პოლიტიკური დაძაბულობა ბანგლადეშში
შეიხ ჰასინამ თანამდებობა და ქვეყანა დატოვა
უკვე, რამდენიმედღიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციების შემდეგ, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ თანამდებობა და ქვეყანა დატოვა.
მას შემდეგ, რაც სტუდენტურმა ლიდერებმა მთავრობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომის მოთხოვნით.
გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ჰასინამ დასთან ერთად ქვეყანა სამხედრო ვერტმფრენით დატოვა და ინდოეთში წავიდა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ბოლო მონაცემებით, ინციდენტებში დაღუპულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა.
თავის მხრივ, ბანგლადეშის არმიის სარდალმა გენერალმა ვაკერ-უზ-ზამანმა პრესისთვის განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ დატოვა თავისი ოფიციალური რეზიდენცია.
მან გამოაცხადა, რომ შეიქმნება გარდამავალი მთავრობა და თუ დემონსტრაციები და ძალადობა შეჩერდება, არ იქნება საჭირო საომარი მდგომარეობის დაწესება.