Meta რუსულ მედია ქსელებს კრძალავს
Meta რუსულ მედია ქსელებს კრძალავს
Facebook-ის და Instagram-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ RT-ს და სხვა რუსული სახელმწიფო მედია ქსელებს აკრძალავს რა, გადაწყვეტილების მიზეზად მათი „უცხოური ჩარევის საქმიანობა“ დაასახელა.
ამერიკულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Meta-ს მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „დეტალური განხილვის შემდეგ, გავაფართოვეთ ჩვენი მიმდინარე აღსრულება რუსული სახელმწიფო მედია საშუალებების წინააღმდეგ. ჩვენი გადაწყვეტილებით RT-ს და სხვა მედიასაშუალებებს აეკრძალებათ ჩვენი აპლიკაციების გამოყენება, გლობალურად უცხოური ჩარევის აქტივობის გამო“.
ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა რუსეთის სახელმწიფო არხ RT-სთან დაკავშირებულ 3 ინსტიტუტსა და 2 პირის მიმართ, იმ მოტივით, რომ ისინი ეწევიან „დესტაბილიზაციის“ საქმიანობას უცხო ქვეყნებში და მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ მოსკოვს, უკრაინაში წარმოებულ ომთან მიმართებაში.
აშშ-ს დაზვერვამ დაასკვნა, რომ რუსეთი ცდილობდა ჩარეულიყო ქვეყანაში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში RT-ს და სხვა მედია ინსტიტუტების მეშვეობით, მოსკოვმა კი უარყო ბრალდებები არჩევნებში ჩარევის შესახებ.