„კუთხე-კუნჭული“ 25-2022

ნაზარგოზი

1844967
„კუთხე-კუნჭული“ 25-2022

„კუთხე-კუნჭული“ 25-2022

ნაზარგოზი

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

 

„თვალის ცემა“, „ცუდი თვალით შეხედვა“, „გათვალვა“, „ავი თვალი“ - ენაში დამკვიდრებული ეს ფრაზეოლოგიზმები თვალს, როგორც ადამიანის ერთ-ერთ ორგანოს ფუნქციის გარდა სხვა, მეტაფორულ დატვირთვას აძლევს. თუმცა ამ სიმბოლიზებას უარყოფითი ელფერი დაჰკრავს. თვალი - ადამიანის სულის სარკეა, ასეთი გამოთქმაც კი არსებობს და ამიტომაც ხალხში დამკვიდრებული რწმენის მიხედვით, ადამიანის თვალს შემხვედრისთვის სიკეთის ან ბოროტების მომტანის ძალა გააჩნია. მართალია ამან ცრურწმენასთან  უფრო მეტი სიახლოვე ჰპოვა ვიდრე რეალობასთან, თუმცა ადამიანებს დღემდე სჯერათ, რომ თვალს, განსაკუთრებით დილით პირველი შემხვედრის გამოხედვას დიდი ძალა აქვს.

თვალის ცემის უარყოფითი გავლენის შესახებ ჯერ კიდევ უძველეს კულტურებშიც იცოდნენ. ახალდაბადებულ ბავშვებს თვალებზე ნახშირსაც კი უსვამდნენ, რომ ისინი ავი თვალისაგან დაეცვათ.

თურქულად „ნაზარი“ პირდაპირი მნიშვნელობით „შეხედვას, გამოხედვას“ ნიშნავს, თუმცა ის სხვა, გადატანით მნიშვნელობასაც ატარებს. ნაზარი - სხვის ქონებაზე, უსულო საგნებსა თუ სულიერზე ავი თვალის შევლებას აღნიშნავს. როგორც ვხედავთ, უმეტესწილად ამ სიტყვას ნეგატიური მნიშვნელობა აქვს. მათ, ვისაც ხშირად სცემს თვალი, „kem göz“ს უწოდებენ.

რაც შეეხება თურქულ კულტურაში ყველაზე მეტად გავრცელებულ სიმბოლოს, რომელიც ადამიანს ავი თვალისაგან იცავს, ნაზარგოზი ეწოდება. ის მრგვალ ცისფერ მინაში ჩასმული პატარა შავი თვალის გამოსახულებაა. ხელოვნების ისტორიის მკვლევარები და ეთნოგრაფები პირველი ნაზარგოზის არსებობას ჩვ.წ.აღ.-ით 3300 წელს უკავშირებენ. დღევანდელი სირიის საზღვრებთან მდებარე, მესოპოტამიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქის თელ-ბრაქის გათხრების შედეგად ნაზარგოზი აღმოაჩინეს. ის დუღაბისაგან გეომეტრიული ფიგურების სახით იყო წარმოდგენილი. ანუ  აბსოლუტურად განსხვავდებოდა დღევანდელი ცისფერი ნაზარგოზისაგან. ეს უკანასკნელი ხმელთაშუაზღვისპირეთში ჩვ.წ.აღ.-ით 1500 წელს იქნა აღმოჩენილი. ის ამ რეგიონში შუშის, მინის წარმოებასთან იყო კავშირში.

მინის ცისფერი შეფერილობა ეგვიპტეში მოპოვებული ოქსიდის მაღალშემცველობიანი მოჭიქული თიხის შედეგად მიიღება. თიხა, რომელიც სპილენძსა და კობალტს ერევა, გამოწვისას ლურჯ ან ცისფერ ფერს იღებს. ამიტომაც ეგვიპტეშიც ბევრი ასეთი შეფერილობის ნაზარგოზებია აღმოჩენილი. მათ შემდგომში ფინიკილიებთან, ასურელებთან, ძველბერძნებთან, რომაელებთან და მოგვიანებით ოსმალებთანაც ვხვდებით.

თუმცა ყველაზე უცნაური ის არის, რომ ცისფერმა მინამ შუაში პატარა შავი თვალით ოდნავი ცვლილებაც კი არ განიცადა, ეს სახე-სიმბოლო დღემდე იმავე სახით გამოიყენება, როგორსაც ეგვიპტელებთან და ეტრუსკებთან ვხვდებით.

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა ნაზარი უიღბლობასთან, საქმის უკუღმა წარმართვასთან ასოცირდება, მისგან ნაწარმოები სიტყვა ნაზარგოზი, იგივე ნაზარის თვალი, ანუ პირდაპირ რომ ვთარგმნოთ „გამოხედვის თვალი“ ან „თვალის თვალი“ - უკვე დადებით დატვირთვას ატარებს. ანუ ნაზარისაგან დამცავი თვალი-სიმბოლო. ნაზარგოზებს სახლის კარებზე, პარმაღის თავზე კიდებენ ხოლმე და იმავე ფუნქციას ატარებს, რასაც საქართველოში კარებზე დაკიდებული ცხენის ნალი.

თურქულ კულტურაში ნაზარის იგივე ავი თვალის გამოლოცვის უამრავი შელოცვა არსებობს. ამით ის ქართული შელოცვის ტრადიციასთან სიახლოვეს პოულობს. თუმცა განსხვავება ისაა, რომ თურქულ შელოცვებში ყურანიდანაც მოიყვანენ ხოლმე არაბულ ციტატებს, ხოლო ქართულში ქრისტიანულ სიმბოლოებს, უფრო ხშირად კი წმინდა გიორგის ახსენებენ ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური განვითარების ყველაზე უფრო „აყვავებულ“ საუკუნეში ვცხოვრობთ, ცრურწმენებს, სიმბოლოებს ყოველდღიურ ცხოვრებაში დღემდე აქტუალური ადგილი ეთმობა. მეტიც, სახლები, ოფისები, სავაჭრო ცენტრებიც კი ამ სიმბოლოების დავანების ადგილებია ხოლმე. მსგავსი მიდგომა გვაფიქრებინებს, რომ უძველეს ადამიანთან, რომელიც სიმბოლოებით აზროვნებდა, უხილავი ბმა ისე გვაკავშირებს.

დღეს უკვე ინდუსტრიული მოდის მიერ გამოყენებულ სიმბოლოებს შორისაც ნაზარგოზი აქტუალურ ადგილს იჭერს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მხოლოდ მოდის პატარა ნაწილი ან ავი თვალისგან დამცავი ნივთი არ არის, ნაზარგოზი ცივილიზაციების ჩამოყალიბებიდან, ადამიანის ღრმა და დაფარული რწმენის არქეტიპია.

 


საკვანძო სიტყვები: #ნაზარგოზი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები