ბრიუსელმა დაგმო სუდანში სამხედრო გადატრიალება
ევროკავშირი ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტას გეგმავს
ევროკავშირმა განაცხადა, რომ თუ სუდანში ვითარება დაუყოვნებლივ არ შეიცვლება, ამას ექნება "სერიოზული შედეგები", მათ შორის ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერის საკითხშიც. საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ოფისიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია გმობს სუდანში სამხედრო გადატრიალების მცდელობას და პრემიერ-მინისტრის, მრავალი მინისტრისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის უკანონო დაპატიმრებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სუდანის სუვერენიტეტის საბჭოს პრეზიდენტმა გენერალმა აბდულფეტაჰ ალ-ბურჰანმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეაჩერა კონსტიტუციის ძირითადი მუხლები და გააუქმა ადმინისტრაციული სტრუქტურები. „თუ სიტუაცია დაუყოვნებლივ არ შეიცვლება, სერიოზული შედეგები მოჰყვება ევროკავშირის ჩართულობას, მათ შორის ფინანსურ მხარდაჭერასაც“ - აღნიშნულია ამ განცხადებაში, რომელშიც ასევე ბურჰანს მოუწოდებენ, პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, იმოქმედოს ზომიერად, დაიცვას უსაფრთხოების ზომები, აღკვეთოს ძალადობა და შემდგომი სისხლისღვრა, პასუხისგებაში გადასცეს ადამიანის უფლებების დამრღვევები და დამნაშავეები.
25 ოქტომბერს დილით სუდანში პრემიერ მინისტრი აბდულა ჰამდუკი და მრავალი პოლიტიკოსი დააკავეს. სუდანის სუვერენიტეტის საბჭოს თავჯდომარემ, გენერალმა აბდულფეტაჰ ალ-ბურჰანმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, დაშალეს სუვერენიტეტის საბჭო და მინისტრთა კაბინეტი რა, მის ადგილზე შეიქმნება ტექნოკრატიული მთავრობა, რომელშიც წარმოდგენილ იქნება ქვეყნის ყველა სეგმენტი.