დღეს ევროკავშირ-ჩინეთის სამიტი გაიმართება

სამიტი, ვიდეოკონფერენციის საშუალებით შესდგება

1805506
დღეს ევროკავშირ-ჩინეთის სამიტი გაიმართება

ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მორიგი, რიგით 23-ე სამიტი,  უკრაინის ომის ფონზე გაიმართება და მისი მთავარი თემა სწორედ რუსეთ-უკრაინის ომი და მისი შედეგები იქნება. ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაგეგმილ ამ უმაღლეს შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი, ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი კიჩიანგი და პრეზიდენტი სი ძინპინი. სამიტის მთავარი დღის წესრიგი, უკრაინაში ომის დასასრულებლად თანამშრომლობის გზების განხილვა იქნება.  მოსალოდნელია, რომ ამ სამიტზე ევროკავშირი ჩინეთს, როგორც უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს, რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით მესიჯს მისცემს, რათა დასრულდეს ეს ომი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას. მხარეები ასევე განიხილავენ ომის შედეგად მიყენებულ გლობალურ ეკონომიკურ ზარალს. გარდა ამისა, მხარეები მიიღებენ შეთანხმებას, რომ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში ევროკავშირის კომპანიები ისარგებლებენ ჩინეთში პრივილეგიებით და ჩინური კომპანიები კი ევროკავშირში, რითაც მიაღწევენ ბალანსს ურთიერთვაჭრობაში. გარდა ამისა, ლიდერები ასევე შეაფასებენ ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სტატუსს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები, ბიომრავალფეროვნება, ჯანმრთელობა და ა.შ. მხარეები ასევე ევროკავშირ-ჩინეთის ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგის განახლებაზეც ისაუბრებენ. ევროკავშირ-ჩინეთის წინა სამიტი, 2020 წლის 22 ივნისს შესდგა.


საკვანძო სიტყვები: #სამიტი , #ჩინეთი , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები