„ლიტერატურა ჩაის თანხლებით" - 25/2015 - ცისანა აბულაძე

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ - 24/2015 ცისანა აბულაძე - ოსმანისტიკა

426986
„ლიტერატურა ჩაის თანხლებით" - 25/2015 - ცისანა აბულაძე

მოგესალმებით, თემას განვაგრძობთ სერგი ჯიქიას მოწაფესა და მისი საქმის გამგრძელებელ ცისანა აბულაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ცისანა აბულაძე იმ გამორჩეულ თურქოლოგ-ოსმანისტთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც წილად ხვდა მოესმინა სერგი ჯიქიას ლექციები და თავადაც გაევლო ის გზა, რა გზაც სერგი ჯიქიამ გაიარა თურქოლოგად როგორც მეცნიერად ჩამოყალიბებაში. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ სწორედ ამ თაობის გამორჩეული თურქოლოგ-ოსმანისტია ასევე ბატონი ნოდარ ჯანაშია, რომელიც მეცნიერულ საქმიანობასთან ერთად მხატვრული თარგმანებითაც იყო დაკავებული, სწორედ მისი თარგმნილია ცნობილი თურქული რომანი „ფოსფორიანი ჯევრიე“, თარგმანი იმდენად მაღალ დონეზეა შესრულებული, რომ ორიგინალსაც კი სჯობნის მხატვრული თვალსაზრისით. რადგანაც ქართველ თურქოლოგებზე ვსაუბრობთ ყველა მათგანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გადმოცემა ჩვენი გადაცემის საეთერო დროში სამწუხაროდ ვერ მოხერხდება, ამიტომაც ყველა მათგანს სათითაოდ ვთხოვ პატიებას, მათი საქმენი ისედაც ხელისგულზე ჩანს და თურქოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს სწორედ მათი ნაშრომებით შეუძლიათ სარგებლობა.

ჩვენი მსმენელისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ სწორედ ცისანა აბულაძის ცხოვრების გზა ავირჩიე ბატონი სერგი ჯიქიას შემდეგ გადაცემის თემად. იშვიათად მინახავს ისეთი ადამიანი, როგორიც ქალბატონი ცისანაა. მითუმეტეს გასაკვირია დღეს მისი ერთგული თავდადება მეცნიერებისადმი, დღეს იმიტომ რომ პრაგმატულ 21 საუკუნეში მეცნიერება თითქოს უკანა პლანზე გადავიდა და ყველაფერმა გამოყენებითი სახე მიიღო. ქალბატონი ცისანა კი მაინც ჯიუტად უზის მაგიდის მწვანე ღამის ნათურით განათებულ ოსმალურ დოკუმენტებს და ჩემთან საუბარში როგორც აღნიშნა, თუ დასცალდა ორი სოლიდური ნაშრომის გამოცემასაც გეგმავს, ესენია: 1. ფადიშაჰების საქართველოში დაცული სიგელები და 2. წმინდა მიწის ქართული კოლონიის ოსმალური საბუთები.
დადის თბილისის ქუჩებში, ძირითადად კი სახლიდან ხელნაწერთა ინსტიტუტში მსოფლიო დონის ოსმანისტი ქალბატონი, რომელსაც ახალგაზრდობაში თურქეთში ყოფნისას მისი მეცნიერული მიღწევებით აღტაცებულმა თურქმა ასეც კი უთხრა: რა დასანანია, რომ მუსლიმი არ ხართო.
ცისანა აბულაძე ქუთაისში დაიბადა 1933 წლის 16 ივნისს. დედა პედაგოგი, მამა კი ეკონომისტი ჰყავდა. 1950 წელს ქუთაისის ქალთა პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1951 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა თურქული ფილოლოგიის განხრით. 1956 წლიდან 1958 წლამდე ხელშეკრულებით მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში, 1958 წლიდან დღემდე კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში მუშაობს.
1964 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი შრომისათვის „თურქული ლექსიკური მასალა სულხან-საბა ორბელიანის ქართულ ლექსიკონში“. 1991 წლიდან 2014 წლამდე ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტში თურქოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. მოხსენებები წაიკითხა რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებზე, სიმპოზიუმებსა და კონგრესებზე - თბილისი, ბაქო, ერევანი, აშხაბადი, ტაშკენტი, მოსკოვი, ანკარა, სტამბოლი, კონია, ბუდაპეშტი, მაინცი. ცისანა აბულაძე არის 7 მონოგრაფიისა და 118 სტატიის ავტორი.
2003 წელს ქალბატონი ცისანა იმყოფებოდა ქალაქ ანკარაში, სადაც მოხსენება თურქულ ენაზე წაიკითხა. მან მოწვევა მიიღო თურქული ენის საზოგადოებისგან (ე.წ. Türk Dili Kurumu), სადაც მან წაიკითხა მოხსენება თემაზე „თურქულენოვანი ხელნაწერები საქართველოს სიძველეთსაცავებში“. ქალბატონი ცისანას თქმით, თურქეთის საენათმეცნიერო საზოგადოება საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ანალოგიურია, მაგრამ გაცილებით დიდი ორგანიზაციაა, გაცილებით მეტი მატერიალური შესაძლებლობებითა და უფლება-მოვალეობებით. იგი დაარსდა 1932 წლის 12 ივლისს მუსტაფა ქემალ ათათურქის ინიციატივით და თურქეთის საისტორიო საზოგადოებასთან ერთად შედის ათათურქის სახელობის კულტურის, ენისა და ისტორიის უმაღლეს საზოგადოებაში, რომელიც მატერიალურად უზრუნველყოფილია ათათურქის ანდერძის მიხედვით. საზოგადოებას აქვს საკუთარი გამომცემლობა, ასევე ის გამოსცემს რამდენიმე ჟურნალს, მათ შორის “Türk Dili“ ს (თურქული ენა), რომელიც 1951 წლიდან გამოდის და ჟურნალს “Türk Dili Araştırmaları” - ს (თურქული ენის კვლევები). ცისანა აბულაძემ მოხსენება ასე დაიწყო: „საუკუნეების მანძილზე თურქულენოვან სამყაროსთან ისტორიულ-პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა, XV საუკუნიდან აღმოსავლეთ საქართველოში თურქმანულ-ყიზილბაშური ტომების ჩამოსახლება, ჩვენი ისტორიული წარსულის შესახებ მდიდარი ოსმალური, ნარატიული და დოკუმენტური წყაროების შესწავლის აუცილებლობა ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებმაც განაპირობა თბილისის უნივერსიტეტში თურქოლოგიური კვლევის კერის შექმნა“. მოხსენების დასასრულს ქალბატონ ცისანას მოოქროვილი ვერცხლის ფირფიტა გადაეცა, რომელზეც ამოკვეთილია ათათურქის სიტყვები თურქული ენის სიმდიდრესა და მნიშვნელობაზე. ქვემოთ კი ცისანა აბულაძის სახელი და გვარია ამოტვიფრული.

