პუტინი ტრამპთან შესახვედრად მზად არის
G20-ის სამიტი მიმდინარე წლის 28-29 ივნისს იაპონიის ქალაქ ოსაკა-ში გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან იაპონიის ქალაქ ოსაკა-ში გასამართ, G20-ის სამიტის ფარგლებში შესახვედრად მზადაა. პუტინმა სოჭში ტრამპის განცხადება იმის თაობაზე, რომ პუტინთან შეხვედრისთვის მზად არის, ასე შეაფასა: „თუ აშშ-ს მხარე მზად არის ამგვარი კონტაქტების დასამყარებლად, მე რამდენჯერმე ვთქვი, რომ მზად ვართ, მოლაპარაკებები ყველგან, მათ შორის ვენაში გავმართოთ. მსგავსი შეხვედრის ყველაზე უახლოესი თარიღი კი იაპონიაში გასამართი G20-ის სამიტი გახლავთ.“ შეგახსენებთ, რომ G20-ის სამიტი მიმდინარე წლის 28-29 ივნისს იაპონიაში გაიმართება. იაპონია აღნიშნულ სამიტის პირველად მასპინძლობს. აშშ-ს პრეზიდენტმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს და ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინთან შეხვედრა სურს.