საფრანგეთში მცხოვრები თურქები გმობენ მაკრონის გადაწყვეტილებას
1915 წელს ადგილი არ ჰქონია გენოციდს
საფრანგეთში მოქმედმა თურქული საზოგადოებების ასოციაციამ გუშინ, მკაცრად დაგმო და გააპროტესტა ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მხრიდან 24 აპრილის, ე.წ. სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღედ გამოცხადების დადგენილების მიღება. ხსენებული ასოციაციის მხრიდან გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: "საფრანგეთში მოქმედი თურქული საზოგადოებების ასოციაცია შეშფოთებულია სექტანტური აზროვნებით შთაგონებული აგრესიული დაჯგუფებების ლოგიკისგან, რომელიც ხალხთა შორის დიალოგის განვითარებაზე უარს ამბობს და გაყალბებული ისტორიითა თუ დოკუმენტებით ძირს უთხრის ყველანაირ სამშვიდობო მცდელობებსა და ძალისხმევებს. 50 წელზე მეტია რაც საფრანგეთში მოქმედებენ თურქული საზოგადოებები და მათ მოკრძალებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის კულტურულ, ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში. თურქული ასოციაციები 1915 წლის ტრაგიკულ მოვლენებს გენოციდად არ აღიარებენ და მხარს უჭერენ ანკარის წინადადებას, რომლითაც იგი ამ საქმის გამოსაკვლევად საერთაშორისო კომისიის შექმნას ითხოვს, მაგრამ, რატომღაც მის წინააღმდეგ გამოდიან სომხები და მათი მხარდამჭერი დასავლეთი. მსოფლიოს ისეთი ცნობილი ისტორიკოსები, როგორებიც არიან ბერნარდ ლევისი, გილს ვეინშტეინი, რობერტ მანტრანი და ლუის ბაზინი, 1915 წლის მოვლენების შეფასებისას, ეწინააღმდეგებიან ტერმინ “გენოციდის“ გამოყენებას, რადგან მას არ ჰქონია ადგილი. საფრანგეთში მცხოვრები 800 ათასი თურქი ყოველთვის დაიცავს ამ თეზისს და გააგრძელებს საზოგადოებისათვის სიმართლის გაცნობას", აღნიშნულია ამ განცხადებაში. როგორც ცნობილია საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2 წლის წინ გააუქმა ადრე მიღებული კანონ- პროექტი, რომელიც 1915 წლის მოვლენების გენოციდად არ აღიარებას კრიმინალურად მიიჩნევდა