„კუთხე-კუნჭული“ 24-2022

ჰორონი იგივე ხორუმი

1843148
„კუთხე-კუნჭული“ 24-2022

„კუთხე-კუნჭული“ 24-2022

ჰორონი იგივე ხორუმი

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

ჰორონი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რეგიონისათვის დამახასიათებელი ხალხური ცეკვების საერთო სახელია. სინოპში, სამსუნში, ორდუში, გირესუნში, ტრაპიზონში, რიზეში, ართვინში, გუმუშჰანეში, ბაიბურთის აიდინთეფეში, ერზურუმის ისპირში, ოლურსა და საქარიაშიც კი ჰორონს ცეკვავენ. თითქმის შავიზღვისპირეთის ზოლის გაყოლებით ყველა რეგიონი ჰორონის სიყვარულითაა შეპყრობილი.

ქართულ ენაში ხორუმად გადმოსული სიტყვა ჰორონი ბერძნული ენიდან „ჰოროს“ „ცეკვას“ აღნიშნავს. არსებობს წყარო იმის შესახებ, რომ მე-15-ე საუკუნეში უკვე ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიად ქცეულ შავიზღვისპირეთში მცხოვრები რუმები იგივე ბერძნები ამ ცეკვას ჰორონის სახელწოდებით ასრულებდნენ. თუმცა ეს თავდაპირველად ქალების ცეკვა იყო. ბერძენი ქალები დაემწკრივებოდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ და ხელიხელჩაკიდებულნი ფეხების რიტმული მოძრაობით ასრულებდნენ ამ ცეკვას. ჰორონის თავისებურება მის სწრაფ შესრულებაშია.

თურქეთის შავიზღვისპირეთიდან დაწყებული საქართველოს საზღვრამდე და მისი საზღვრების იქეთაც ჰორონი ერთ-ერთი საკულტო ცეკვაა. ბევრ სხვა კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად ამ ორ მეზობელ ქვეყანას ეს ცეკვაც აერთიანებს. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ საზღვრის იქეთ გადასახლებული ქართველები, 1923 წელს თურქეთ-საბერძნეთს შორის მუბადელეს იგივე „მოსახლეობის გაცვლის“ შემდგომ საბერძნეთიდან ჩამოსული თურქები, ისევ ამ გაცვლის შედეგად საბერძნეთში გადასახლებული ბერძნები ჰორონის ცეკვას დღემდე აგრძელებენ. იმ იშვიათ კულტურულ მემკვიდრეობათაგან, რაც მათ გადასახლების შემდეგ თან გაიყოლეს ჰორონის ცეკვაა. ჰორონი თავისი შინაარსით გამოხატავს კიდეც ამ ერთობას, ერთმანეთის მხარში დგომასა და გვერდში მდგომის გულის ცემის რიტმის შეგრძნებას.

ქორწილებში, ახალგაზრდა მამაკაცების ჯარში გაცილების დროს, იალაღებზე გამართულ სანახაობებსა და ზეიმებში ჰორონი განუყრელი თანმსდევი რიტუალის ნაწილია. ოფ, სურმენე, აიდინთეფე, ქემალფაშა, ორდუს ფერშემბე, ფაცა, ფირაზიზი, ბულანჯაქთას რაიონებში თულუმის - შავიზღვის აღმოსავლეთით კი ბორჩხაში, შავშეთში, არდეშენში, ფინდიქლიში, ფაზარში, ჩამლიჰემშინსა და ხოფაში დოლისა და ზურნის თანხლებით ყველა ასაკის ადამიანი განურჩევლად სქესისა, სწორხაზზე ან ნახევარ რკალად შეკრული, განურჩევლად ლაზისა, ქართველისა, რუმისა, სომეხისა, თურქისა თუ ქურთისა ჰორონის ამ მომაჯადოებელ წრეში ერთვება და ცეკვის სისწრაფესთან ერთად ენერგიაც მატულობს.

ჰორონის დაახლოებით 44 სახეობა არსებობს, რეგიონების მიხედვითაც ურჩევენ მას სახელს. თუმცა ყველაზე გავრცელებული მაინც რიზე, ჰემშინისა და ქიზის ჰორონებია. ის სამი ნაწილისგან შედგება: დუზ, იენლიქ და სერთ. დუზ ჰორონი იგივე სწორი, გაწონასწორებული ჰორონია, ანუ ერთგვარი შესავალი, რითაც ცეკვა იწყება, მოცეკვავეები ხურდებიან, შემდგომ ის იენლიქზე გადადის, ცეკვა რიტმში შედის და სერთ ანუ მკაცრ ნაწილში კი ჰორონი კულმინაციას აღწევს. მოცეკვავეები თითქოს მიწას ფეხს აღარ აკარებენ და ფრენის რიტმს უახლოვდებიან.

ჰორონის მოცეკვავე მამაკაცებს თეთრი პერანგები, შავი ჟილეტები და ე.წ. აზიაცკები, ხოლო ქალებს „შალვარი“ აცვიათ, რაც ფართო და გრძელუბიან შარვალს აღნიშნავს, თავზე კი ჭრელა-ჭრულა თავსაფრები ახურავთ.

ჰორონის წარმოშობას შავიზღვისპირელი ადამიანის მხოლოდ ამ კლიმატისათვის დამახასიათებელი თავისებურებების ცეკვაში გადატანის სურვილს უკავშირებენ. მართალია მსგავსი ფოლკლორული ნიმუშები საუკუნეების მანძილზე ყალიბდება, თუმცა ჰორონზე დაკვირვებისას მართლაც შესაძლებელია საერთო ნიშნების პოვნა. მაგალითად, გვერდიგვერდ მთელი სხეულით აცეკვებული ადამიანები თითქოს ბადეში გაბმულ ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებულ აცახცახებულ ხამსა თევზებს ჰგვანან. ან კიდევ ჰორონის ნელი ტემპის სწრაფში გადასვლა შავი ზღვის მუდამ ტალღიან მოძრაობას მოგვაგონებს. არებობს მოსაზრება, რომ ჰორონის ცეკვა მთვარის ზემოქმედების შედეგად ზღვის მიქცევისა და მოქცევის მოძრაობებსაც იმეორებს. შავიზღვისპირელი ადამიანის ხასიათიც ხომ ასეთია, უცებ აინთება და უცებვე ჩაქრება ხოლმე. ერთი სიტყვით ჰორონი მხოლოდ ცეკვა არ არის, ის ცხოვრების წესია, ხშირად ყოველდღიურობის ნაწილიც კი. შავიზღვის ხშირნალექიანი ცივი კლიმატის გამოც, ჰორონი უებარი საშუალებაა, საკმარისია ორმა ან სამმა ადამიანმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდოს, რიტმს ფეხიც აუწყოს და ბუნებრივი გათბობის საშუალებაც გამოძებნილია. იშვიათად, თუმცა მაინც, არის იმის მაგალითები, რომ სოფელში ვინმეს დაკრძალვის დროსაც ჰორონი ჩამოუვლიათ, მიზეზად სიცივე დაუსახელებიათ. შავიზღვისპირელის ასეთი საქციელი არავის უკვირს, რადგანაც ის მოძრაობისთვის, ხალისისთვის, სილაღისთვის, ზღვასავით უკიდეგანო და მთებივით თავისუფლებისთვისაა ამ ქვეყანას მოვლენილი.


საკვანძო სიტყვები: #ხორუმი , #ჰორონი , #კუთხე კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები