რუსეთიც ტოვებს INF-ს ხელშეკრულებას
INF-ს ხელშეკრულება აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-სთან გაფორმებულ საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებას (INF) ტოვებენ. პუტინმა, აშშ-ს მიერ მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების შეთანხმების დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ქვეყნის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუს შეხვდა. შეხვედრაზე, აშშ-ს მხრიდან INF-ს ხელშეკრულების დატოვების გადაწყვეტილება იქნა განხილული, რომლის დასრულების შემდეგაც, პუტინმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-სთვის მათი პასუხიც სიმეტრიული იქნება. აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიკ პომპეომ, მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე გუშინ განაცხადა. აღნიშნული ხელშეკრულება, აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა, რომელიც საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების კონტროლს ისახავს მიზნად.