ზელენსკიმ ინტერვიუ მისცა გერმანულ გაზეთ Die Zeit-ს

რუსეთის ბირთვულ მუქარას მან "ბლეფი“ უწოდა

1793109
ზელენსკიმ ინტერვიუ მისცა გერმანულ გაზეთ Die Zeit-ს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუ მისცა მრავალტირაჟიან გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთ Die Zeit-ს და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის მსგავსად ევროპის დაშლაც სურს. "პუტინს უკრაინის მსგავსად ევროპის დაყოფაც სურს. დარწმუნებული ვარ რომ ასეთივე საფრთხე ემუქრება მოლდოვას, საქართველოს, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთსაც კი. სანამ რუსეთს დიდი სამხედრო პოტენციალი და თავდასხმის შესაძლებლობები გააჩნია  სხვა სახელმწიფოებზე, მანამდე საფრთხის ქვეშ იქნება მთელი ევროპის კონტინენტი", განაცხადა ზელენსკიმ და იქვე დაამატა, რომ ის თავის ხალხთან ერთად იმყოფება ომში, რომელიც რუსეთმა მის ქვეყანას გამოუცხადა 24 თებერვალს. მისივე თქმით, რუსეთი როცა უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდა,  პუტინი არ ელოდა უკრაინელებისგან ასეთ დაცვას და გმირულ წინააღმდეგობას. “კრემლი არ ელოდა, რომ ეს ომი ჩვენთვის, როგორც საბჭოთა კავშირისთვის, სამამულე ომი იქნებოდა. პუტინი და მისი გარემოცვა არ იცნობენ უკრაინელებს. მე ამჟამად კიევში ვიმყოფები, აშშ-მა თავშესაფარი შემომთავაზა, რაც ჩემი არასწორად შეფასებაა, მე არსად არ მივდივარ და ჩემს ხალხთან ვრჩები," ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. მანვე “ბლეფი“ უწოდა რუსეთის ბირთვული ომის მუქარასაც. "ერთია იყო მკვლელი, მეორეა თვითმკვლელობა. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება არის დასასრული ყველა მონაწილესათვის. დარწმუნებული ვარ რუსეთმა კარგად იცის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება დამღუპველ შედეგებს მოუტანს თვით მასაც,“ აღნიშნა ზელენსკიმ.



მსგავსი ინფორმაციები