რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტი დააკავეს
რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით ამერიკული გაზეთ The Wall Street Journal-ის მოსკოვის კორესპონდენტი დააკავა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მოსკოვის ლეფორტოვსკის სასამართლოში პრესისათვის დახურულ სხდომაზე მოსამართლემ, FSB-ს მოთხოვნის შესაბამისად, The Wall Street Journal-ის მოსკოვის ოფისში კორესპონდენტად მომუშავე ევან გერშკოვიჩი 29 მაისამდე პატიმრობაში დატოვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ის, რასაც ამერიკის მოქალაქე ეკატერინბურგში აკეთებდა, ჟურნალისტიკასთან არაფერ კავშირშია.
"სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "უცხოელი კორესპონდენტის" სტატუსი, ჟურნალისტური ვიზა და აკრედიტაცია ჩვენს ქვეყანაში უცხოელებმა გამოიყენეს არაჟურნალისტური საქმიანობის დასამალად. ეს არ არის პირველი დასავლელი, რომელიც დაიჭირეს." - თქვა ზახაროვამ.
FSB-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გერშკოვიჩი ამერიკის მთავრობისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.