აქტუალური თემის ანალიზი 87
ავღანეთში თალიბების მეორე პერიოდი
როგორც ცნობილია ყველასათვის მოულოდნელად, თალიბანმა იმაზე სწრაფად აიღო ავღანეთის კონტროლი ხელში, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ და ეს მთელი მსოფლიოსათვის დიდი სიურპრიზი გახდა. თალიბანის მხრიდან ქვეყნის ტერიტორიაზე წინსვლა დაჩქარდა აშშ-სა და თალიბებს შორის 2020 წლის მარტში ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ. მეორეს მხრივ კი, ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ საკითხში გააგრძელა ტრამპის ეპოქის პოლიტიკა ავღანეთიდან ჯარის გაყვანის თაობაზე და ამანაც ხელი შეუწყო თალიბანის გამარჯვებას. მას შემდეგ კი, რაც ბაიდენმა ჯარის ავღანეთიდან გაყვანის გადაწყვეტილების ვადა წინ გადმოსწია, ამან თალიბანის მხრიდან დედაქალაქ ქაბულის ადვილად და სწრაფად დაპყრობა გამოიწვია. ქაბულის კონტროლზე აყვანით კი, ავღანეთის მთავრობა ოფიციალურად დაეცა და მის პარალელურად დაიშალა ეროვნული არმიაც. ასე რომ, ახლა ჩვენ გვაქვს ახალი ავღანეთი, რომელსაც თალიბანი აკონტროლებს. აქედან გამომდინარე ყველაზე მთავარი კითხვაა, თუ როგორი ავღანეთი შეიქმნება თალიბანის მეორე ეპოქაში? ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორის, პროფესორ მურატ იეშილთაშის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს ...
ჩვენ ავღანეთის შესახებ ამჟამად სამი სცენარი გაგვაჩნია. პირველი სცენარი არის ის, რომ თალიბებმა შექმნან ისეთი ინკლუზიური მთავრობა, რომელშიც შევლენ როგორც სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები, ასევე დამხობილი მთავრობის ყოფილი თანამშრომლებიც და ასეთი ყოვლისშემველი მთავრობა თალიბანს ერთის მხრივ საშუალებას მისცემს ქვეყნის უფრო ადვილად მართვას, ხოლო მეორეს მხრივ კი, მოიპოვებს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერასაც და მის კვალდაკვალ აღიარებასაც. ამავე სცენარით, ისეთი მნიშვნელოვანი სამინისტროები, როგორებიცაა თავდაცვის, უსაფრთხოების, დაზვერვის და ეკონომიკის, თალიბანის ადმინისტრაციის ქვეშ იქნება, ხოლო ნაკლები მნიშვნელობის სამინისტროები კი შეიძლება გადანაწილდეს დანარჩენ ჯგუფებზე. თუმცა, ეს ზომიერი სცენარი, მხოლოდ მთავრობის ფორმირებით არ შემოიფარგლება. საკითხი, თუ როგორ გამოიყენებენ თალიბები შარიათის წესებს, ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება ზომიერი სცენარის ცხოვრებაში რეალიზებისთვის. თალიბანმა, რომელმაც ზომიერი გზავნილები გაავრცელა ქალთა მუშაობის გაგრძელების თაობაზე, უნდა გააგრძელოს მსგავსი რბილი გზავნილების გავრცელება 31 აგვისტოს შემდეგაც და ამასთან ეს თბილი გზავნილები ცხოვრებაშიც უნდა გაატაროს, რათა საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვოს
მეორე სცენარი შედგება იმაში, რომ თალიბები გააცნობიერებენ თავიანთ აბსოლუტურ ძალას. ამ სცენარში თალიბანს, ძალაუფლების სხვა ჯგუფებთან გაზიარების ნაცვლად, აბსოლუტური კონტროლის მოპოვება მთელ სახელმწიფო სტრუქტურაზე მოუნდება. ეს ასევე ნიშნავს საზოგადოების კონტროლზე აყვანას და დაქვემდებარებას შარიათის წესების უფრო მკაცრი გამოყენებით. ამ სცენარში, შესაძლოა თალიბანის უფრო მკაცრი ადმინისტრირება ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ეკონომიკა და სოციალური ცხოვრება.
მესამე სცენარი არის ძალადობაზე დამყარებული შიშის რეჟიმის შექმნა. ცნობილია, რომ 1996-2001 წლებში თალიბანმა ჩამოაყალიბა რეჟიმი, რომელშიც მკაცრი მეთოდებით ჩაგრავდნენ და აკონტროლებდნენ საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, თალიბანს აქვს უკვე ასეთი მკაცრი ძალაუფლების გამოცდილება. ძალადობასა და ჩაგვრაზე დაფუძნებული ხელისუფლება კი თალიბანის ახალ რეჟიმს უდავოდ შეასუსტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ თალიბანი არ არის ერთიანი სტრუქტურა და ამიტომ გავრცელებული ზომიერი გზავნილების გავრცელების მიუხედავად , ყველა კარგად ხედავს, არსებობს განსხვავებული აზრები რელიგიურ, პოლიტიკურ და სამხედრო ფრთებს შორის. თუ თალიბანი გააგრძელებს პირველი ეპოქის ძალაუფლების პრაქტიკას, რომლის დროსაც ძალადობა და ჩაგვრა გამოვიდა წინა პლანზე, მაშინ, შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი აჯანყებები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში
ასე რომ, თუ რა სახის მთავრობას შექმნიან თალიბები და რანაირ რეჟიმს დაამყარებენ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ავღანეთის მომავლისთვის. სრულიად დახურული რეჟიმის დამყარებამ შეიძლება გააღრმავოს ავღანეთში არსებული პრობლემები. გაეროს თანახმად, ქვეყანაში 10 მილიონი ბავშვი შიმშილის საფრთხის წინაშეა, ხოლო 14 მილიონ ადამიანს კი, კვების უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები აქვს. ეს კი ფაქტიურად ავღანეთის მოსახლეობის მესამედს შეესაბამება. მოკლედ, როგორი მმართველობაც არ უნდა შექმნას თალიბანმა, მას მეტად ნარ-ეკლიანი გზა ელის. ამ პრობლემების მოგვარება და ავღანეთის მართვა, მხოლოდ ზომიერი სცენარის რეალიზაციაზეა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა შესაძლოა სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომის პირისპირ დადგეს, წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი, პროფესორ-დოქტორი მურატ იეშილთაში