ბლინკენსა და ბორელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ბლინკენმა და ბორელმა ტელეფონით ისაუბრეს

1751545
ბლინკენსა და ბორელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან განიხილა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე სამხედრო მობილიზება და ჩინეთის პოლიტიკური ზეწოლა ლიეტუვაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ბლინკენმა და ბორელმა ტელეფონით ისაუბრეს.

„სახელმწიფო მდივანმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება გააძლიერონ აშშ-ევროკავშირის პარტნიორობა და ერთობლივად იმუშაონ საერთო გამოწვევების დასაძლევად.“- აღნიშნა პრაისმა.

მისივე თქმით, ბლინკენმა და ბორელმა ხაზი გაუსვეს კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

"მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რუსეთის ნებისმიერ სამხედრო თავდასხმას უკრაინაზე სერიოზული შედეგები მოჰყვება რუსეთის ფედერაციისთვის. მათ ასევე ხაზი გაუსვეს მათ საერთო შეშფოთებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გამო ლიეტუვის წინააღმდეგ, რაც გავლენას ახდენს როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ კომპანიებზე." -აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

პრაისის თქმით, ბლინკენმა და ბორელმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ლიეტუვის თანადგომას აგრძელებენ ჩინეთის მჩაგვრელი ქცევის წინააღმდეგ და მზად არიან ერთად იმუშაონ ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად.



მსგავსი ინფორმაციები