„ლიტერატურა ჩაის თანხლებით" - 15/2015

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ საით ფაიქი - თევზის გაადამიანება

341151
„ლიტერატურა ჩაის თანხლებით" - 15/2015

ლიტერატურა ჩაის თანხლებით“ - 15/2015

საით ფაიქი - თევზის გაადამიანება

მოგესალმებით. საით ფაიქ აბასიანიკი გახლავთ თურქი ნოველისტი. ეს არის კაცი, რომელმაც თევზის გაადამიანება შეძლო თავისი ენობრივი და ღრმა ფილოსოფიური ძიებებით. თავის დროზე ზვიგენების და ადამიანების შედარების საოცარი მაგალითი მოგვცა ბერტოლდ ბრეხტმაც, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. დღეს კი მინდა ვისაუბრო საით ფაიქზე, მსოფლიო ნოველისტზე, რომლის გვერდით დგომაზე უარს არ იტყოდა არც ფრანგი ნოველისტი გიდე მოპასანი და არც ქართველი გურამ რჩეულიშვილი.

საით ფაიქ აბასიანიკი თურქეთში, შიდა ანატოლიაში, ადაფაზარში 1906 წელს დაიბადა. იმის გამო, რომ მუსლიმური ბაირამის რამაზანის დღეს მოევლინა ქვეყანას, სახელად საითი იგივე მილოცვა დაარქვა დედამ. საით ფაიქი უცნაური ბავშვი და შემდგომში განსხვავებული ახალგაზრდა იყო. უნივერსიტეტში თურქული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი მესამე კურსზე მიატოვა. ეკონომიკის შესასწავლად მამამ ლოზანაში გაგზავნა, თუმცა შვეიცარიის მოწესრიგებული ყოფა არ მოეწონა და საფრანგეთში ქალაქ გრენობლში დასახლდა. ეს ქალაქი მას სტამბოლს აგონებდა, ამიტომაც მწერლობის გზაზე დამდგარმა და ამ ქალაქისგან მოხიბლულმა საით ფაიქმა შემდგომში ბევრი ნოველა დაწერა. საერთოდაც, საით ფაიქის მოთხრობები ბიოგრაფიული ხასიათისაა. თუკი სადმე ვინმე გაუცვნია, მედუქნეებიდან მეთევზეებამდე, თითქმის ყველას თავისი ნოველებით ძეგლი დაუდგა. საით ფაიქმა ახალი სტილი შეიტანა თურქულ ნოველაში, მართალია თავად წინამორბედი ნოველისტი საბაჰათინ ალი მოსწონდა, თუმცა ალისაგან განსხვავებით ის თავისებურ თვითმყოფად და მანამდე არარსებულ სამყაროს ჰქმნიდა ნოველებში. აქ უნდა დავამატო ისიც, რომ საბაჰათინ ალის ჩვენ ცალკე გადაცემას მივუძღვნით. საით ფაიქის ნოველები მისი ცხოვრების ეტაპების მიხედვით იცვლება. პირველი მოთხრობების კრებული 1936 წელს გამოაქვეყნა, შემდეგში უფრო ინტენსიურად დაიწყო კრებულების გამოცემა. თუმცა მის ახლებურ სტილს და როგორც თავად საითი ამბობდა, მის არავარდისფერ ფერებში დახატულ ამბებს, ვერ შეეგუა მაშინდელი ერთპარტიული მთავრობის ხელმძღვანელობა და მოთხრობების გამო გაასამართლეს კიდეც. თუმცა სარჩელი მალევე მოუხსნეს.

მამისგან დატოვებული ქონების გამო მას არ მოუწია ყოველდღიურ ყოფაზე ზრუნვა და ამიტომაც თავი მთლიანად მწერლობას მიუძღვნა. საით ფაიქი მძიმედ დაავადდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში. მას ღვიძლის დაავადება ცეროზი დაუდგინეს. დიაგნოზის გაგების შემდეგ მწერლის ცხოვრებაში იწყება ნაყოფიერი პერიოდი. ის სახლდება სტამბოლთან ახლოს მდებარე ბურგაზის კუნძულზე და იწყებს დღედაღამ შეუჩერებლად წერას. ექიმების რჩევით ის სამკურნალოდ პარიზში მიემგზავრება, თუმცა იქაური ექიმის თქმით ავადმყოფობა სერიოზულ ფაზაშია შესული და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს. საით ფაიქმა იფიქრა, რომ სტამბოლისგან შორს სიკვდილს ცოტა ხნით სიცოცხლე, მაგრამ სამშობლოში სიკვდილი სჯობდა. ამიტომაც მკურნალობის გარეშე სტამბოლში დაბრუნდა და მალევე 1954 წელს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე კი დედას დაუბარა, რომ მისი წიგნებიდან შემოსული თანხა და სტამბოლში მისი რამდენიმე სახლი გადაეცათ მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის. დედამ პირნათლად შეასრულა შვილის ანდერძი. დღემდე არსებობს საით ფაიქის სახელობის ნოველისტთა ჯილდო, რომელიც თურქულ ლიტერატურულ სამყაროში საკმაოდ ღირებულ ჯილდოდ მიიჩნევა. საით ფაიქი სიცოცხლეში მარკ ტვენის საზოგადოების წევრიც იყო. მას უხაროდა, რომ მსოფლიო მასშტაბის ამ საზოგადოების წევრებს შორის თურქული სახელი და გვარიც იყო.
საით ფაიქს ბევრი მეგობარი არ ჰყავდა, თუ არ ჩავთვლით იმ მეთევზეებს, რომლებთანაც ერთად გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები და მათთან განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა. თუმცა მის მეგობრებში გამორჩეული ადგილი მაინც ბედრი რაჰმის უჭირავს. ჩვენ ბედრი რაჰმიზე, როგორც პოეტსა და მხატვარზე გადაცემა გვქონდა, როგორც გახსოვთ. სტამბოლში ბედრი რაჰმის სამხატვრო ატელიე მწერლების შეხვედრის ადგილიც იყო. საით ფაიქიც ხშირად სტუმრობდა თურმე მას. ერთხელაც საითს თავისი მოთხრობების კრებული მიუტანია ბედრი რაჰმისათვის, სამაგიეროდ კი მისი წიგნი აუღია. წიგნების გაცვლის შემდეგ ჯერი ხელმოწერაზე რომ მიმდგარა, განცვიფრებულებს ერთმანეთისთვის შეუხედავთ, ორივე მათგანს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წიგნზე ასეთი რამ წაუწერია: მარჯნის ოსტატი. მარჯნის დამუშავება რთული საქმეა, ოსტატობას საჭიროებს, ბედრი რაჰმიც და საით ფაიქიც ხომ თავიანთ საქმეში მარჯნის ოსტატობას იჩენდნენ.
საით ფაიქის სიცოცხლეში გამოცემულ მის პირველ მოთხრობების კრებულში სახელწოდებით „სამოვარი“ ამავე დასახელების ნოველაა შესული. კითხულობ ამ მოთხრობას და გახსენდება ალბერ კამიუს „უცხო“. მე არ ვიცი წაკითხული ჰქონდა თუ არა საითს კამიუ, მაგრამ ფაქტი ერთია, გენიალური მწერლები ზოგჯერ ერთმანეთის დაუკითხავადაც, ერთნაირი ალღოთი შეიგრძნობენ სამყაროს. ნოველაში „სამოვარი“ დედის სიკვდილით გამოწვეული სევდა და ამის ფონზე სიკვდილთან დაახლოვების შეგრძნება ერთი მუშის რამდენიმე დღიანი ცხოვრებითაა ასახული მწერლის მიერ. საით ფაიქი იმ ნოველისტთა არც თუ ისე დიდ ჯგუფს მიეკუთვნება, სიტყვის ზომა და წონა რომ იციან. ის არ ხარჯავს ბევრ სიტყვას, თუმცა მის მიერ დაწერილი თითოეული სიტყვა მრავალფუნქციურია. საით ფაიქის ნოველებს ასეთი დამღა აქვთ თითქოს დაკრული: იწყებიან სრულიად ჩვეულებრივად, დასასრული კი მუშტის დაკვრასავით მოულოდნელი და ზოგჯერ ტკივილამდე შემძვრელია. ვისი თუ არა, გურამ რჩეულიშვილის, ნოველებსაც მსგავსი დელიკატურობა ახასიათებს. მე საითსა და გურამს მონათესავე სულებად აღვიქვამ. ორივე მათგანი მეგობრობდა მშრომელ ხალხთან, მათთან ვინც თავიანთ პურს თავიანთი ოფლით ჭამს. თანაც ორივეს ზღვა განსაკუთრებულად უყვარდა. ორივე მწერალს განსხვავებულისაკენ სწრაფვა და ფორმის ძიება, არადამაკმაყოფილებლობა ახასიათებდათ. გურამი ერთგან წერს: „მე ვამაყობ, რომ ვარ იმ ერის შვილი, რომელსაც არასოდეს არ აკმაყოფილებს თავისი არსებული ფორმა, რადგან არ იცის რომელია ის - არადამაკმაყოფილებლობა არსებულით, ეს არის ფორმა და ამას ჰქვია ქართველი კაცი. “მართალია აქ გურამი თავის თავთან ერთად ერსაც გულისხმობდა, თუმცა ასეთი მდგომარეობა ხელოვანებისთვისაც არ არის იშვიათი რამ.

