ევროკავშირი შეშფოთებულია ტრამპის გადაწყვეტილებით
“აშშ-მა უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას“

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეინმა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აშშ-ს მოუწოდეს, "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას ახლიდან გადახედოს". მათივე წერილობითი განცხადებით, ევროკავშირის მხარდაჭერა WHO– სთან მიმართებაში გაგრძელდება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კოვიდ -19-ის დამარცხებისთვის აუცილებელია გლობალური თანამშრომლობა და სოლიდარობა, რომლის ორგანიზებაც და ლიდერობაც უნდა გასწიოს ჯანმო-მ. “ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი საერთო მცდელობები და თანამშრომლობა ამ გლობალური საფრთხის წინააღმდეგ. უნდა აცილებულ იქნას ისეთი ღონისძიებები, რომლებიც შეასუსტებს საერთაშორისო ინიციატივებს. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას,” აღნიშნულია ლეინისა და ბორელის ერთობლივ განცხადებაში. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯანმომ ვერ შეძლო აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილება ”არსებითი რეფორმების” განხორციელებაში და ამიტომ წყვეტს მასთან ურთიერთობებს