გუტერეში ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
გუტერეში ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა წევრ ქვეყნებს მხარდაჭერა სთხოვა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მუდმივობის, დამნაშავეთა პასუხისმგებლობისა და აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის პირობების შექმნის საკითხებში.
გუტერეში სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის სხდომაზე ისრაელ-პალესტინის საკითხთან დაკავშირებით.
გუტერეშმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთი ღრმა ტრანსფორმაციის პროცესს გადის და განაცხადა:
„რეგიონი სავსეა გაურკვევლობებით, მაგრამ ამავდროულად შესაძლებლობებსაც შეიცავს. ახლო აღმოსავლეთი ხელახლა ყალიბდება, თუმცა ჯერ არ არის ნათელი, რა შედეგი მოჰყვება ამ პროცესს.“
გუტერეშმა ყურადღება გაამახვილა საერთო პასუხისმგებლობაზე, რომ ახლო აღმოსავლეთი ამ მღელვარე პერიოდიდან მშვიდობის, ღირსებისა და იმედის ჰორიზონტით გამოვიდეს.
გუტერეშმა აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტამ და ტყვეების გათავისუფლების შეთანხმებამ დიდი ხნის ნანატრი „შვება“ მოიტანა.
მან აღნიშნა, რომ ღაზაში 630-ზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანა შევიდა და ხაზი გაუსვა, რომ მხარეებმა სრულად უნდა დაიცვან შეთანხმება.
გუტერეშმა განაცხადა:
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს შეთანხმება გახდეს ყველა ტყვის გათავისუფლებისა და ღაზაში მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის საფუძველი.“
გუტერეშმა აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ადგილზე 4 სხვადასხვა მიმართულებით უნდა აისახოს და ჩამოთვალა ისინი:
„გაეროს ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი ჰუმანიტარული ჩარევების ხერხემლის - გაეროს ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და სამშენებლო სააგენტოს შეუფერხებელი საქმიანობა, დახმარების უსაფრთხო გარემოში გაზრდა და საჭიროების მქონე პირებამდე მიტანა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა, სასიცოცხლო დახმარების ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით სამედიცინო ევაკუაციის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სამოქალაქო პირთა დაცვა და მათი უსაფრთხო დაბრუნებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.“
გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა:
„მოვუწოდებ გაეროს უშიშროების საბჭოსა და ყველა წევრ ქვეყანას, მხარი დაუჭირონ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას, კონფლიქტის საბოლოო დასრულებას, დამნაშავეთა პასუხისმგებლობას და აღდგენა-რეკონსტრუქციის მხარდაჭერას.“