ჯო ბაიდენ-ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ჯო ბაიდენ-ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განიხილეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი.
თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა წერილობითი განცხადება ბაიდენსა და ნეთანიაჰუს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ.
განცხადებაში აღნიშნულია: „ორი ქვეყნის ლიდერმა განიხილა კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად, რომელიც ეფუძნება 2024 წლის 27 მაისის მოწოდებას, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა გასულ წელს და გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბრისას განიხილეს „რეგიონში ძირეულად შეცვლილი პირობები, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანთან, ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა სირიაში და ირანის რეგიონული ძალის შესუსტება“.
ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ბაიდენმა ხაზი გაუსვა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების დაბრუნების გადაუდებელი საჭიროება.
აღინიშნა, რომ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს ისრაელის მიმართ მთელი სიცოცხლის მანძილზე გაწეული მხარდაჭერისთვის და აშშ-ის განსაკუთრებული წვლილისთვის ისრაელის უსაფრთხოებისა და ეროვნული თავდაცვის საქმეში.
ბაიდენმა 9 იანვარს განაცხადა, რომ მიღწეულია პროგრესი ღაზაში შეთანხმების მიღწევის მიმართულებით.
ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს დაასრულოს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები, რომლებიც მიმდინარეობს დოჰაში შუამავალ ქვეყნებთან - კატარსა და ეგვიპტესთან, სანამ 20 იანვარს ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადააბარებს თანამდებობას.