თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 102

ენერგეტიკული პოლიტიკა თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებში

149175
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 102

 

5-6 დეკემბერს ათენს სტუმრობდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ, რომელსაც თან ახლდა 9 მინისტრი და ამიტომ ორ დღიანი შეხვედრების დროს ორი ქვეყნის ურთიერთობების დამაინტერესებელი მრავალი ასპექტი ფართოდ და დეტალურად განიხილეს. გარდა ამისა ორი ქვეყნის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს რიგით მესამე შეკრებაც ჩატარდა, რომელზედაც ასევე ათობით აქტუალური და პრობლემური საკითხებიც განიხილეს და მათი მოგვარების პერსპექტივებზეც გაამახვილეს ყურადღება

მოკლედ, ათენში განხილული საკითხები სამ ჯგუფად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ამათგან პირველია ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო, ტურისტული, კულტურული და მსგავსი საკითხები. მეორე იყო საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თურქეთის ევროკავშირში სრული გაწევრიანების საკითხები, ხოლო მესამე ჯგუფში შეიძლება შევიყვანოთ მხოლოდ ენერგეტიკული საკითხი, რომელიც ამ ვიზიტის მთავარ და უპირობო განსახილველ თემას წარმოადგენდა და სხვა საკითხები დამატებით ელემენტებს წარმოადგენდა, თუმცა, ამ უკანასკნელებზე არ შეიძლება ითქვას მეორე ხარისხოვანი ან უმნიშვნელო თემები, რადგან, ორი ქვეყნის ურთიერთობები საბოლოო ჯამში ერთ მთლიან სისტემას შეადგენს და რომელიმეს გამოყოფა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს სხვებზე. სწორედ ენერგეტიკა წარმოადგენს ორი ქვეყნის იმ საჯილდაო ქვას, რომელიც ყველაზე პოზიტიურად და პროგრესულად ვითარდება და მისი გაღრმავება-გაფართოება დადებით ზეგავლენას მოახდენს სხვა საკითხებისა თუ პრობლემების მოგვარებას. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ მარმარას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის თანამშრომლის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

ათენის შეხვედრებზე ენერგეტიკული თემის წინა პლანზე გამოსვლას ორი მეტად მნიშვნელოვანი საბაბი გააჩნდა. ამათგან პირველი ის არის, რომ ამ ბოლო ხანებში, უფრო კონკრეტულად კი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დეკემბრის დასაწყისში ანკარაში ვიზიტის შემდეგ თურქეთის პოზიცია ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით კიდევ უფრო გამყარდა, რადგან, მანამდე ანკარამ ნავთობისა და ბუნებრივი აირის საკითხებში შეთანხმებას მიაღწია ასევე ერაყთან და ჩრდილოეთ ერაყის ქურთულ რეგიონთანაც. ამ მოვლენებს კვალდაკვალ მოჰყვა ატლანტიკური საბჭოს ენერგეტიკისა და ეკონომიკის სხდომის სტამბოლში ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მოკლედ, ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ენერგეტიკული თვალსაზრისით მეტად მწირი თურქეთის კრიტიკული როლი და მნიშვნელობა საერთაშორისო ენერგეტიკულ პოლიტიკაში, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ აწარმოებს ნავთობს ან გაზს, მათი მწარმოებელი და მომხმარებელი ქვეყნების გადამკვეთი რეგიონის გზაჯვარედინზე აღმოჩნდა.

