აქტუალური თემის ანალიზი 82
კონფლიქტი საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის
მსოფლიოს მსხვილი ნავთობმწარმოებლების–ოპეკის იმ შეკრებაზე, რომელზედაც ნავთობის მოპოვება-წარმოების კვოტების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის მწვავე დაძაბულობა წარმოიშვა და ამან ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები, რომ იტყვიან სააშკარაოზე მთელი სიშიშვლით გამოიტანა. ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, ბოლო ხანებში მწვავედ იჩინა თავი მათ შორის განსხვავებულმა პოზიციებმა და აზრებმა, რაც უკვე ლამის ურთიერთკონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს, ხოლო მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები წამოიჭრა სპარსეთის ყურის რეგიონის შიდა ბალანსებთან დაკავშირებითაც. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის მხრიდან მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს ...
Opec–ის წევრებისა და რუსეთის მიერ შექმნილი ორგანიზაცია სახელწოდებით Opec plus-ი, დიდი ხანია რაც მსოფლიო ნავთობის ბაზარზე, მიწოდება-მოთხოვნის ბალანსის დარეგულირებით ცდილობს უზრუნველყოს ნავთობის ფასის გარკვეულ დონეზე დარჩენა. აშშ-ში ნავთობის მწარმოებლების მხრიდან ე.წ. ფიქალის (კლდის) ნავთობის წარმოების გაზრდამ, Opec plus-ის წევრები დილემაში შეიყვანა როგორც ბაზრის წილის დაკარგვის, ასევე ფასის სტაბილურობის საკითხშიც, თუმცა, დიდი ძალისხმევის გამოჩენით, ასე თუ ისე ჯერ-ჯერობით მაინც შესძლეს და მოახერხეს ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელება. მაგრამ, ახალ განტოლებაში, არაბთა გაერთიანებული საემიროების მცდელობამ, რომ გადაეჭარბებინა მასზე დაწესებული წარმოების კვოტა, როგორც ჩანს, სერიოზულად განარისხა საუდის არაბეთი. ორმხრივი ბრალდებები კი მას შემდეგ აალდა, რაც საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა, თავისი მკაცრი ტონის განცხადებებით მიზანში ამოიღო არაბთა გაერთიანებული საემიროები.
მრავალი ქვეყნის ანალიტიკოსი ირწმუნება, რომ ამ ორ ქვეყანას შორის უთანხმოების საკითხი მხოლოდ ნავთობის წარმოების კვოტები არ არის, არამედ სერიოზული დაძაბულობაა მათ შორის ასევე პალესტინის, კატარისა და იემენის საკითხშიც
სინამდვილეში, ტრამპის ეპოქაში, ისრაელისა და სიონისტების ხელმძღვანელობით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთს შორის კოალიცია არსებობდა და კოალიციის წევრები, ერთად მოქმედებდნენ რეგიონთან დაკავშირებულ ყველა სტრატეგიულ საკითხზე. ამ პოლიტიკის მთავარი აღმასრულებლები და გავლენიანი პირები იყვნენ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან მოჰამედ ბინ ზაიდი, ხოლო საუდის არაბეთიდან კი მემკვიდრე უფლისწული მოჰამედ ბინ სალმანი. მაგრამ, როდესაც საუდის არაბეთის თვალწინ ისრაელისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ინტერესები დაემთხვა, საუდის სამეფოში მწვავე რეაქციები გაიზარდა ორივე ქვეყნის მიმართ და თავი იჩინა სერიოზულმა უთანხმოებებმა და განსხვავებულმა აზრებმა, განსაკუთრებით პალესტინისა და იემენის საკითხებში.
მას შემდეგ კი, რაც ხსენებული კოალიცია ჯერ ტრამპისა და შემდეგ ნეტანიაჰუს მთავრობების დაცემით დაინგრა, საუდისტებმა წინა პლანზე წამოწიეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. მის ფარგლებში ჯერ პალესტინის საკითხში პროისრაელური პოზიცია მიატოვეს, შემდეგ კი ნორმალური ურთიერთობების აღდგენა დაიწყეს კატართან. ამის საპასუხოდ, არაბთა გაერთიანებული საემიროები, იემენში ჰუსითების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციიდან გამოვიდნენ. გარდა ამისა რიადმა, აბუ-დაბი ასევე სეპარატისტული სამხრეთ ფრონტის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აი ეს ყველა უთანხმოება კარგად გამოჩნდა ოპეკ-პლიუსის შეხვედრაზეც და მას შემდეგაც.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ ორი ქვეყანა ერთმანეთს დაერევა და მათ შორის ბრძოლაც დაიწყება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ამის შემდეგ საუდის არაბეთი იმოქმედებს მხოლოდ საკუთარი ინტერესების ცენტრში განთავსებითა და მრავალ საკითხზე განსხვავებული პოზიციის დაკავებით. ეს კი საუდის არაბეთის მემკვიდრე უფლისწულ მოჰამედ ბინ სალმანს ძალზედ დაღლის და დააზარალებს რა, ანგარიშ-ფაქტურაც მხოლოდ მას დაეწერება, წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი