ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 35

მანისას თერმული წყლები

118612
ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 35


ამ ციკლურ პროგრამაში უკვე რამდენიმე ნომერია რაც ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის თერმული კურორტების გაცნობას, რითაც მდიდარია ეს ქვეყანა და ამ მხრივ რეგიონის ერთ ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოთაგანს წარმოადგენს, სადაც მინერალური წყლებით და ტალახებით მკურნალობა უძველესი დროიდან მოდის. დღეს მინერალური და თერმული წყლებით მდიდარ კიდევ ერთ რეგიონს, ეგეოსს და აქ მდებარე მანისას ვეწვევით და გავეცნობით როგორც მის ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, ასევე მისი გეოთერმული ენერგიის პოტენციალზეც ვისაუბრებთ. ამ მიზნით კი ოზლემ იალჩინის მხრიდან მომზადებულ მასალას შემოგთავაზებთ, რომელშიც იგი წერს:

მანისა დასავლეთ ანატოლიაში, გედიზის ზეგანზე მდებარეობს და ერთის მხრიდან ეგეოსის ზღვას ესაზღვრება. რეგიონმა საუკუნეების მანძილზე მრავალ კულტურას და ცივილიზაციას უმასპინძლა რა, მრავალი წერილობითი წყარო თუ ნივთმტკიცებაა შემორჩენილი იმ ეპოქებიდან. ისტორიის ქრონოლოგიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ აქ ჯერ კიდევ ჩ.წ.-მდე 3 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ და ხეთების შემდეგ აქ სახელმწიფოებრიობა შექმნეს ფრიგიელებმა, ლიდიელებმა, მაკედონელებმა, რომაელებმა, ბიზანტიელებმა, სელჩუკებმა, ოსმანებმა და ყველა მათგანმა დასტოვა თავისი კვალი ამ მიწებზე. მანისამ განსაკუთრებით სახელი გაითქვა ოსმანების ეპოქაში, რადგან ქალაქ ამასიის გარდა სწორედ აქ იზრდებოდნენ უფლისწულები და სამეფო კანდიდატებიც პირველ სახელმწიფო მოვალეობას გუბერნატორის სახით აქ ასრულებდნენ. ე.ი. სანამ ოსმანი ფადიშაჰი ტახტზე ავიდოდა, მანამდის იგი აუცილებლად უნდა დანიშნულიყო მანისას ან ამასიის ვალად, ე.ი. გუბერნატორად და აქ იძენდნენ პირველ გამოცდილებას სახელმწიფოს მართვაში

არქეოლოგებმა დღემდე 20-მდე ანტიკური ქალაქი აღმოაჩინეს ოლქში და ამათგან ყველაზე სახელგანთქმულია სარდესი, რომელიც ჩ.წ-მდე მე-7 საუკუნიდან დაწყებული ჩ.წ.-ის მე-7 საუკუნემდის რეგიონის ერთ ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო და კულტურულ ქალაქს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, ეს ქალაქი ერთ ხანობას ლიდიის სამეფოს დედაქალაქსაც წარმოადგენდა და პირველი ლითონის ფული-მონეტაც აქ გამოიცა. არქეოლოგებმა ლიდიური მონეტების რამდენიმე სახეობა მოიპოვეს და ისინი ოქრო-ვერცხლის ნაზავისგან არიან დამზადებულნი. სარდესი რომის ეპოქაშიც მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, მაგრამ, ბიზანტიის ეპოქაში მისი დაღმასვლა იწყება და ბოლოს, ე.ი. თურქების შესვლამდე იგი ნანგრევებად გადაიქცევა

ამ ისტორიული წიაღსვლის შემდეგ გადავიდეთ მანისას თერმული კურორტების გაცნობაზე, რომლითაც როგორც ზემოთაც გითხარით ძალზედ მდიდარია ეს მხარე. ბოზდაღის მთის კალთაზე მდებარეობს სოფელი ჩამურჰამამი, რაც ქართულად ტალახის აბანოს ნიშნავს და სახელიდანაც ჩანს, რომ ეს დასახლება ტალახით მკურნალობის ცენტრს წარმოადგენს. მანისადან 68 კმ-ით დაშორებული ეს კაპლიჯა ზოგიერთების აზრით მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე უძველესი კაპლიჯა არის, რასაც ადასტურებენ არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული ნივთმტკიცებანი, რომელთა მიხედვით ლიდიის ეპოქაში აქაური თერმული წყლებით ზოგიერთ დაავადებას მკურნალობდნენ. მართლაც და აქაური წყლები მრავლად შეიცავენ კალციუმს, ნატრიუმის ბიკარბონატს, და გოგირდს, რის გამოც მათ დასალევადაც იყენებენ და სამკურნალოდაც. მოკლედ, აქაური თერმული წყლები რევმატიზმის, ნევრალგიის, კანის პრობლემების, სასუნთქი გზების და გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში გამოიყენებიან. სხვა კაპლიჯებს შორის დავასახელებთ კურშუნლის, ურგანლის, დემირჯის, ჰისარის, კულას და სომას კაპლიჯებსაც და მათ შორის ყველაზე პოპულარულია კურშუნლუ, რომლის თერმული წყლები პირველ კატეგორიაში შედიან. აქაური წყლის ტემპერატურა პლიუს 52-96 გრადუსს შორის მერყეობს რა, უებარი წამალია რევმატიზმის, კანის, ქალთა და ართრიტის დაავადებებისთვის. მანისას ოლქში მდებარე ურგანლის კაპლიჯას შესახებ წერს მე-17 საუკუნის დიდი თურქი მოგზაური ევლია ცელები თავის საჰაიათნამეში, რომელსაც იგი თავად სწვევია 1600 წელს. “აქ ერთი საოცარი წყალია, რომელსაც სვამენ, ან მასში ბანაობენ და ავადმყოფები შვებას პოულობენ“, წერს ევლია ჩელები. ურგანის თერმული წყლის საშუალო ტემპერატურა 50-დან 78 გრადუსამდე მერყეობს და გამოიყენება რევმატიზმის, მოტეხილობის, ართრიტის, რადიკულიტის, ეგზემას, ბუასილის, კანის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ასე რომ, თუ თქვენც გაწუხებთ ამ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელიმე, შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და იმკურნალოთ, წერს ოზლემ იალჩინი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები