„ლიტერატურა ჩაის თანხლებით" - 20/2015 - ჰალდუნ თანერი

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ ჰალდუნ თანერი

405639
„ლიტერატურა ჩაის თანხლებით" - 20/2015 - ჰალდუნ თანერი

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ ჰალდუნ თანერი

მოგესალმებით. დღეს მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი თურქი მწერალი და დრამატურგი ჰალდუნ თანერი. თანერს ქართული საზოგადოება უკვე კარგა ხანია იცნობს. მისი ცნობილი პიესა „ქეშანელი ალის ამბავი“ და მოთხრობათა კრებული „აწვიმდა სტამბოლს“ თურქოლოგ ქალბატონ ლია ჩლაიძის მიერ არის ნათარგმნი. ასევე ქალბატონი ლიას მიერ თარგმნილი თანერის მოთხრობების ნაკრები, სახელწოდებით „სანჩოს გასეირნება“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამაც შესთავაზა ქართველ მკითხველს. ასე რომ ჰალდუნ თანერი ჩვენში უცხოობას არ განიცდის.

თანერი 1915 წელს სტამბოლში დაიბადა. გალათასარაის ლიცეუმის დამთავრების შემდეგ სტიპენდია მოიპოვა და გერმანიაში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაკულტეტებზე ერთდროულად ჩაირიცხა. უცხოეთში ყოფნისას ტუბერკულოზით დაავადდა და ამიტომ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. ავადმყოფობის პერიოდში ლიტერატურამ ისე გაიტაცა, რომ თვითონაც დაიწყო წერა. თავიდან პატარ-პატარა ჩანახატებს (სკეტჩებს), რადიოსპექტაკლების სცენარებსა და ნოველებს წერდა. მისი სცენარები ხელისუფლებისა და ზოგადად გაყეყეჩებული ადამიანების გასამათრახებელი სარკაზმით იყო სავსე, ამიტომაც თანერი იმთავითვე ყურადღების ცენტრში მოექცა. მისი ნოველები თუ სცენარები ადამიანთა ნაკლოვანებებზე დახვეწილი იუმორით, შეფარვით მიუთითებდა მკითხველს. თანერი თეატრმცოდნეობის შესასწავლად ვენაში გაემგზავრა და ჯოზეფ სტადის თეატრში ასისტენტადაც კი დაიწყო მუშაობა. დრამატულ თეატრს ეპიკური ჩაანაცვლა და ამ ჟანრში დაიწყო პიესების წერა. ამ წლებში თურქული კინოს აყვავების ხანაში „იეშილჩამის“ კინოსტუდიისთვისაც წერდა სცენარებს.

უკვე პენსიაში გასულმა თანერმა კაბარეს თეატრის პიესების შექმნა დაიწყო და ახალი თეატრიც ჩამოაყალიბა, სახელწოდებით „დევექუშუ ქაბარე თიატროსუ“ ანუ „სირაქლემა - კაბარეს თეატრი“. თუმცა მისი ბოლოდროინდელი ნამუშევრებიდან ყველაზე დიდი წარმატება პიესამ სახელწოდებით „ქეშანელი ალის ამბავი“ მოიპოვა. პიესა მალევე ითარგმნა ევროპულ ენებზე და ევროპის თეატრის სცენებზეც დაიდგა.

თანერის ცხოვრებაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. მამის მხრიდან ქართული წარმოშობის მწერალს ქართული კარგად ესმოდა, თუმცა ვერ ლაპარაკობდა. ის საქართველოს ეწვია კიდეც და ქალბატონ ლია ჩლაიძესაც დიდი პატივით შეხვდა, როგორც მისი ნაწარმოებების მთარგმნელს.

