„ლიტერატურა ჩაის თანხლებით" - 21/2015 - ოღუზ ათაი

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ - 21/2015 - ოღუზ ათაი - „შიშის მოლოდინში“

408056
„ლიტერატურა ჩაის თანხლებით" - 21/2015 - ოღუზ ათაი

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ - 21/2015 - ოღუზ ათაი - „შიშის მოლოდინში“

მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო ცხოვრებითა და შემოქმედებით მრავალმხრივ მწერალზე ოღუზ ათაიზე. აქვე მინდა დავძინო, რომ დღევანდელი გადაცემა მიეძღვნება მხოლოდ მისი ცხოვრებისა და ერთი უმნიშვნელოვანესი ნოველის განხილვას. ოღუზ ათაი გარდა ნოველისტობისა, დრამატურგი და შესანიშნავი რომანისტიც გახლდათ. მის მთავარ რომანზე, რომელიც ქართულად ასე შეგვიძლია ვთარგმნოთ „ფეხმოუკიდებელნი“ და პიესაზე „თამაშით მოთამაშენი“ სავარაუდოდ, შემდეგი სეზონის გადაცემაში ვისაუბრებთ. საქმე ის გახლავთ, რომ „ფეხმოუკიდებელნი“ საკმაოდ რთულად აღსაქმელი და სქელტანიანი რომანი გახლავთ, ამიტომაც მის დამუშავებას და თქვენამდე მოტანას დრო დასჭირდება.

მივუბრუნდეთ დაწყებულ თემას. ოღუზ ათაი 1934 წელს თურქეთის პატარა ქალაქ ინებოლუში დაიბადა. 30-იანი წლების თურქეთის მოსახლეობის 80% წერა-კითხვის უცოდინარი იყო, ოღუზ ათაის გაუმართლა, ის სწავლულთა ოჯახში დაიბადა, სწორედ ეს გახლდათ შემდგომში ათაის მრავალმხრივი შემოქმედების საფუძველი.

ათაი პროფესიით ინჟინერი გახლდათ, თუმცა ეს საქმე არასოდეს ხიბლავდა. წერა მოგვიანებით დაიწყო, მანამდე კი მარქსიზმმა გაიტაცა. ერთგვარი ჯგუფიც კი ჩამოაყალიბა, რომელშიც რამდენიმე მემარცხენე ახალგაზრდა გაწევრიანდა. ამ პერიოდში გაეცნო დოსტოევსკისა და კაფკას შემოქმედებას. მის თითქმის ყველა ნაწარმოებში, ნოველებში, რომანებსა და პიესებში უმეტესად საზოგადოებისგან გარიყულ სწავლულ ადამიანებს ვხვდებით. ათაის შემოქმედება უმეტესწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. მისი ბიოგრაფებიც აღნიშნავენ, რომ მან ნაწერებში თავისი ცხოვრების პატარ-პატარა ეპიზოდები ჩადო. თავადაც ერთგან წერს: „ცხოვრებისეული ერთი ნოველის დაწერაც კი ისევე რთულია, როგორც თავად ცხოვრება.“

