TRT-ს ფარსის ციფრული საინფორმაციო პლატფორმა გაიხსნა
TRT-ს ფარსის ციფრული საინფორმაციო პლატფორმა გაიხსნა
თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა (TRT) თავის უცხო ენოვან მაუწყებლობას კიდევ ერთ მიმართულებას უმატებს.
ციფრული საინფორმაციო პლატფორმა TRT ფარსი (სპარსული) წარდგენილ იქნა დედაქალაქ ანკარაში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა ხაზი გაუსვა TRT-ს პლატფორმების წარმატებას.
ალთუნმა აღნიშნა, რომ TRT ფარსი არის „სიმართლისთვის ბრძოლის შედეგი“ და განაცხადა: „დღესდღეობით ჩვენ ვიცით, რომ TRT-ს ციფრულ პლატფორმებს მილიონობით გამომწერი ჰყავს“.
ღონისძიებაზე TRT-ის გენერალურმა დირექტორმა მეჰმეთ ზაჰიდ სობაჯიმ განაცხადა: „TRT ფარსით ჩვენ მიზნად ვისახავთ გავაძლიეროთ საერთო კულტურული კავშირები 130 მილიონზე მეტ სპარსულენოვან მოსახლეობასთან ირანში, ავღანეთსა და ტაჯიკეთში. ჩვენ ვცდილობთ შევუწყოთ ხელი ურთიერთობებს ტურიზმის, კულტურის, ვაჭრობისა და განათლების სფეროებში. თურქებმა და სპარსულენოვანი რეგიონების მოსახლეობამ უნდა გამოიყენონ სანდო საინფორმაციო წყაროები, რათა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი“.
სობაჯიმ აღნიშნა, რომ TRT, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოქმედებს თურქეთის საერთაშორისო როლის შესაბამისად და განაცხადა: „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, თურქეთი მუდამ იცავს დაჩაგრულთა უფლებებს და იძლევა იმედს. ჩვენი ქვეყანა ახორციელებს აქტიურ პოლიტიკას გლობალური და რეგიონული კრიზისების გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ წინ წამოვწევთ დიალოგისა და მშვიდობის იდეას“.
TRT-ის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა დასავლურ მედიასაც და დასძინა: „იმ პერიოდში, როდესაც არსებობს ნდობის კრიზისი დასავლურ მედიაში, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმ საკითხებს, რომლებსაც ისინი უგულებელყოფენ. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ მილიარდობით ადამიანს შევთავაზოთ ალტერნატიული მედია, რომელიც ეფუძნება სამართლიანობის პრინციპებს“.