ახლა ანკარა ეცდება თავისი ეს გეოპოლიტიკური მდგომარეობა გამოიყენოს როგორც მწარმოებელთა, ასევე მომხმარებელთა სასარგებლოდ და თვითაც გამოიყენოს ეს სტრატეგიული მდგომარეობა. ახლა ანკარამ ეს უპირატესობა რომ გამოიყენოს, რეგიონის და მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებთან ურთიერთობებში და საგარეო პოლიტიკაში ნდობის, სტაბილურობის და მშვიდობის ელემენტები უნდა გააღრმავოს და განავითაროს. ამ მხრივ კი ამ ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანია კვიპროსის და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ენერგეტიკულ წყაროებთან დაკავშირებით წარმოქმნილი კრიზისის და პრობლემების აუცილებელი მოგვარება. აი სწორედ ესეც იყო დავუთოღლუს ათენში ვიზიტის კიდევ ერთ ერთი მთავარი მეორე მიზეზი.

ათენური შეხვედრების შემდეგ გავრცელებული მესიჯები იმის მიანიშნებდა, რომ ორივე მხარე მოწადინებულია და დაინტერესებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ენერგეტიკულ წყაროებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებაში, ე.ი. თურქეთი და საბერძნეთი ენერგორესურსების მოპოვება-რეალიზაციის საკითხში მზარდ არიან ფართო ურთიერთთანამშრომლობისათვის. დავუთოღლუმ სწორედ აქედან გამომდინარე ორი ქვეყნის გამყოფ ეგეოსის, მარმარილოს და ხმელთაშუაზღვას ისლამური და ქრისტიანული სამყაროების დამაკავშირებელი ზღვები უწოდა

ანკარა-ათენის ენერგეტიკული თანამშრომლობის კიდევ ერთი განზომილება რუსული ბუნებრივი აირის თურქეთისა და საბერძნეთის გავლით ევროპაში ექსპორტი იქნება. რის შესახებაც განაცხადა პუტინმა ანკარაში ვიზიტისას. მისი თქმით სამხრეთ ნაკადის პროექტს ბულგარეთის ჭირვეულობის გამო აუქმებენ და ახალ პროექტს მოამზადებენ, რომლითაც ახალი გაზსადენი აშენდება რუსეთ-თურქეთს შორის და თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან უდიდესი მოცულობის ტერმინალი აშენდება, საიდანაც ეს გაზი საბერძნეთზე გავლით შემდეგ ევროპაში განაწილდება. აი აქედან გამომდინარეც საჭიროებს თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობების დათბობა-გაძლიერება. ათენურმა შეხვედრებმა და მისმა შედეგებმა დაგვარწმუნა, რომ თურქეთიც და საბერძნეთიც მზარდ არიან არა ცალ-ცალკე, არამედ ერთობლივადაც იმოქმედონ და ითანამშრომლონ ამ საკითხში.

ახლა ათენმაც და ანკარამაც დადებითი მიდგომა უნდა გამოიჩინონ საგარეო პოლიტიკაში და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა უზრუნველყონ ძლიერი თანამშრომლობა ამ ორივე საკითხში. აქედან გამომდინარე საჭიროა ჯერ ერთი კუნძულ კვიპროსის პრობლემის საბოლოო და სამართლებრივი მოგვარება, ხოლო მეორეს მხრივ საბერძნეთმა და სამხრეთ კვიპროსმა ყველა დაბრკოლება უნდა მოხსნან ევროკავშირში, რათა თურქეთიც გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში. ამ მხრივ კი იმედს იძლევა სამარასის მხრიდან დავუთოღლუსთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ წარმოთქმული სიტყვები, რომელშიც იგი ამბობს, რომ თურქეთის სრული გაწევრიანება უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ათენს, ვიდრე წაგებას და ამიტომაც აღარ დააბრკოლებენ და მხარს დაუჭერენ მის გაწევრიანებას. თუმცა აუცილებლად საჭიროა, რომ სამარასის ეს სიტყვები პოლიტიკური ჟესტის დონეზე არ დარჩეს და იგი ცხოვრებაშიც გატარდეს, რათა ბოლო წერტილი დაესვას ამ ორი მეზობელი სახელმწიფოს უთანხმოებებს და სტარტი მიეცეს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, წერს თურქი პოლიტოლოგი რამაზან გოზენი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები