იზიუმში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს
იზიუმში, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის წინ რუსეთის ძალებისგან დაიბრუნეს, მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის წინ რუსეთის ძალებისგან დაიბრუნეს, მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს.
განცხადება ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გააკეთა: „ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. მიმდინარეობს სათანადო გამოძიება“.
ზელენსკის თქმით, უცხოელი და უკრაინელი ჟურნალისტები დღეს იზიუმში გაემგზავრებიან.
„ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ დაინახოს, რა მოხდა და რა გამოიწვია რუსულმა ოკუპაციამ. ჯერ ბუჩა, შემდეგ მარიუპოლი, ახლა იზიუმი. რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს. მათ პასუხი უნდა აგონ ამაზე“.- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 440 ადამიანის ცხედარი იზიუმში მასობრივ საფლავში იპოვეს მას შემდეგ, რაც ის რუსული ძალებისგან გაათავისუფლეს.