უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონს სტუმრობს

იგი ბრიტანელმა კოლეგამ მიიღო

1745143
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონს სტუმრობს

 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა, თავისი უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება მიიღო. პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ტრასმა განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი დღევანდელი მდგომარეობა, რუსეთის წინა ტაქტიკების გამეორებაა. “მოსკოვი ამაოდ ცდილობს თავისი დემოკრატიული მეზობლების დესტაბილიზაციას, რათა ისინი კვლავ თავის კონტროლქვეშ მოიქციოს. დიდი ბრიტანეთი ნატოსთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს როგორც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი თავისუფლების საზღვრების დაცვა-განვითარებისადმი მხარდაჭერას. ჩვენ ყველანაირ მცდელობას გამოვიჩენთ, რათა რუსეთმა დაძაბულობის დეესკალაცია მოახდინოს და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, ხოლო თუ რუსეთი თავდასხმას განახორციელებს უკრაინაზე, ეს იქნება მისი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა და ჩვენი მხრიდან ადეკვატური ნაბიჯები მოჰყვება."  - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი „განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან მისი თავისუფლების, დემოკრატიისა და უსაფრთხოების დასაცავად“.

დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ კი ინტერვიუ მისცა მედიასაშუალება Sky News-ს და განაცხადა, რომ რუსეთის შეკავების მიზნით, ისინი აქტიურად მუშაობენ ისეთ მოკავშირეებთან, როგორებიცაა აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი.  მანვე აღნიშნა, რომ რუსეთთან ომის შემთხვევაში უკრაინის არმია მზადაა ქვეყნის დასაცავად. “ჩვენი მოკავშირეები რუსეთზე შეტევას ეკონომიკური ბერკეტებით განახორციელებენ, ჩვენი არმია კი საბრძოლო ველზე და ასე დავიცავთ უკრაინას. მეტად ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ომის შემთხვევაში მრავალი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამას არ მოისურვებს," აღნიშნა კულებამ. მისივე თქმით, რუსეთის შეკავების მიზნით ამჟამად ისინი სამ განზომილებიან მიდგომას იჩენენ, რაც გამოიხატება პოლიტიკური მესიჯებში, შესაძლო სანქციებში და პარტნიორებთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობაში. “ჩვენ გვსურს, რომ დასავლეთი დაგვეხმაროს ომის თავიდან აცილებაში, ანდა, სამხედრო ძალების გაძლიერებაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა სხვა არჩევანი აღარ დაგვრჩება, ჩვენ რუსეთის აგრესიისაგან დავიცავთ ჩვენს სამშობლოს“, ხაზგასმით განაცხადა უკრაინელმა მინისტრმა.

როგორც ცნობილია აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინწინ, ვლადიმერ პუტინთან ვიდეო-კონფერენციით შეხვედრისას მას უთხრა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მაშინ ამას მეტად მძიმე შედეგები მოჰყვება და მის მიმართ უპრეცედენტო ეკონომიკურ სანქციებს დააწესებენ.



მსგავსი ინფორმაციები