„ლიტერატურა ჩაის თანხლებით“ - 26/2015 - დავით უღრელიძე

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ - 26/2015 დავით უღრელიძე - მხატვრის ფიქრები

427025
„ლიტერატურა ჩაის თანხლებით“ - 26/2015 - დავით უღრელიძე

მოგესალმებით. დღევანდელი გადაცემის თემა ასეთია: ერთი მხატვრის ფიქრები ხელოვნების გზით ბავშვობაში დაბრუნებაზე.
„ამ ზაფხულს საქართველოში ვიყავი. 3 თვე დავრჩი, 3 თვე ვეფერებოდით ერთმანეთს. 20 წლის განმავლობაში ეს ყველაზე გრძელი შვებულება იყო, რომელიც ჩემს თავს ვაჩუქე.
90–იანი წლების შემდეგ ძირითადად მეზობელ თურქეთში ვიმყოფები, სადაც ვხატავ, ვასწავლი, ვსწავლობ. არა, ეს თურქეთის ბრალი არ არის. ეს ჩემი არჩევანია, ეს ჩემი ცხოვრების წესად იქცა.
სახლში ძველი ყუთი გავხსენი. იქ დედაჩემს სათუთად შეენახა ჩემი ნივთები, ძირითადად ქაღალდები იყო: წერილები, ჩანაწერები, ნახატები. ბავშვობაში აკვარელში შესრულებული რამდენიმე ნახატი იყო. კუთხეში ჩემი სახელი, გვარი და 4 წლის ეწერა. ხატვა ძალიან ადრე დავიწყე და მას შემდეგ ცხოვრების თანამგზავრად გავიხადე. გამახსენდა იატაკზე დაწოლილს მთელი დღე შემეძლო მეხატა. მაშინ საგნების კონტურების სიზუსტეზე ვამახვილებდი ყურადღებას და ეტყობა ეს ძალიან მართობდა. იყო წარმატებებიც, კონკურსებში გამარჯვებებიც, მაგრამ ეს არასოდეს არ მხიბლავდა, პირიქით უხერხულობასაც კი მიქმნიდა. უბრალოდ როცა ვხატავდი, ვიყავი ბედნიერი.
50 წელი გავიდა, არაფერი შეცვლილა. მე ისევ ვხატავ. რათქმაუნდა ამ გადმოსახედიდან მხატვრობა უფრო რთული, უფრო დიდი ფილოსოფიაა, ბავშვობაში დაბრუნების ფილოსოფია. და რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო გვიძნელდება ამ საქმის კეთება ანუ უკან დაბრუნება ბავშვობაში. ისე ნათქვამია, „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ და მართლაც, სამშობლოდან განშორებულს აქ ანკარაში ჩემს პატარა სახელოსნოში შემექმნა საშუალება მთლიანად დავხარჯულიყავი ამ საქმით. და რა არის ამაზე მეტი ბედნიერება როცა გაქვს საშუალება, დაიხარჯო საყვარელი საქმისთვის. მხატვრობა, როგორც ხელოვნება, არაა ეგოისტი, რომ მხოლოდ ავტორს მიანიჭოს სიამოვნება. ის უფრო დიდსულოვანია. სხვადასხვა დოზით ის ყველას ჭირდება, ავსებს და ალამაზებს ჩვენს სულიერ საწიერს. ამიტომაცაა საფრთხილო და სათუთი. ის ხომ ადამიანების სულის ყველაზე ფაქიზ სიმებს ეხება. ამიტომაც ხელოვნება ბავშვივით სუფთა და ფაქიზი უნდა იყოს. ამიტომაცაა საჭირო უკან, ანუ ბავშვობაში დაბრუნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ განვითარდეთ. პირიქით, ეს მხოლოდ დიდი შრომის და განათლების მიღებითაა შესაძლებელი. მე დიდი მადლიერებით ვიხსენებ სამხატვრო