„კუთხე-კუნჭული“ ნომერი 33-2022

"სტამბოლელი კატები"

1868630
„კუთხე-კუნჭული“ ნომერი 33-2022

„კუთხე-კუნჭული“ნომერი 33-2022

გლოვა იგივე აღითი ანატოლიურად

გადაცემა მომზადებულია მარიამ გაფრინდაშვილის მიერ

გადაჭარბებული არ იქნება ალბათ თუკი ვიტყვი, რომ ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის შემდეგ მსგავსი განდიდება, დაფასება და პატივისცემა კატებს მხოლოდ თურქეთში და განსაკუთრებით კი სტამბოლში აქვთ. შეიძლება ითქვას, ისინი ამ ქალაქში, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებსა და ტურისტებზე უფრო მეტ ყურადღებასა და თბილ მოქცევას იმსახურებენ ხოლმე. მაშინ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჯეიდა თორუნის მიერ 2017 წელს სტამბოლის კატებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „კატა“, ამერიკაში ორ მილიონიანი დოლარის შემოსავლით ყველაზე მეტად ყურებად დოკუმენტურ ფილმებს შორის მესამე ადგილზე გავიდა.

სტამბოლის ყველაზე გავრცელებული გადმოცემის მიხედვით, თუკი ვინმე კატას მოკლავს, ეს ცოდვა მეჩეთის აშენებით უნდა გამოისყიდოს. ეს გადმოცემა ისლამურ რელიგიასთან კავშირშია. გასაკვირი არცაა, რელიგია კულტურაზე მოქმედებს და მის ფოლკლორულ ცნობიერებაშიც ჰყოფს ხელს. ასეა თუ ისე, სტამბოლში მეჩეთის აშენება ადვილი საქმე არ უნდა იყოს, ამიტომაც კატებს ყველა უფრთხილდება და მეტიც, მას ლამისაა საკუთარ თავზეც კი მიუჩინონ ადგილი. ესეც თურქული იდიომია, მაშინ როცა ადამიანს მეორე ადამიანი ან ცხოველი განსაკუთრებულად ეძვირფასება, მას ასე მიმართავს - ჩემს თავზეც კი ადგილი გაქვს. ალბათ უფრო მძაფრი გამოხატულება ძვირფასი ადამიასათვის ან ცხოველისათვის იშვიათი მოსაძებნია. ეს ისე. ჩვენ კატებზე საუბარი განვაგრძოთ.

სტამბოლის კატების სიუხვე (სიტყვა სიმრავლის ხმარება მინდოდა, თუმცა სტამბოლის კატების გეომეტრიულად გამრავლების სიხშირეს თუ ვიგულისხმებთ მათი რაოდენობის აღსანიშნად სიუხვე უფრო სწორ სიტყვად მიმაჩნია) ამ ქალაქის ნავსადგურის ფუნქციიდანაც გამომდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლი ბევრი რამის ქალაქია, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ის პირველ რიგში ზღვის ქალაქია. სადაც ზღვაა იქ თევზია, მეთევზეცაა და თევზის სუნზე ბუნებრივად „დაგეშილი“ კატებიცაა. მათთვის სტამბოლის სანაპიროები ნამდვილი სამოთხეა. თუმცა ამ სამოთხის მცველი მეთევზეებიც საკმაოდ გულუხვები რომ არ ყოფილიყვნენ, სტამბოლელი კატები ამ სახელით აღარ მოიხსენიებოდნენ. სწორედ ამ მეთევზეების დამსახურებაა ის, რომ კატები ამ მეტროპოლიტში თავს ბატონ-პატრონებად გრძნობენ. აქაური კატები მიიჩნევენ რომ მათ მეთევზეებისგან ყოველდღიური ულუფა დამსახურებულად აქვთ. მართალიცაა, კატები ამისათვის შესაბამის სამსახურსაც სწევენ. მეგაპოლისებისთვის დამახასიათებელი ვეებერთელა ვირთხებისაგან ქალაქს წმენდენ. გარდა ამისა ქალაქის მშვენიერ სიმბოლოსაც ქმნიან თავიანთი მედიდური პოზებითა და ყველაზე წარმოუდგენელ ადგილებზე მოკალათებითაც კი.

თურქეთში ჯერ კიდევ 2004 წელს, მთავრობის პოლიტიკის შესაბამისად ცხოველთა დაცვის კანონი იქნა მიღებული კატების დაჭერის, სტერილიზაციის და შემდეგ გათავისუფლების ან ალტერნატიული „შვილად“ აყვანის შესახებ. ამ პოლიტიკის შემდეგ კატების ქუჩაში ცხოვრების პერიოდი უფრო მეტად გახანგრძლივდა, მათი სიცოცხლის შემლახავი საფრთხეებიც შედარებით შემცირდა.

სტამბოლის ძველი უბნების კაფეებში სკამები, სავარძლები ყოველთვის, თავის დროზე ამ კაფეს შეკედლებული კატისთვისაა განკუთვნილი. არავის მოუვა აზრად, რომ გადაჭედილ კაფეშიც კი კატა სკამიდან ჩამოაგდოს და თვითონ დაიკავოს ადგილი. აქ, თითქოს დაუწერელი კანონის მსგავსად მისულმა კლიენტმა იცის, რომ კატაც იქ შექმნილი გარემოს სრულუფლებიანი და საკმაოდ ელეგანტური წევრია.

ასევე აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ქუჩებში სიარულისას თითქმის ყოველ ორას მეტრში კატებისთვის დადგმული წყლისა და საჭმლის სავსე თასებს წააწყდებით.

ამას გარდა, კატებმა თურქულ კულტურაში არა მარტო ცოცხლად, არამედ სიმბოლოების სახითაც ადგილი დაიმკვიდრეს. ტექსტილისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებზე კატების სხვადასხვა გამოსახულებები შეიძლება ითქვას საკმაოდ კარგად გათვლილი მარკეტინგული ხრიკია. მწარმოებლებმა იციან, რომ თურქი მომხმარებელი კატის გამოსახულებიან ნივთს გვერდს გულგრილად ვერ ჩაუვლის.

სტამბოლელმა კატამ ადგილი თურქულ ლიტერატურაშიც დაიმკვიდრა. ცნობილი მწერალი და მოაზროვნე ბილგე ქარასუ კატებისადმი დიდი სიყვარულით იყო ცნობილი. მისი ფილოსოფიური წიაღსვლებით სავსე რომანების სათაურებიც კი ასეთია: „მაწანწალა კატების ბაღი“ ან კიდევ „არც უწიგნოდ არც უკატოდ“. მწერლის კატებისადმი უსასრულო ტრფობა მისივე ნაწერებიდანაც კი ადამიანებისა და კატების ჰარმონიულ და ღრმა ხასიათურ ურთიერთოებებზე გადის.

თავადაც როცა სტამბოლში იმოგზაურებთ, დარწმუნდებით, რომ ის კატების ქალაქია და იქ როგორც არსად კატებს ყველაზე მეტი უფლებები აქვთ.



მსგავსი ინფორმაციები