თურქებმა ჯერ კიდევ ცისანა აბულაძის ახალგაზრდობაშივე გაიგეს მისი მეცნიერული მოღვაწეობის ფასი, ჩვენთან კი რატომღაც ათეული წლები გადის და მას, როგორც მეცნიერს შესაბამის სამუშაო გარემოსაც კი ვერ ვუქმნით, მეტიც შესაბამის ანაზღაურებასაც არ ვუხდით. ცისანა აბულაძემ მხოლოდ მეცნიერებისა და ქვეყნისადმი ერთგულების გამო უარი სთქვა ბევრ თურქულ შემოთავაზებაზე, რომელიც ოსმალოლოგიის დარგში მათთან თანამშრომლობას გულისხმობდა, მხოლოდ ეს ფაქტიც კი მის დიდ პიროვნებაზე მიუთითებს. იქნებ ეს მოკრძალებული გადაცემაც მისდამი ერთგვარი მადლობის თქმა იყოს, რაც არც თუ ისე საკმარისია მისი დაუღალავი შრომის წინაშე.
ერთხელ ქალბატონ ცისანასთან საუბრისას, მან თქვა რომ ადამიანი, რომელიც შემდგომში დიდი რანგის მეცნიერი ხდება, ეს მისი დაბადებიდანვე წყდება, ანუ ის იბადება მეცნიერული სულით. ეს თანდაყოლილი თვისებაა, რომელსაც ადამიანი შემდგომში ავითარებს, მაგალითისთვის ექვთიმე თაყაიშვილი მოიხსენია. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ იმ გარემოს, სადაც ადამიანი იბადება დიდი მნიშვნელობა აქვს მის მეცნიერად ჩამოყალიბებაში, ცისანა აბულაძეს ამაში მართლაც გაუმართლა, მისი ბიძა იუსტინე აბულაძე ცნობილი ფილოლოგი, ირანისტი და რუსთველოლოგი გახლდათ. სწორედ მისი რჩევით ჩაირიცხა ახალგაზრდა გოგონა აღმოსავლეთმცონეობის ფაკულტეტზე. წინა გადაცემაში ჩემს მიერ ნახსენები ფოტო, სადაც ბატონი სერგი ჯიქიასა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა გოგონას ხელებია აღბეჭდილი, სწორედ ქალბატონი ცისანას იმ მეცნიერული გზის დასაწყისზე მიგვითითებს, რომელსაც მან ასე ჯიუტად უერთგულა მთელი ცხოვრება.
საუბარს ნანა ჯანელიძის ფილმის „გალობის რაინდების“ ლაიტმოტივად ქცეული ფრაზით დავასრულებ: „ცხოვრება არჩევანს ყველას სთავაზობს, გზას ისტორიისკენ მხოლოდ ერთეულები ირჩევენ.“

დღეს ჩვენ ვსაუბრობდით ოსმანისტ-თურქოლოგ ცისანა აბულაძეზე, რომელმაც ამ ორი ქვეყნის კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობებს ოსმალური დოკუმენტების გაშიფვრით ნათელი მოჰფინა.



მსგავსი ინფორმაციები