„კუთხე-კუნჭული“ 43 - 2022-2023
შავიზღვისპირეთი და ქალაქი ართვინი
„კუთხე-კუნჭული“ 43 - 2022-2023
შავიზღვისპირეთი და ქალაქი ართვინი
გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი
საქართველოდან თურქეთის სარფის საზღვარზე გადასვლისას ერთი შეხედვით არაფერი იცვლება. სიმწვანე ისეთივე თვალში მოსახვედრია, აღმართული სარფის კლდეებიც ისეთივე პირქუშია და ყოველ წამს გზაზე დიდი ლოდების გადმოყრით საფრთხეს უქმნის ქვემოთ გზაზე მანქანით მგზავრებს. თუმცა ეს ხშირად არ ხდება, ის მხოლოდ უხვმა, კვირების მანძილზე შეუწყვეტელმა ჩვეულმა შავიზღვისპირეთის კლიმატისათვის დამახასიათებელმა ნალექმა შეიძლება გამოიწვიოს.
უკვე საზღვრის იქეთ ქემალფაშამდე თურქულთან შერეული ქართული გვესმის, ქემალფაშას ცნობილ ბაზრობაზეც წარწერები ჯერ კიდევ ქართულადაც გვხვდება, ხოფამდე მისული კი უკვე ყველაფერი ქართული ქრება და არათუ თურქული არამედ გამოკვეთილი „ქარადენიზული“ იგივე შავიზღვისპირული კულტურა იწყება, რომელიც ნარევია თურქულის, ქართულის, ჰემშინულის იგივე ძველსომხურისა და ლაზურის. სამზარეულოც შერეულია, აქ დააგემოვნებთ როგორც აჭარული ხაჭაპურის მსგავს შავიზღვისპირულ ფიდეს, ასევე სიმინდის ფქვილისგან დამზადებულ სხვადასხვა კერძებს. თუკი თევზის სეზონს დაემთხვა თქვენი მოგზაურობა, მაშინ ნამდვილად გაგიმართლათ, ასეთ გემრიელ ხამსას თქვენ ვერსად გასინჯავთ. თუმცა რაც ყველაფერს აგვირგვინებს მაინც ჩაია, რომელსაც ამ მხარეში „ჩოფლუ ჩაი“ს იგივე „ნარჩენიან ჩაის“ ეძახიან. ის ჩვეულებრივი თურქული ჩაისგან იმით განსხვავდება, რომ მისი დაყენებისას ჩაის ფურცლები ჭიქის ფსკერზე რჩება და ცოცხალი ჩაის დაგემოვნების ილუზიას ქმნის.
ჩაი ამ მხარეში ყველაფერია. ისაა დიდი საკითხების გადაწყვეტისა თუ მოგვარების უშუალო მოწმე, ქორწინების, ახალ წყვილთა შეხვედრის, ახალშობილის დაბადებისა და დაკრძალვის თანხმლები. თუმცა ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ ჩაი თურქეთს საქართველომ აჩუქა, თვითონ კი ჩაის კულტურისგან შორს დარჩა. ჩაის თავგადასავლის შესახებ სხვა გადაცემაში უფრო ვრცლად მოგითხრობთ.
ხოფას შემდეგ პირველი დიდი ქალაქი ართვინია. ეს ქალაქი იმდენად უცნაურია, რომ მისი პირველად ნახვისას ქაჯეთის ციხე მოგაგონდებათ. მდინარე ჭოროხზე უზარმაზარი კაშხლის აგების შემდგომ ქალაქმა უფრო და უფრო მაღლა, კლდეების მწვერვალებისკენ გადაიწია. ახლა ქალაქი კლდეების თავიდან დაჰყურებს მთელს ჭოროხის ხეობას. ხოფას შემდეგ გზა როგორც ვთქვით ზღვას მიუყვება, თუმცა შემდგომ უცებ ართვინისაკენ მიმავალი მაღლისკენ იცვლის მიმართულებას და მიხევულ-მოხვეული გზა მგზავრს თავბრუს ახვევს. ქალაქმდე მიღწეული აქ დამთავრდა გზაო იფიქრებთ, მაგრამ მაშინვე აღმოაჩენთ რომ ქალაქი სწორედ კლდეებზე შეფენილი ბუდეებივით კორპუსებით იწყება, სადამდეც მიღწევა თუკი მანქანა არ გყავთ ფეხით შეუძლებელია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ართვინელებს მთის ჯიხვის მსგავსად კლდეებზე ცოცვის ნიჭი გააჩნიათ. რადგანაც ჩვეულებრივი მგზავრისთვის, რომელსაც ცხოვრება ზღვის დონის სიმაღლის ქალაქებში აქვს გატარებული, წარმოუდგენელიც კია თუნდაც ორი აღმართის ერთმანეთის მიყოლებით ავლა. ეს სხვა ენერგიას მოითხოვს, რომელიც მხოლოდ ართვინელებს აქვთ. თუმცა ქალაქამდე მიღწეული მოედნის ცენტრში სადაც ჩვეულებისამებრ მეჩეთია, მის გვერდით პატარა ბაღში გემრიელი ჩაის დაგემოვნებას და ამოსუნთქვას შეძლებთ. შემდეგ კი მოშიებულზე ადგილობრივ კერძს მოიკითხავთ, თუმცა მალევე გეტყვიან რომ ართვინის სამზარეულო მწირია და მას რამე განსაკუთრებული კერძი არ გააჩნია. თუმცა ჩაძიების შემდეგ გამოტყდებიან, რომ თუ რამე გემრიელი გაააჩნიათ ართვინელებს, ეს მხოლოდ იაილაზე იგივე იალაღებზე მზადდება. ცნობილი ქუიმაქი იგივე მიჰლამა, რაც ელარჯის ასოცოცასაც იწვევს, ართვინელების ერთგვარი გასტრონომიული ნიშაა. სიმინდის ფქვილისა და წელვადი ყველის ასეთი შერწყმა მგონი ართვილენებივით არავის გამოსდის. მაგრამ ისინი მაინც თავდამბლობით აღნიშნავენ, რომ დიდი კულინარები არ არიან. მაგრამ ეს არცაა გასაკვირი, სალ კლდეებზე არაფერი მოდის, არც მეცხოველეობაა ისე განვითარებული და არც სოფლის მეურნეობა. ერთადერთი რაც „ხარობს“ ეს მეფუტკრეობაა, სწორედ ამიტომ ართვინისა და მისი შემოგარენის ნატურალური თაფლი არა მარტო თურქეთში არამედ მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილი ამბავია.