ლავროვი: „აშშ ცდილობს „თურქული ნაკადის“ მწყობრიდან გამოყვანას
ლავროვი: „აშშ ცდილობს „თურქული ნაკადის“ მწყობრიდან გამოყვანას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, რომელსაც „არ სურს კონკურენტები, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში“, ცდილობს „თურქული ნაკადის“ მწყობრიდან გამოყვანას.
სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა რუსული დიპლომატიის საქმიანობა 2024 წელს.
ლავროვმა გაიხსენა, რომ წინა დღეს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით) თავდასხმა სცადა კრასნოდარის რეგიონში მდებარე კომპრესორულ სადგურზე, რომელიც „თურქულ ნაკადს“ ბუნებრივი აირით ამარაგებს და აღნიშნა, რომ აშშ ცდილობს „თურქული ნაკადის“ მწყობრიდან გამოყვანას.
ლავროვმა განაცხადა: „აშშ-ს არ სურს კონკურენტები არც ერთ სფეროში, განსაკუთრებით ენერგეტიკაში. აშშ ხელს უწყობს ტერორისტულ აქტებს, რომლებიც ძირს უთხრის ევროკავშირის ენერგეტიკულ კეთილდღეობას და უკრაინის ხელისუფლებას „ჩრდილოეთის ნაკადის“ შემდეგ „თურქული ნაკადის“ მწყობრიდან გამოყვანისკენ უბიძგებს“.
რუსმა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა უარი თქვეს სამართლიან კონკურენციაზე და აგრესიული მეთოდებით კონკურენტების ჩახშობის პოლიტიკას მისდევენ.