აკადემიაში გატარებულ წლებს. ახლა ვხვდები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი საფუძველი. რაც გაძლევს საშუალებას განვითარების, სწორი გზის პოვნის, ანუ საკუთარი თავის პოვნის, შენს თავში შენი ბავშვობის პოვნის. და ეს არის ხელოვნება, რთული და სასიამოვნო. მას არ აქვს დრო, არ აქვს ჩარჩოები, არ აქვს მანძილი. ის უბრალოდ ლამაზი მოვლენაა, რაც გვამშვენებს, როგორც უბრალოდ პეპელა, ან მინდვრის ყვავილი. რათქმაუნდა ხელოვანს აქვს უფლება თქვას თავისი სათქმელი. ეს შეიძლება იყოს მკაცრი, უხეში, მაგრამ ეს ყოველთვის უნდა ხდებოდეს ესთეტიურად. თუ სათქმელს ესთეტიკის ჩარჩოდან ამოიღებთ, ეს იქნება პოლიტიკა და არა ხელოვნება.
რა სამწუხაროა, რომ ეს ტენდენცია თანდათან სუსტდება და შოუს ემსგავსება. მსუბუქი, ზედაპირული, ადვილად საკეთებელი გზები ხდება პოპულარული. ჭეშმარიტი ხელოვნება კი მხოლოდ ჭეშმარიტი, სწორი გზის გავლითაა შესაძლებელი. ეს გზა კი, რაც არ უნდა აბსტრაქტული იყოს, ის მაინც მშობლიურ ფესვებთან უნდა იყოს მიბმული. მხოლოდ მაშინ იქმნება ეროვნული ხელოვნება.
ხშირად მეკითხებიან, მიჭირს თუ არა უცხო მხარეში ცხოვრება. არა, არ მიჭირს, რადგან უცხო მხარე არ არსებობს, არსებობენ გაუცხოებული ადამიანები. ყოველ ადამიანს თავისი სამყარო აქვს. მასშია მისი მიწა–წყალი, მისი საყვარელი ადამიანები, საყვარელი საქმე, თუ ამ სამყაროს არ მიატოვებს და თან ატარებს, ის არასოდეს იგრძნობს თავს მარტოდ. შეიძლება, მძიმე იყოს ამდენის ტარება. აქ კი ის გვეხმარება, ის რასაც სიყვარული ჰქვია. სწორედ ეს ის ძალაა, რაც მიადვილებს ცხოვრებას, ხელოვნების რთულ გზაზე სიარულს. ეს ის გრძნობაა, რაც გვაშორებს ბოროტებას, შურს, ღალატს. უფრო გვამაღლებს და გვალამაზებს. ამ გრძნობით შექმნილი ხელოვნება უცილობლად პოზიტივის მატარებელია და ის გადადის სხვებზეც.
ჩემი საახალწლო სურვილი? ღმერთო მოგვეცი ძალა სიყვარულისა. ალბათ ეგ არის ჩემი საახალწლო სურვილიც, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი ხალხისთვის, მთელი სამყაროსთვის.
არ არის მთავარი სად ვიქნებით, ევროპაში თუ აზიაში, მთავარია ჩვენ ჩვენი თავი არ დავკარგოთ. ამაში კი გვეხმარება სიყვარული, სიცოცხლის სიყვარული.
ეს გრძელი და ძნელი გზაა, მაგრამ მასზე სიარული უზომოდ სასიამოვნოა, რადგანაც ხელოვანი მუდმივად შეყვარებულია.“


დიახ, ძვირფასო მკითხველებო, ეს ჩანაწერი თურქეთში, ანკარაში მოღვაწე ქართველი მხატვრის დავით უღრელიძის ფიქრებია ხელოვნებაზე. მან თავისი ხელით ნაწერი ფიქრები გადმომცა და მე ვფიქრობ, რომ რაიმეს დამატება მკრეხელობაც კი იქნება ჩემი მხრიდან. ასე რომ სუფთა სახით დავტოვე და თქვენამდე მოვიტანე.



მსგავსი ინფორმაციები