობით რამდენიმე წლის განმავლობაში რაიმე სარგებლობა არ ექნება თეირანს ამ ქვეყანასთან. ფაქტიურად ასეთივე მდგომარეობა ექნება პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ერაყთანაც. ე.ი. სირია და ერაყი ვერ გადაიქცევიან ირანისათვის ძლიერ ალტერნატიულ ეკონომიკურ და სავაჭრო რეგიონალურ ქვეყნებად. თეირანს უარყოფითი ურთიერთობები აქვს რეგიონის სხვა არაბულ ქვეყნებთან და ისრაელთანაც, ამიტომაც ირანი ასე თუ ისე, დამოკიდებულია თურქეთზე და აქედან გამომდინარე იძულებულია ანკარასთან კარგი ურთიერთობები აღადგინოს, რაც საბოლოო ჯამში სარგებლობას მოუტანს ორივე ქვეყანას    

        



მსგავსი ინფორმაციები