მორიგი ტრაგედია მიანმარში

სამხედრო ხუნტამ 30 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა

1753057
მორიგი ტრაგედია მიანმარში

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ჰუმანიტარულ საკითხებში და გადაუდებელი დახმარების კოორდინატორმა მარტინ გრიფიტსმა განაცხადა, რომ იგი შეძრწუნებულია მიანმარში, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციებით. მარტინ გრიფიტსი წერილობით განცხადებაში წერს: “მე შემაძრწუნა 24 დეკემბერს მიანმარის ქაიას პროვინციაში მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებულმა თავდასხმამ.“ ამავე მესიჯში იგი აღნიშნავს, რომ სანდო და დადასტურებული ინფორმაციებით, 35 ადამიანი, რომელთაგან ერთი ბავშვი იყო, ხუნტას ჯარისკაცებმა იძულებით გადმოიყვანეს მანქანებიდან, წამებით მოკლეს და შემდეგ დაწვეს, ხოლო ამ ძალადობის დროს გაუჩინარებული ჰუმანიტარული დახმარების 2 მუშაკის შესახებ კი, ჯერ-ჯერობით რაიმე ინფორმაცია არ მოეპოვებათ. “მე მკაცრად ვგმობ ამ სამწუხარო მოვლენასაც და საერთოდ, ყველა თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაზე, რაც აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით,“ აღნიშნავს გრიფიტსი და იქვე ამატებს. “მოვუწოდებ მიანმარის ხელისუფლებას, დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება ინციდენტთან დაკავშირებით, რათა დამნაშავეები რაც შეიძლება მალე და მკაცრად დაისაჯონ. მე ასევე მოვუწოდებ მიანმარის შეიარაღებულ ძალებს და მიანმარის ყველა შეიარაღებულ ჯგუფს, მიიღონ ყველა ზომა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.“ პარასკევს, სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ნათქვამია, რომ მიანმარის არმიამ, რომელსაც მართავს სამხედრო ხუნტა, ქაიას პროვინციაში მოკლა 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები.



მსგავსი ინფორმაციები