საით ფაიქმა სიკვდილ-სიცოცხლის კავშირის ღრმა ფესვების ძიებაც კი დაიწყო მას შემდეგ, რაც თავისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ გაიგო. ამის ფონზე შეიქმნა მოთხრობა, სახელწოდებით „დურგალა თევზის სიკვდილი“. ეს ნოველა თქვენმა მონა-მორჩილმა, ამ გადაცემის ავტორმა თარგმნა და ქართულ ლიტერატურულ ჟურნალში „პალიტრაში“ გამოაქვეყნა კიდეც. ნოველა ღრმა ფილოსოფიური დატვირთვისაა და დურგალა თევზის სიკვდილთან ბრძოლის სცენას აღწერს. ეს ხომ თავად მწერლის ბრძოლაა სიკვდილთან. თუმცა იმდენად ღირსეული, რომ განცვიფრებასაც კი იწვევს ჩვენში. „თითქოს ჩემს შიგნით, დურგალა თევზის გულში დაგროვილი შიში მთელი სიცხადით შევიგრძენი. ამ შიშს ჩვენ ყველა ვიცნობთ: ეს სიკვდილის შიშია...“ საით ფაიქი ცეროზისგან დიდხანს იტანჯებოდა, დრო და დრო მას ტკივილი იმდენად უმძაფრდებოდა, რომ მკურნალობას თავს ანებებდა და მხოლოდ სმას იწყებდა. ცნობილია, რომ დურგალა თევზი, როცა მას ანკესს ამოსდებენ და ნავზე აიყვანენ, 24 საათის განმავლობაში არ კვდება, ბოლომდე იბრძვის და თანაც საშინელ, სიკვდილის მომასწავებელ ხმებს გამოსცემს. დურგალა თევზი ოქროსფერია, თუმცა სიკვდილამდე ფერებს იცვლის, სულ ბოლოს კი თეთრდება. საით ფაიქი ერთხელ ასეთ ამბავს შესწრებია, დურგალა თევზი ანკესით დაუჭერიათ და აკაციის ხეზე დაუკიდნიათ. თევზის სიკვდილთან ბრძოლას მწერალი თავად შესწრებია, თუმცა მისი თქმით, თევზი ქანაობისას თითქოს ცეკვავდა, თუმცა ეს ცეკვა სხეულისგან სულის გაყრის რიტუალს უფრო ჰგავდაო, წერს საითი. საით ფაიქი თითქოს თევზს ადარებს თავის თავს, ისიც ხომ სიკვდილთან იბრძოდა და დანებება არ უნდოდა. ნოველის ეპილოგში აი, რას სწერს: „მთავარია ჩვენს ხელში მოხვედრილიყო, ჯერ დაიბნეოდა, შემდეგ კი დაგვმორჩილდებოდა. მისგან დაბოღმილ, გარიყულ პოეტს შევქმნიდით. ერთ დღეს თავის სიფაქიზეს, მეორე დღეს სიყვარულს წავართმევდით.“ თევზის სხეულში ადამიანის ჩასახლების საოცარი მიგნებაა. ბერტოლდ ბრეხტმა მსგავსი ალეგორია გამოიყენა, თუმცა ზვიგენებთან მიმართებაში: ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ, თევზებს შორის ამჟამინდელი თანასწორობის ყოველგვარი კვალი გაქრებოდა. ზოგიერთი მათგანი თანამდებობებს მიიღებდა და სხვებზე მაღლა იდგებოდა.“ ალბათ მართლაც დიდ მწერლებს შეუძლიათ სიმართლე ამგვარად თქვან, ბრძნულად და გარდასახვით.

საით ფაიქის ზღვისა და სტამბოლისადმი სიყვარული და ლტოლვა მისი ნოველების თითქმის ძირითად თემად იქცა. ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“ც კი გვახსენდება, როცა მის ნოველას „სინარით ბაბას“ ვკითხულობთ. სინარით ბაბა თევზის სახეობაა, ნოველაში ის ჭკვიანი და წინდახედული თევზია, თითქმის ჰემინგუეის დიდი თევზის მსგავსად. ჰემინგუეისთან მოხუცის ფიქრების მოზიარე ვხდებით, საით ფაიქთან კი ადამიანის ენით ალაპარაკებულ თევზს ვუგდებთ ყურს. საით ფაიქის თევზი ღირსეულ მეთევზეს და მის ბადეს ეძებს, თუკი ასეთს იპოვის, მაშინ მზად არის დანებდეს მას.

საით ფაიქის ნოველების შეჯამებით თურქეთის სახელწიფო თეატრში სპექტაკლიც დაიდგა, სახელწოდებით „მათთვის ვისაც ეს მოთხრობა აინტერესებს“. სპექტაკლში მთავარი სათქმელი საით ფაიქის ერთი მოთხრობიდან არის აღებული: „ყველაფერი ადამიანის სიყვარულით იწყება.“


საკვანძო სიტყვები: #ლიტერატურა ჩაის თანხლებით

მსგავსი ინფორმაციები