„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (06)

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (06) გულთენ აქინი – თურქი ქალი პოეტი

467354
„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (06)

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (06)

გულთენ აქინი – თურქი ქალი პოეტი

მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ თურქ პოეტ ქალზე გულთენ აქინზე, რომელიც თანამედროვე თურქულ პოეზიაში ერთადერთ მნიშვნელოვან ქალ პოეტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ნამდვილ შემოქმედს როგორც შეეფერება, მის პოეზიაშიც გამოიყოფა რამდენიმე პერიოდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მის შემოქმედებაზე დაკვირვებით ვხედავთ თუ როგორ იზრდება, იხვეწება პოეტი თავისი ახალი ლექსების კრებულების კვალდაკვალ. სწორედ ეს აძლევს ხელოვანს უფლებას თქვას თავისი სათქმელი საზოგადოების წინაშე, გააკრიტიკოს ან კიდევ მხოლოდ თავისი თავის წარმოჩენით სხვასაც აჩვენოს სარკე.

ამას წინათ ანკარაში, დიდი მეჩეთის წინ სამგლოვიარო ცერემონია შევნიშნე, როგორც გავარკვიე სწორედ გულთენ აქინს მიაცილებდნენ უკანასკნელ გზაზე. გული დამწყდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შორის აღარ იქნება ქალი, რომელიც წყნარად და რითმულად შეგვახსენებს, რომ ხანდახან დრო გამოვყოთ თუნდაც იმისთვის, რომ ქუჩაში თავდახრილი ხელგამოწვდილი ბავშვი შევამჩნიოთ.

გულთენ აქინი 1933 წელს დაიბადა ქალაქ იოზგათში. ადვოკატის პროფესიას დაეუფლა და ამის გამო ოჯახთან ერთად თურქეთის სხვადასხვა ადგილებში მოუწია ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ის 10–ზე მეტი ლექსების კრებულის ავტორი და პოეზიის რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელია, ის ამავე დროს 5 შვილის დედა გახლდათ. „ვცხოვრობ და ვწერ, ისინი კი ერთმანეთს ენაცვლებიან მუდმივად“, წერს გულთენ აქინი თავისი ავტობიოგრაფიული ჩანახატის ბოლო ნაწილში. როცა აქინის შემოქმედებას ვეცნობოდი, გამახსენდა ფრაგმენტი ქართველი მწერლის ნაირა გელაშვილის რომანიდან „დედის ოთახი“, სადაც მთავარი პერსონაჟი წერს რომ, მას სამზარეულოს კედელში ერთი პატარა ჭუჭრუტანა აქვს, საიდანაც მთელს სამყაროს ადევნებს თვალყურს. ციტირება შეიძლება ზუსტი არ იყოს, მაგრამ რაც მძაფრად დამამახსოვრდა ეს იყო და ის ზუსტად ასახავს ქალი შემოქმედის არცთუ ისე ადვილ ცხოვრებას. გულთენ აქინის ერთ სტროფიანი ლექსი ამის გამოხატულებაა თითქოს:

„გაიქცა სასიყვარულო საშიში მახეებისგან,

გაიქცა დედობისგან, ცოლობისგანაც კი,

ქალაქის უცხო ფოსტლიან მარტოობისგან,

მთებში კი წითელ შუქს შეუერთდა...“

გულთენ აქინს არ აშინებს არც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მოტანილი აკრძალვები, ის თავისუფალია იმდენად, რომ თავს კოსმოსის ანუ სამყაროსეული წესრიგის ნაწილად მიიჩნევს. ჩვენ ადამიანები ყველა კოსმოსის თანაზიარი ვართ, მაგრამ ამის საკუთარ თავში პოვნაა შემოქმედება. აქინი წერს:

„ო, დედამიწავ, ო მზეო, ო ვარსკვლავებო,

გრძნეულებავ ჩემო, მე თქვენი ნაწილი ვარ,

თქვენ და ჩემს თავსაც ვცვლი,

მზის ჩასვლისას ბოლო თურქუსაც დავამღერებ,

და ჩემი ექო სიცარიელეში დაიფანტება.“

ეს როგორი ლექსია, რითმი არ არის და ლექსის წყობა, შეიძლება თქვას თუნდაც ერთმა ჩვენმა მსმენელმა, მაგრამ შემიძლია მას ჩემი აზრი გავუზიარო, რომ მთავარია ადამიანი რას გადმოსცემს, თორემ როგორ ყალიბში მოაქცევს სათქმელს, ეს არსებითი არ არის. როგორც გურამ რჩეულიშვილი ამბობს, იმისათვის რომ იყო პოეტი, საერთოდ არა რის საჭირო წერდე. სწორედ ამაში არის უდიდესი პოეზია, როცა თავს ბუნების განუყოფელობაში გრძნობ, ალბათ ეს არის ყველაზე მართალი პოეზია, როცა არ იტყუება პოეტი და სათქმელს წინასწარ არ ზომავს.

გულთენ აქინი, თავისი თაობის პოეტებისგანაც კი გამოირჩეოდა არა მხოლოდ თავისი ფილოსოფიურ – მისტიური დამოკიდებულებით სიცოცხლისა და სიკვდილისადმი, რაც ნათლად აისახა მის პოეზიაში, არამედ იმითაც რომ ის არცერთ პოეტურ გაერთიანებებს არ მიეკუთვნა. გულთენ აქინის პოეზია არ არის სოცრეალიზმის გამოხატულება, თუმცა მის შემოქმედებაში ზოგჯერ განცდილის სიმძაფრით გადმოცემა ლექსის თარიღთან ერთად ქვეყანაში განვითარებულ მძიმე ხასიათის მოვლენებზე მიგვანიშნებს. ეს მოვლენები კი რაც არაერთხელ აღმინიშნავს გადაცემაში, თურქეთის 60, 70, 80 – იანი წლების მძიმე პოლიტიკურ–საზოგადოებრივი დაძაბულობის ამსახველია. ისევე როგორც რუსულ პოეზიაში ანა ახმატოვას პოეზია არ იყო პირდაპირი გამტარი რუსული პოლიტიკური მოვლენებისა. მაგრამმისი შემოქმედება მაინც ერთი დიდი ქრონომეტრაჟია იმ ეპოქის, რომელშიც ცხოვრობდა და რომელმაც მის პირად ცხოვრებაზეც ძალიან იმოქმედა. თუმცა პოეტი ქალების შემოქმედებაში განცდა მოვლენაზე მაღლა დგება და პოეზია რჩება მუდმივი, ის ეპოქის ჩარჩოებიდან გამოდის კიდეც.

გულთენ აქინი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა და გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე მან კიდევ ერთხელ შეიცვალა ე.წ. სტილი, პოეტური ხედვა. მან დაიწყო ორ ხან კი სამ ტაეპიანი ლექსების წერა. არა, მას არ გამოელია სიტყვები, უბრალოდ ეს ბუნებრივი მდგომარეობა იყო მისი, როცა ორ სიტყვაში ეტევა სათქმელი, მაგრამ ისეთი მსუყეა, რომ მკითხველს ყოფნის, რასაკვირველია გაცნობიერებულ მკითხველს. გულთენ აქინის ლექსების კრებულის „წითელი მიხაკი“ს გარეთა ყდაზე პოეტი ქალის ძალიან ახლო მანძილიდან გადაღებული ფოტოებია აღბეჭდილი. ფოტოდან კი ერთი შეხედვით ნაოჭიანი, ნიკაპზე მეჭეჭიანი ძლიერი სულის ქალი გვიყურებს. ჩემმა ერთმა მეგობარმა ამ ფოტოს ნახვისას ალბათ სწორად აღნიშნა, რომ აქინს არ აშინებს თავისი ნაოჭები და არც ახლოდან გადაღებული უმაკიაჟო სახე, რადგანაც მან უფრო მეტი დაგვანახა, ეს მისი სული ჩანს ნაოჭიან სახეში, ძლიერი და შემოქმედი. და ბოლოს მინდა, რომ გულთენ აქინის ყველაზე ცნობილი ლექსის რამდენიმე ტაეპის თარგმანი გაგაცნოთ:

„... შევიჭერი შავი თმები, ახლა რა მოხდება.

არც არაფერი, თუმცა თქვენც სცადეთ, გთხოვთ,

ეს ჩემი სინათლეა, მე გიჟი ვარ, და თან ქარიანი,

დილა მშვიდობისა ქარო, ჭერამს რომ არხევ,

გადარჩენილ, აღმდგარ „მე“ს სალამი.

ახლა კი მიკვირს როგორ ადარებენ

ერთმანეთს გესლის გროვას და ცხოვრების გზას.

მე კი ვიარე და შავი თმებისგან გადავრჩი.“

მარიამ გაფრინდაშვილი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის თანამედროვე თურქული ლიტერატურის ფაკულტეტის მაგისტრანტი



მსგავსი ინფორმაციები