ოღუზ ათაის ნოველა, სახელწოდებით „შიშის მოლოდინში“ 1973 წელს გამოქვეყნდა. ამ ნოველას ეპიგრაფად მარტინ ჰეიდეგერის სიტყვები მოუხდებოდა: „შიში აქვეა, მხოლოდ ძინავს.“ ოღუზ ათაის ნოველაში კი შიში ამ სიტყვებით შემოდის: „უცებ კონვერტი დავინახე.“ მოთხრობა ერთი შეხედვით მარტივი სიუჟეტისაა, თუმცა ნოველის კვალობაზე საკმაოდ დიდია. შეიძლება ითქვას, თურქულ ლიტერატურაში ოღუზ ათაიმ ახალი მოდერნისტული სიმბოლოები შემოიტანა, თუმცა მას არ უყვარს საგნების ნატურალისტური აღწერა, მისი სტილი გაღარიბებულია. საკმაოდ მოკლე და ტევადი წინადადებებით აღწერს ყოფითობას. ნოველაში მოთხრობილია ერთი სწავლული კაცის ამბავი, რომელიც ქალაქის გარეუბანში მარტო ცხოვრობს და მისი ყოველი დღე ერთნაირი მოსაწყენი რიტმით მიმდინარეობს. ერთ დღეს კი ყველაფერი იცვლება; მოთხრობის პერსონაჟი თავის მისამართზე მიიღებს კონვერტს, რომელშიც დევს გაურკვეველ ენაზე დაწერილი წერილი. მკვდარ ენათა ინსტიტუტში მისი მეგობარი მუშაობს, წერილის ტექსტსაც სწორედ მას გადაათარგმნინებს. როგორც წერილიდან ირკვევა, ამ წერილის ადრესატი სახლიდან არ უნდა გავიდეს, თორემ სიკვდილი არ აცდება. აბა წარმოიდგინეთ, იმ კაცის მდგომარეობა, რომელიც მარტო ცხოვრობს, მისთვის ცხოვრებას აზრი დიდი ხანია დაუკარგავს, ადამიანებსაც აღარ ახსოვთ, ახლა კი ასეთ წერილს იღებს. მისთვის დაიწყო ახალი ცხოვრება, რომელიც მხოლოდ ორი სიტყვით შეგვიძლია დავახასიათოთ: შიშის მოლოდინში.

ოღუზ ათაის თავის ნოველებში ე.წ. კაფკაესკების გამოყენება უყვარს. კაფკას შემოქმედებაც ხომ მეტაფორებს მოკლებული სიტუაციური ლიტერატურაა. ათაიც ამ ნოველაში კაფკას შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ნაწარმოების „მეტამორფოზა“ ან სხვანაირად „გარდასახვა“ მისამართით ე.წ. მესიჯს გზავნის. მოთხრობის პერსონაჟი თავს გრეგორ ზამზას ანუ ხოჭოდ გადაქცეულ კაცს ადარებს. ის აბსოლუტურად გარიყულია ადამიანთა ყოფისაგან. ერთგან ამბობს: „სამყარო მხოლოდ ჩემნაირი ადამიანებით რომ დასახლებულიყო, მხოლოდ ბეტონის უდაბნოს დაემსგავსებოდაო.“ ოღუზ ათაის ნაწარმოებებში პესიმიზმი, არაფრის მოლოდინი და შიში, მწერლის პირადი განცდების გამოძახილადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ; თურქეთის 60-იან წლებში რეჟიმის წინააღმდეგ სტუდენტურმა გამოსვლებმა სისხლიანი რევოლუცია გამოიწვია და საბოლოოდ ამ ყველაფერმა ერის მემარცხენე და მემარჯვენე მხარეებად დაყოფას დაუდო საფუძველი. ამ პერიოდში ათაიმ თავისი მარქსისტული მრწამსი გვერდით გადადო და რეალობის თავისებურად გამოხატვა დაიწყო. 70-იან წლებში მსგავსი რევოლუცია ისევ განმეორდა; დაიწყო მასიური დაპატიმრებები, საღმა აზრმა ერში ძალა დაკარგა. ათაიმაც მშვენიერ ხერხს მიმართა და წერა დაიწყო. ადგილის, დროისა და ვინაობის აღწერის გარეშე ერთი ადამიანის შიშის მოლოდინში გატარებული რამდენიმე დღე გვაჩვენა და თავისი მწერლური ოსტატობაც გამოავლინა. ნოველაში მოვლენები ასე ვითარდება; წერილით დაშინებული კაცი სახლიდან მიდის, თუმცა რამდენიმე დღეში უკან ბრუნდება თავის სიმარტოვესთან და შიშთან შესახვედრად. მაგრამ აღმოაჩენს, რომ მის სახლს ანგრევენ. სახლთან ერთად მისი სიმარტოვეც და შიშიც გაქრა. იქნებ სახლის ნგრევა რეჟიმის ნგრევის სიმბოლო არის, იქნებ დიდი ცვლილებების, პიროვნული ფერისცვალების შემდეგ შიშიც ქრება. ვინ იცის?!

ლიტერატურის მკვლევარები როგორც აღნიშნავენ, კაფკას ნოველის პერსონაჟი გრეგორ ზამზა ისე მოკვდა, თავის ხოჭოსებურ სხეულში ფრთები ვერ აღმოაჩინა. პატარა ადამიანები ამ სამყაროზე ფიქრით, სხვებზე ზრუნვით ისე კვდებიან, მათ არყოფნასაც ვერავინ ამჩნევს. ისინი კი სხვებზე ფიქრით დამძიმებულნი ფრენასაც ვერ ახერხებენ. ათაის ნოველის გმირს კი მიეცა შესაძლებლობა სხვა კაცად ქცეულიყო. მას ხომ ის საყრდენიც გამოაცალეს, რომელიც რაღაცით მაინც ამაგრებდა ამქვეყნიურ მიწას. თუმცა ფერისცვალების ნაცვლად ის ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში დაქორწინებას გადაწყვეტს; თუმცა ოჯახის შექმნა ისეთ ადამიანთან სურს, რომელიც არ უყვარს; ფაქტობრივად მის ირგვლივ ყველაფერი აბსურდის ნისლშია გახვეული, თითქოს მისგან დამოუკიდებლად ხდება ყველაფერი. ბეკეტის გენიალური პიესის „გოდოს მოლოდინის“ პერსონაჟების მსგავსად მას მოქმედება, რაღაცის გაკეთება უნდა, მაგრამ ადგილიდანაც არ იძვრის. აი რაში მდგომარეობს მისი ყოფიერების უშინაარსობა. გრეგორ ზამზას ჩვეულებრივი ადამიანის სხეულში ყოფნისას მაინც ოჯახისათვის სარგებელი მოჰქონდა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ხომ ეგ იყო. თუმცა მისი სიკვდილი მაინც არავინ განიცადა. აბა ჩვენს პერსონაჟს რისი იმედი უნდა ჰქონოდა, როცა სიცოცხლეში თავად არავინ გახსენებია, მას ვინ მოიგონებდა?! თუმცა აქ მეორე მხარეც არის, ათაის ამ პერსონაჟით ე.წ. ნაკითხი ადამიანის ქედმაღლური დამოკიდებულების ჩვენება სურდა, თუმცა ნოველის დასასრულს ვხედავთ, რომ მან ცოდნაც ვერაფერში გამოიყენა და ბოროტ, უსარგებლო კაცად იქცა. თუმცა მისი უსარგებლობა მხოლოდ მისი ბრალია და არა მის ირგვლივ მყოფი გულგრილი ადამიანების. გრეგორ ზამზას პერსონაჟი კი იმით განსხვავდება მისგან, რომ ზამზა სხვებზე მზრუნველია, თუმცა ამ შემთხვევაში მისადმი არიან გულგრილად და უგულოდ განწყობილნი.

როგორც არ უნდა იყოს, მოდერნისტი მწერლები იქნება ეს კაფკა თუ ათაი, ყოფის აბსურდულობას წარმოაჩენენ თავიანთ ნაწარმოებებში. აბსურდულია არა თავად ადამიანი, არამედ ის ყოფა რაშიც უწევს ცხოვრება ამ ადამიანებს. ათაის შემოქმედება არ არის დიდაქტიკური ლიტერატურა, ის არ გვმოძღვრავს, გზას არ გვიჩვენებს. უბრალოდ აღწერს ერთი რიგითი მოქალაქის ცხოვრებას, თუმცა იმდენად მტკივნეულად განვიცდით მის ყოველ ფუჭ ნაბიჯს, რომ უკვე ძალდაუტანებლად გვიჩნდება სურვილი გარდასახვის, მეტამორფოზის.

გადაცემას ათაის სიტყვებით დავამთავრებ: „ალბათ ყველაზე დიდი თავისუფლება ადამიანს სიკვდილის წინ ერგება ხოლმე, როცა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის პირისპირ რჩება.“

 



მსგავსი ინფორმაციები