მექსიკა ემიგრანტებს ქვეყანაში დააბრუნებს
მექსიკა ემიგრანტებს ქვეყანაში დააბრუნებს

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ არალეგალი მიგრანტები, რომლებიც მექსიკაში აშშ-ში გადასვლის მიზნით ჩავიდნენ, თავიანთ სამშობლოში დაბრუნდებიან.
შეინბაუმმა ეს განცხადება ეროვნულ სასახლეში ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„არსებობს შეთანხმება ყველა ცენტრალურ ამერიკულ ქვეყანასთან, განსაკუთრებით გვატემალასთან, და ცოტა ხნის წინ ამ მიზნით შეხვედრაც გაიმართა. არსებობს შეთანხმება კუბასთანაც. უდოკუმენტო მიგრანტები დეპორტირებულ უნდა იქნან არა მექსიკის ტერიტორიაზე, არამედ პირდაპირ იმ ადგილას, საიდანაც ჩამოვიდნენ,“ - განაცხადა შეინბაუმმა.
მან აღნიშნა, რომ მექსიკაში მყოფ არალეგალ მიგრანტებს ჰუმანურად მოეპყრობიან: „საქმე იმაშია, რომ თუ ეს ადამიანები მექსიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან, ჩვენ მათ ჰუმანიტარული მიზეზებით ვუვლით, მაგრამ ჩვენი მიგრაციული პოლიტიკის ფარგლებში გვსურს, რომ ისინი დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში, რადგან უცხოელები არიან.“
შეინბაუმმა აღნიშნა, რომ ისინი მჭიდრო კავშირში არიან აშშ-ს ოფიციალურ პირებთან მიგრანტების მდგომარეობის შესახებ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრიორიტეტად აქციეს ნებაყოფლობითი დაბრუნების წახალისება.