აქტუალური თემის ანალიზი 86
თალიბანის დაბრუნება
20 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, რაც ამერიკულმა ჯარებმა მიმდინარე წლის მაისიდან ავღანეთის დასტოვება დაიწყეს, თალიბანმა მოახერხა ფაქტიურად მთელი ავღანეთის ხელში ჩაგდება, თანაც მოულოდნელი სისწრაფით. აქ გასაკვირველი და გასაოცარი ის არის, რომ ავღანეთის 300 ათასიანი არმია, რომლის გაწვრთნა-აღჭურვას ასობით მილიარდი დოლარი მოახმარა ამერიკამ, თითქმის ყოველგვარი ბრძოლის გარეშე გაიფანტა და უბრძოლველად დაუთმო ქვეყანა 75 ათასიან თალიბანს. რაც შეეხება დედაქალაქ ქაბულის ჰამიდ ქარზაის სახელობის აეროპორტში გადაღებულ სურათებს და ვიდეოებს, ისინი მეტად სამარცხვინო ლაქად დარჩება როგორც აშშ-ის ოკუპაციის, ასევე კაცობრიობის ისტორიისთვისაც. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...
როცა შეერთებული შტატები 11 სექტემბრის თავდასხმის მომიზეზებით ავღანეთში უკონტროლოდ შეიჭრა და მისი ოკუპაცია მოახდინა, ალბათ არ გამოუთვლია, რომ აქ 20 წლით დარჩებოდა და შემდეგ ქვეყანას უბრძოლველად დაუტოვებდა თალიბანს. როგორც ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, ამერიკამ ავღანეთში ათასობით ჯარისკაცთან ერთად 3 ტრილიონი დოლარი დაკარგა. ამ გაუთავებელმა ომმა თავი მოაბეზრა აშშ-ის საზოგადოებასაც და სწორედ ამიტომ მიიღო ვაშინგტონმა ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება. მართალია გაყვანის კალენდარი ჯერ კიდევ ტრამპის ეპოქაში, დოჰაში თალიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებების დროს განისაზღვრა, მაგრამ, ბაიდენის პერიოდში ეს პროცესი საკმარისად დაჩქარდა.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არავინ იფიქრებდა, თუ აშშ-ის მხრიდან ჯარების გაყვანის პარალელურად, თალიბანი ასეთ მოკლე დროში დაიკავებდა მთელ ქვეყანას, ხოლო მისი დაცვისათვის მოზადებული 300 ათას კაციანი ავღანეთის არმია, რომელიც გაიწვრთნა და აღიჭურვა აშშ-ის მიერ, თითქმის ბრძოლის გარეშე დაიშლებოდა. ასე რომ, ფაქტობრივად, სანამ აშშ-ი დაასრულებდა თავისი ჯარის გაყვანას, თალიბანის ძალებმა მოახერხეს ქაბულის აღებაც კი.
მართალია აშშ-მა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა გასვლის შესახებ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ათასობით ამერიკელი და დასავლელი მოქალაქე დარჩა ქაბულში, ხოლო ამის პარალელურად, 10 ათასობით მთარგმნელი და სხვა სფეროებში ამერიკელებთან და ნატოსთან მომუშავე ავღანელი მოქალაქეც დარჩა, რომლებსაც აშშ-ი ადრე დაჰპირდა გაყვანას. ქაბულის აეროპორტის მოვლენებმა, რომლის დროსაც ავღანელებმა სცადეს ამერიკულ თვითმფრინავებში ჩასხდომა და ზოგიერთები თვითმფრინავის ბორბლებს ჩამოეკიდნენ ან კიდეებზე ჩამოსხდნენ, მაგრამ, აფრენისას ჩამოვარდნენ, კიდევ ერთხელ აჩვენა აშშ-ის დამარცხება და ჩავარდნა ამ ქვეყანაში
ახლა, აშშ-ი, იმავე თალიბანთან შეთანხმების საფუძველზე ცდილობს თავისი მოქალაქეების გაყვანას ქაბულიდან. თალიბები კი, როგორც ჩანს, გამარჯვების ეიფორიას განიცდიან. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ძველი რადიკალური რიტორიკისა და პრაქტიკის ნაცვლად, თალიბები უფრო რბილ და თბილ განცხადებებს ავრცელებენ, ხოლო ამასთან ერთად ყოვლისმომცველ პოზიციას ამჟღავნებენ. ყოველ შემთხვევაში ისინი ცდილობენ მსოფლიო საზოგადოების წინაშე ასეთი იმიჯის შექმნას. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მთავარი განმსაზღვრელი იქნება ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას თალიბანმა უახლოეს პერიოდში. ამ ეტაპზე კი ჯერ ჯერობით ვხედავთ, რომ თალიბანის ხელმძღვანელობამ თითქოსდა ჭკუა ისწავლა წარსულის მწარე გაკვეთილებიდან და ამიტომ მათ აღარ სურთ იზოლირებული ავღანეთი დანარჩენი მსოფლიოსგან, წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი
მსგავსი ინფორმაციები
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა