ბლინკენი სტოლტენბერგს და ლე დრიანს შეხვდა

განიხილეს რუსეთ-უკრაინის კრიზისი

1777052
ბლინკენი სტოლტენბერგს და ლე დრიანს შეხვდა

აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანთან განიხილა როგორც რუსეთის გაძლიერება უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში, ასევე აშშ-ის, მისი პარტნიორებისა და მოკავშირეების პოზიცია რუსეთის მხრიდან უკრაინაზე შესაძლო აგრესიის შემთხვევაში. მისივე თქმით, ბლინკენის სტოლტენბერგთან შეხვედრაზე ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მჭიდრო თანამშრომლობისა და კონსულტაციების გაგრძელება მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. “სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ი მზად არის რუსეთის უკრაინაზე სამხედრო აგრესიის შემთხვევაში მას სწრაფი და მძიმე საფასური გადაახდევინოს. ბლინკენმა და სტოლტენბერგმა განაცხადეს, რომ რუსეთი უნდა წაახალისონ, რათა დიპლომატიურად ორიენტირებული გახდეს დაძაბულობის დეესკალაციაზე და  დათანხმდეს ორმხრივ დიალოგს, ხოლო ამის პარალელურად განიხილეს ნატოს აღმოსავლეთის ფლანგზე გაძლიერების საკითხებიც.“ - განაცხადა პრაისმა. რაც შეეხება ბლინკენის შეხვედრას თავის ფრანგ კოლეგა ლე დრიანთან, პრაისის თქმითვე, ორმა მინისტრმა განიხილა ნატოს მოკავშირეების, ევროკავშირის პარტნიორების, G7-ის წევრებისა და სხვა პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის საზღვრებზე რუსეთის მიერ სამხედრო გაძლიერების მიმართულებით. “მინისტრებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას და ამასთან აღნიშნეს, რომ რუსეთს კარგად უნდა გააგებინონ ის უდიდესი და კოლოსალური ხარჯები, რისი გადახდაც მას მოუწევს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.“ - აღნიშნა პრაისმა.



მსგავსი ინფორმაციები