„კუთხე-კუნჭული“ 22-2022

ტბები

1835446
„კუთხე-კუნჭული“ 22-2022

„კუთხე-კუნჭული“ 22-2022

ტბები

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

ტბების წარმოშობას სხვადასხვა კულტურაში ლეგენდებს უკავშირებენ. დაგუბებული წყალი ადამიანის გუნებაში ყოველთვის აღძრავდა რაღაც იდუმალს, ამიტომაც ტბებში მცხოვრებ არსებებს თუ ტბების ირგვლივ შექმნილ მიკროკლიმატს ყოველთვის განსხვავებულ ამბებს უკავშირებდა. ხალხების ფოლკლორი -  ზღაპრები, გადმოცემები, ლექსები თუ სიმღერები ტბების თემებს გვერდს ვერ აუვლიდა. გამონაკლისი არც თურქული ფოკლორია. მის მიხედვით თურქეთში არსებულ ისტორიულ უძველეს ტბებს თავისი, სულ სხვადასხვა ამბავი ახლავს თან. ბოლო დროის მონაცემებით, პლანეტა მარსზე ტბის აღმოჩენამ ამ ბუნებრივი წარმონაქმნის მიმართ საზოგადოების ყურადღება კიდევ უფრო მეტად გაამახვილა.

ადამიანთა ცხოვრებაში ტბებს უმეტესწილად საექსკურსიო, დასასვენებელი და იშვიათად, თუმცა მაინც საცურაო დატვირთვაც აქვს. თუმცა ტბების ფუნქცია უფრო დიდია, იმდენად დიდი რომ დედამიწაზე ტბები რომ არ ყოფილიყო მიწას არსებობა გაუჭირდებოდა, გამოიფიტებოდა და უსარგებლო გახდებოდა. ისევე როგორც ტყეები დედამიწის ფილტვის ფუნქციას ითავსებს, ტბებიც მიწის ერთგვარ სასუქს წარმოადგენს.

თურქეთი ტბების სიმრავლით გამოირჩევა, თუმცა მათ შორის რამდენიმე უძველესია და მისი ასაკი ანატოლიის ნახევარკუნძულის წარმოშობას თუ არა მისი განვითარების თანმხლებია.

თურქეთში ყველაზე დიდი და განთქმული 16 ტბა არსებობს. მართალია მათმა ეტიმოლოგიამ ისტორიის მანძილზე სახე იცვალა, თუმცა მათ სახელწოდებებს დღევანდელი დასახელებებით შემოგთავაზებთ: ვან გოლუ ანუ ვანის ტბა  (გოლ თურქულად ტბას ნიშნავს), თუზი, ბეიშეჰირი, ეღირდირი, იზნიქი, ბურდური, სალდა, მანიასი (ქუშ გოლუ - ჩიტის ტბა), აჯიგოლი (მწარე ტბა), ულუაბათი, ჩილდირი, პალას თუზლა, ებერი, ერჩექი, ჰაზარი, ბაფას ტბები.

საინტერესოა რამდენიმე ისტორიული ტბის წარმოშობისა და განვითარების ისტორია.

ვანის ტბა ბითლისის რეგიონში მდებარეობს და ის ნემრუთის ვულკანური მთის აფეთქების შედეგად წარმოიქმნა. ვანის ტბა იმით გამოირჩევა, რომ თან მტკნარ წყალს შეიცავს და თანაც ზღვის ეკოსისტემისათვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. ამიტომაც რეგიონში ტემპერატურის დაბლა ვარდნის მიუხედავად ვანის ტბა არასოდეს იყინება. ვანის ტბა მთელს მსოფლიოში არსებულ ტბებს შორის სოდის შემცველობით პირველ ადგილზეა.

ჯერ კიდევ გამყინვარების პერიოდში ნემრუთის მთიდან წამოსული ლავის სიგრძე 60 კმ.მდე გადაჭიმულა. ლავის ეს ნაკადი ვანსა და მუშს შორის არსებულ წყლის ნაკადს შეუჩერებია და ვანის ტბაც ასე წარმოქმნილა.

ძველი ბერძენი გეოგრაფები ვანის ტბას თოსფიტის ლაკუსს ან არსისა ლაკუსს ეძახდნენ. ურარტუს სამეფოს დედაქალაქი, ჩვ.წ.აღ.-ით მე-10-ე და მე-8-ე საუკუნეებში სწორედ ამ ტბის ირგვლივ გაშენებულა. ქრისტიანობის პერიოდიდან მოყოლებული უძველესი მონასტრებისა და ეკლესიების ნაშთებიც აქ დღემდეა შემორჩენილი.

თუზ გოლუ იგივე მარილის ტბა შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთის და არა მარტო, მარილის საბადოა. ის შიდა ანატოლიის რეგიონში, ქალაქ კონიასა და აქსარაის შორის მდებარეობს. თუზის ტბა იმითაც გამოირჩევა, რომ ის თურქეთში არსებულ ყველა ძველ ტბასთან შედარებით ყველაზე ღრმა ორმოს სახითაა წარმოჩენილი.

თუზ გოლუ გადამფრენი ჩიტების ერთ-ერთი გაჩერებაცაა.

 

ეღირდირის ტბა ხმელთაშუაზღვის რეგიონში, ქალაქ სპარტას აღმოსავლეთით პატარა ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ეღირდირი არცავას იგივე ხეთების სამეფოს დროსაც არსებულა. სიდიდით ზღვას მოგვაგონებს, რადგანაც მის ჰორიზონტზე მხოლოდ ცის კონტურები სჩანს.

 

აჯიგოლის ანუ მწარე ტბის ისტორია თითქმის კაბადოკიის, ქალაქ ნევშეჰირის წლოვანებისაა. გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთებით დგინდება, რომ აქ ადამიანებს ძვ.წ.აღ-ით 3000 წლის წინათაც უცხოვრიათ.

ჩილდირის ტბა ასევე უძველეს ტბათაგანია. აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე ეს ტბა მესამეულ სისტემას (პერიოდს) ანუ პალეოგენურ ხანას მიეკუთვნება.

 

ცხადი ხდება, რომ ამ ისტორიული ტბების გარშემო უძველეს ხალხებს უცხოვრიათ, ტბებს მათთვის სასიცოცხლო პირობები შეუქმნია. თუმცა დღეს მათი სხვადასხვა მინერალების ზედმეტად გამოყენების გამო მათ ვაშრობთ, სიცოცხლეს ვუმოკლებთ და ამით ჩვენს მიწასაც ზიანს ვაყენებთ.

 



მსგავსი ინფორმაციები