ნიუ-ორკში, 9 იანვრის ხანძრის მსხვერპლთა გასვენების ცერემონია გაიმართა
11 ცხედარი ნიუ ჯერსიში გადაასვენეს, 4 კი გამბიაში

აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკის ბრონქსის ისლამურ კულტურულ ცენტრში, 9 იანვრის ხანძრის შედეგად დაღუპული 17 მსხვერპლიდან, 15 მუსლიმანის გასვენების ცერემონია გაიმართა. უმრავლესობა აფრიკის სახელმწიფო გამბიის მოქალაქე დაღუპულების დაკრძალვის ცერემონიაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსი, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი, დემოკრატი სენატორი ჩაკ შუმერი და გამბიის მთავრობის ორი ოფიციალური პირი. სამგლოვიარო ლოცვისა და პროცესიის შემდეგ 11 ცხედარი ნიუ ჯერსიში გადაასვენეს დასაკრძალავად, ხოლო 4 მათგანის ცხედარი კი, ოჯახების თხოვნით გამბიაში გადაასვენეს. როგორც ცნობილია, ნიუ-ორკის ბრონქსის რაიონში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში, სადაც ძირითადად აფრიკელი მიგრანტები ცხოვრობენ, 9 იანვარს ელექტრო გამათბობელიდან გაჩენილი ხანძრის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 ბავშვი, ხოლო კვამლის შედეგად მოიწამლა 63 ადამიანი.