პოლიტიკურ მეცნიერებაში განათლებული მწერალი სიმართლის თქმას ყველაზე კარგად პიესებითა და ნოველებით ახერხებდა. კაბარეს თეატრისთვის დაწერილი სცენარები მას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენების ზუსტად გადმოცემაში ეხმარებოდა. მისი ერთი პიესა, სახელწოდებით „ვირის ჩრდილში“, მხოლოდ იმის გამო აიკრძალა, რომ მისი შინაარსი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის პროპაგანდად მიიჩნიეს. ხელოვანთა ბედი ყველა ქვეყანაში მსგავსია. ისინი იდევნებიან სიმართლის თავისებურად გადმოცემის გამო.

კაბარეს თეატრის მიზანიც ხომ ხელისუფლებისა თუ ხალხის მანკიერი მხარის მხილებელი სიცილის იარაღია. თანერის თქმით, სიცილი თავისუფლებაა. მაყურებლის გაცინება და თანაც ამით მისთვის სიმართლის ჩვენება, აი თანერის დრამატურგიის მიზანი. ამიტომაც მიიჩნევს ჰალდუნ თანერი თავს არისტოფანესა და მოლიერის საქმის გამგრძელებლად.

ორი სიტყვით მინდა შევეხო თანერის ცნობილ პიესას „ქეშანელი ალის ამბავი“. პიესის პერსონაჟები იმდენად ცოცხალი ენით საუბრობენ, რომ ისინი ყველა ქვეყნის მკვიდრები ხდებიან თავიანთი შეხედულებებით პოლიტიკის, ხელოვნების, სამზარეულოსა თუ ტაბუდადებული ურთიერთობების შესახებ. პიესის ქართულად თარგმანიც ქალბატონმა ლია ჩლაიძემ იმდენად ოსტატურად შეასრულა, რომ ნაწარმოების გამოქვეყნებისთანავე ფრთიანი იუმორისტული ფრაზები ქართულმა საზოგადოებამ აიტაცა და ზოგს ქართულიც ეგონა ზოგიერთი მათგანი. ქეშანელი ალი ისეთი ტიპიური პერსონაჟია, რომ ყველა ქვეყანაში მოიძებნება მისი პროტოტიპი. ამიტომაც პიესამ დიდი წარმატება მოიპოვა რამდენიმე ქვეყანაში, თანერის მიზანიც ეს იყო, პიესის დასრულებისთანავე თეატრის კოლექტიურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ამ სპექტაკლით შორს გაფრინდებოდნენ; ასეც მოხდა.

გერმანელი რეჟისორი ჰანს შვეიქართი თეატრის შესახებ ამბობს: „ თეატრის დანიშნულებაა ადამიანებს დაანახოს თავიანთი ცხოვრების უცნობი დეტალები, ან კიდევ ის ცხოვრებისეული მომენტები, რომლებსაც თავად გაურბიან.“ თანერმა თავისი დრამატურგიული შემოქმედება სწორედ ამ დანიშნულებას მოარგო.

ჰალდუნ თანერის ნოველებს რაც შეეხება, მათგან მინდა გამოვარჩიო ნოველა, სახელწოდებით „სანჩოს გასეირნება“. „სანჩოს გასეირნება“ ძაღლის ენით მოთხრობილი ერთი ჩვეულებრივი ამბავია; თუმცა ნოველაში ძაღლების მეშვეობით მათი პატრონების ამოცნობა შეიძლება. ცხოველის ენით გადმოცემულ ამ გენიალურ მოთხრობაში ადამიანთა სოციალურ ფენათა შორის რადიკალურ განსხვავებასა და ადამიანთა ურთიერთობების დეგრადირებასაც ვხედავთ.

ჰალდუნ თანერი ყველა ქვეყნის მკვიდრი მწერალია თავისი გენიალური შემოქმედებით, ამას მისი სიტყვებიც მოწმობენ: „ჩვენ მწერლები, რომელი ქვეყნის შვილებიც არ უნდა ვიყოთ, მაინც ერთი ეროვნება გვაქვს, ეს ეროვნება მწერლობაა; ტკივილი ყველგან ტკივილია და ჩვენ, მწერლები, ადამიანების ტკივილს განვიცდით.“


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები