„კუთხე-კუნჭული“ 15 - 2022
"ესქიშეჰირი და ჩებურეკი"
„კუთხე-კუნჭული“ 15 - 2022
ესქიშეჰირი და ჩებურეკი
გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი
ქალაქი ესქიშეჰირი თურქეთში სიდიდით ოცდამეხუთე ქალაქია. მოსახლეობის სიმრავლით კი შიდა ანატოლიაში ერთ-ერთი დიდი რეგიონია, რომელსაც გარშემო დაბები და სოფლები აკრავს. ესქიშეჰირი მთელს ანატოლიაში იმით არის განთქმული, რომ იქ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ახალგაზრდაა. ქალაქის პოპულარობას უნივერსიტეტებიც განაპირობებს. აქაა განთავსებული ანადოლუს, ოსმანგაზისა და ესქიშეჰირის უნივერსიტეტებიც. ესქიშეჰირის წარმოთქმისას ყველას თავში მხოლოდ ეს შეფასება მოსდის - სტუდენტთა ქალაქი.
ესქიშეჰირი მართლაც არის სტუდენტების ქალაქი. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ სტუდენტი გარდა განათლების მიღებისა სოციალურ გარემოშიც იყოს ჩართული, იქნება ეს სხვადასხვა სტუდენტური გაერთიანებები თუ უბრალოდ ათასგვარი გასართობი ადგილები. სწორედ ამის გამო, მთელი თურქეთიდან და არა მარტო თურქეთიდან ახალგაზრდები ამ ქალაქს ირჩევენ განათლების მისაღებად და შემდგომში საცხოვრებლადაც.
დღევანდელი ესქიშეჰირი ძველ და შუა საუკუნეებში ბერძნული სახელწოდებით დორილაიონ და ლათინურად დორილაეუმად იწოდებოდა. არაბულ წყაროებში კი დარაულიად, ადრულიად და დრუსილიად მოიხსენიებოდა. ცივილიზაციების გამტარ გზაზე მდებარე დორილაიონი დღევანდელი ესქიშეჰირი ცხელი წყლის ბუნებრივი სამკურნალო აბანოებით ცნობილი უძველესი ფრიგიის მთავარი ქალაქი იყო. მისი დამაარსებელი და მმართველი კი დორილეოსი გახლდათ. არქეოლოგების მიხედვით, ესქიშეჰირის ჩრდილო-აღმოსავლეთით ფორსუქ-ჩაის დღევანდელი სახელწოდებით შარჰოიუქის მიმართულებით სწორედ დორილეოსის მიერ დაარსებული ამ ქალაქის პირველი ნაშთებია შემორჩენილი.
დორილაიონმა - ესქიშეჰირმა განსაკუთრებული მნიშვნელობა ბიზანტიის იმპერიის პერიოდში შეიძინა, როცა იმპერატორმა იუსტინიანემ იქ საზაფხულო რეზიდენცია გააშენა.
მე-12-ე საუკუნეში ქალაქ დორილაიონმა სელჩუკების შემოტევას გაუძლო, თუმცა 1176 წელს სელჩუქთა სულთანმა ქილიჩასლან მეორემ თავისი ჯარით იმპერატორი მანუელ კომნენოსი დაამარცხა და ქალაქიც სელჩუკების ხელში გადავიდა. თითქმის ნანგრევებად ქცეული ქალაქის გვერდით ახალი ქალაქი დააარსეს და სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული მას ესქიშეჰირი უწოდეს.
ესქიშეჰირი ანატოლიელ სელჩუკებისა და ჯვაროსნების შეტაკებების ცენტრიც კი გამხდარა. ამდენი ნგრევის შედეგად დღეს თითქმის არაფერია შემორჩენილი სელჩუკთა კულტურიდან.
ოსმალების პერიოდში ესქიშეჰირი იმპერიის სამმართველო სისტემის ერთ-ერთ ცენტრად მიიჩნეოდა. თუმცა ოსმალეთის იმპერიის სტაგნაციისა და რეგრესიის პერიოდში ესქიშეჰირის მნიშვნელობა შემცირდა და ამიტომაც თურქეთის რესპუბლიკის დააარსებამდე ქალაქი თითქმის ვეღარ განვითარდა. თუმცა 1877-1878 წლებში ოსმალეთ-რუსების ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერიაში დიდი რაოდენობით ემიგრანტი ჩავიდა. კავკასიიდან და რუსეთიდან იქ ჩასახლებულმა ემიგრანტებმა ესქიშეჰირის მოსახლეობის ყოფაცხოვრებაში ბევრი ცვლილება და სიახლე შეიტანეს. გასტრონომიით დაწყებული ფოლკლორით დამთავრებული მათ იმდენად დიდი გავლენა მოახდინეს ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომ დღეს ესქიშეჰირის რეგიონის მიმდებარე დაბა-სოფლებში სალაპარაკო თურქულში ბევრი სიტყვა სწორედ მათგან - მუჰაჯირებისგან (ემიგრანტები) შევიდა. დიდია მათი როლი ასევე ადგილობრივ სამზარეულოშიც. ყველაზე ცხადი მაგალითი მაინც ჩებურეკია, რომელიც სავარაუდოდ იქ თათრების შემოტანილია და მისი მომზადების წესით ძალიან ჰგავს თათრულ, სლავურ თუ კავკასიურ სტილს.
ჩებურეკი - თურქულენოვან ხალხებში წარმოითქმის როგორც çiğ börek - ჩიღ ბორექ ანუ უმი ღვეზელი. საინტერესოა ზეთში კარგად შემწვარ ღვეზელს უმი რატომ უწოდეს, თუმცა უნდა ითქვას რომ ესქიშეჰირი ჩებურეკის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენში, საქართველოში, ჩიბორექს ჩებურეკად იცნობენ და მისი ვიზუალური თუ გემოვნებიანი მხარე ზუსტად ისეთივეა როგორიც ესქიშეჰირისეულის. ვისაც 90-იანი წლების ბავშვობა გამოუვლია, კარგად ეცოდინება რომ საქართველოში სკოლის ბუფეტებში ჩებურეკი ქართული ცომეულის ნიშა იყო. მაგრამ სასიამოვნო აღმოჩენაა ისიც, რომ ძალიან ბევრი კილომეტრის დაშორებით ჩებურეკის დაგემოვნება შეიძლება ისევ ისეთივე გემოთი, რომელიც ბავშვობაში გაბრუნებს.
შეიძლება ემიგრანტებმა სხვა იძულებითი გადაადგილების დროს სხვა ქვეყნის კულტურა ძირეულად ვერ შეცვალონ, თუმცა მათ შეუძლიათ ისეთი ნოტები შეიტანონ მათ მასპინძელ კულტურაში, რომ საუკუნეების შემდეგაც კი მათი სახელი მოიხსენიონ. რატომაც არა, ჩებურეკს ხომ დღემდე ემიგრანტების სახსოვარს უწოდებენ.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთმა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრირებული პროდუქციის რაოდენობა 28-მდე გაიზარდა
თურქეთმა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრირებული პროდუქციის რაოდენობა 28-მდე გაიზარდა
„2024 წლის საპრეზიდენტო კულტურისა და ხელოვნების დიდი ჯილდოების“ მფლობელები დასახელდა
„2024 წლის საპრეზიდენტო კულტურისა და ხელოვნების დიდი ჯილდოების“ მფლობელები დასახელდა